განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
150100119003046339
დავის ტიპი
120
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003046339

№1/40-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე

ბრალდებული გ----- ლ---–---იანი (პ/ნ 3----------, დაბადებული 1--- წლის 2- ო----------ს; რუსეთის ფედერაციის მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქ. ს-----, კ-–--------- ქ. №-- და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი გ----);

ადვოკატი: ზაზა ზარიძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გ----ში, გ----- ლ---–---იანმა მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ს------–- ჰ----------ანს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, კერძოდ, გ----- ლ---–---იანმა ხელი დაარტყა სახის არეში ს------–- ჰ----------ანს, რის შედეგადაც იგი ჩავარდა სარწყავ არხში და მიიღო დაზიანებები ცხვირსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გ----ში, გ----- ლ---–---იანსა და ს------–- ჰ----------ანს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავის გამო წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება.

მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება და აღიარებითი ჩვენება, მოწმეთა ჩვენებები.

2.1.2. აღნიშნული ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გ----- ლ---–---იანმა ხელი დაარტყა სახის არეში ს------–- ჰ----------ანს, რის შედეგადაც იგი ჩავარდა სარწყავ არხში.

მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება და აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულის ს------–- ჰ----------ანის ჩვენება (ს.ფ. 5-7), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №3--------- ს------–- ჰ----------ანის მიმართ, (ს.ფ. 74-76), გ----- ლ---–---იანთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

2.1.3. აღნიშნული ცემის შედეგად ს------–- ჰ----------ანმა მიიღო დაზიანებები ცხვირსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება და აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულის ს------–- ჰ----------ანის ჩვენება (ს.ფ. 5-7), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №3--------- ს------–- ჰ----------ანის მიმართ, (ს.ფ. 74-76).

2.1.4. აღნიშნული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა, კონფლიქტი სამი წელია მიმდინარეობს და დღემდე არ არის მოგვარებული და გ----- ლ---–---იანსა და ს------–- ჰ----------ანს შორის ჯერ კიდევ არსებობს დაძაბული ურთიერთობა.

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტება, დაზარალებულის ჩვენება (ს.ფ. 5-7).

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ----- ლ---–---იანმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულის ს------–- ჰ----------ანის ჩვენება, მოწმეების გ------- ლ---–---იანის, ა----- ს---------ნის, ჟ------- ს---------ნის და ა-------- ხ--------ანის ჩვენებები, თვით ბრალდებულ გ----- ლ---–---იანის ჩვენება, გ----- ლ---–---იანთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №3--------- ს------–- ჰ----------ანის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ----- ლ---–---იანის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----- ლ---–---იანის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გ----ში, გ----- ლ---–---იანმა მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ს------–- ჰ----------ანს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ გ----- ლ---–---იანის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რაც ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.3. ბრალდებულს ჰყავს ოჯახი, სამი არასრულწლოვანი შვილი;

4.4. ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა;

4.5. ბრალდებული დაზარალებულთან არ არის შერიგებული, მასსა და ს------–- ჰ----------ანს შორის ჯერ კიდევ არსებობს დაძაბული ურთიერთობა.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად;

5.4. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. დადგენილი 4.1., 4.2. და 4.4. გარემოებების გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უცხოელის პირობითი სასჯელი მიზანშეუწონელია, ვინაიდან იწვევს აღსრულების გარკვეული საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში უფრო მიზანშეწონილია, რომ სასამართლო შემოიფარგლოს ჯარიმით.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად, ამიტომ გასათვალისწინებელია 4.3. გარემოება.

აქედან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ძალადობრივი ხასიათს, ასევე რომ დაზარალებულთან შერიგებული არ არის, (იხ 4.5.) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს - ჯარიმა 3000 ლარი.

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ჯარიმის ოდენობის თაობაზე.

სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს. ამასთან არ ატარებს კაბალური ხასიათს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ----- ლ---–---იანი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

2. გ----- ლ---–---იანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს.

3. საქმეში არსებული ნივთმტკიცებები (ს------–- ჰ----------ნისაგან ამოღებული ტანსაცმელი პაკეტის ნომერი 32/6, რომელიც ინახება შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს განძის განყოფილებაში) დაუბრუნდეს ს------–- ჰ----------ნს დადგენილი წესით.

4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან