განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა------- ა-–----------ს ძე კ--------ე,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ----------- დასახლება, კორპ. #--- ბინა #5--–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი - დ----- ჭ------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 18 მარტს, დილის საათებში, თ---–--–-, ს--------- ქუჩა #1--–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა------- კ--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ--- ს---–-----–ვილს, კერძოდ ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ა------- კ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ--- ს---–-----–ვილის, მოწმეების - ლ-------------–--ის, ლ---–- ს---–-----–ვილის, ი-----–- ჩ------ას გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა------- კ--------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს, ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2019 წლის 18 მარტს ა------- კ--------ემ მეუღლეს, -მ--- ს---–-----–ვილს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ა------- კ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა------- კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. ა------- კ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მასშტაბი, რამაც დაზარალებული თავდაცვის რეჟიმში ჩააყენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2.გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი - ყელში ხელების წაჭერა, ა.კ--------ისგან მომავალი საფრთხის საშიშროების გათვალისწინებით მსხვერპლი იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი - დანა გამოეყენებინა და დაეჭრა მოძალადე. ამონარიდი დაზარალებულ მ--- ს---–-----–ვილის გამოკითხვის ოქმიდან ,,ა------- კ--------ე მომვარდა, ჯერ ყელზე მომადო იქვე სამზარეულოში დადებული დიდი ზომის სამზარეულოს დანა, რომელიც მომიშვირა ყელისკენ, ამის შემდეგ ა-------მ დანა მიაგდო იქვე სამზარეულოში და ყელში წამიჭირა ხელი, ამ დროს მე ვიგრძენი თავი შეუძლოდ, განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, იმიტომ რომ ვიგუდებოდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, მოულოდნელად ა------- როდესაც ყელში მიჭერდა ხელს და მახრჩობდა დავინახე სამზარეულოში დადებული თეთრი ფერის სხვა სამზარეულოს დანა, რომელსაც მოვკიდე ხელი და დავიწყე ა-------ს მიმართულებით მოქნევა, რა დროსაც შემთხვევით მას დანა მოხვდა მარცხენა ფეხში..., იმიტომ ავიღე ხელში დანა რომ ვიყავი იძულებული, მინდოდა შემეშინებინა იგი, რომ ჩემთვის დაენებებინა თავი’’.
5.3. რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას – დანაშაულის აღიარებას და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საფუძველი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს. ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, მაშინ როცა არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, აღნიშნული ფაქტორი ვერ გახდება ა------- კ--------ის არასაპატიმრო სასჯელით გათავისუფლების საფუძველი. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, აუცილებელია ა.კ--------ის გარკვეული პერიოდით იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს ოჯახში ძალადობა, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად,- მ--- ს---–-----–ვილის პაციენტის სამედიცინო ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- დანები დაუბრუნდეს დაზარალებულს (პროკურორის შუამდგომლობით), ვინაიდან არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის იარაღს.
-ა------- კ--------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.
-ა------- კ--------ის ნერწყვის ნიმუში -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით ა------- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 მარტიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
- მ--- ს---–-----–ვილის პაციენტის სამედიცინო ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- დანები დაუბრუნდეს დაზარალებულს (პროკურორის შუამდგომლობით), ვინაიდან არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის იარაღს.
-ა------- კ--------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.
-ა------- კ--------ის ნერწყვის ნიმუში -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა