გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210018002622464
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26236-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ოს ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ა

წარმომადგენელი - მ--------------

 

მოპასუხე - შპს "G-------- ჯ-----------ი"

წარმომადგენელი - მ---------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს "G-------- ჯ-----------ის" მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს, 2018 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს სახით 3685.50 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ს----------–----–---------------------------ოს სახელმწიფო ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ასა და შპს „G-------- ჯ-----------ი“-ს შორის 2018 წლის 17 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------ ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის No1------ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 15 მაისის #1------ წერილის საფუძველზე 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მოეწოდებინა 15 600 ლარის ღირებულების ფქვილი, რომლის მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით. ვინაიდან ბოლო მოწოდება განხორციელდა 15 დღის დაგვიანებით, საურავმა ჯამში შეადგინა 3685.50 ლარი (დღეში 245.70 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს "G-------- ჯ-----------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ » 1------ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 15 მაისის წერილის საფუძველზე 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით ნამდვილად უნდა მიეწოდებინა 15 600 ლარის ღირებულების ფქვილი რომლის მოწოდება განხორციელდა 15 დღის დაგვიანებით. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას არ ეთანხმება, იმ გარემოების გამო, რომ იგი არის ზედმეტად დიდი და არ შეესაბამება ანალოგიურ საქმეებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. ამასთან, მოპასუხე შეძლებისდაგვარად კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. სარჩელში მითითებული ვადის გადაცილებები ფაქტობრივად მოხდა მოპასუხის ბრალეულობის გარეშე. ვადაგაცილების შესახებ ინფორმირებული იყო მხარე და მოპასუხეს თავისი ქმედებით არანაირი ზიანი მოსარჩელისათვის არ მიუყენებია.

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოპასუხე თანახმაა პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ # 1------ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 15 მაისის No1------ წერილის საფუძველზე გადაიხადოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15 % ის ნაცვლად შემცირებული პირგასამტეხლო 0,05 % მდე, არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (163800 ლარიდან) არამედ შესასრულებელი ვალდებულებიდან 15600 ლარიდან, რაც შეადგენს თითოეულ დღეზე 7,80 ლარს 15 დღეზე სულ 117 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 17 იანვარს, ს----------–----–---------------------------ოს სახელმწიფო ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ას და შპს "G-------- ჯ-----------ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს "G-------- ჯ-----------ის“ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 163 800 ლარის ღირებულების ხორბლის ფქვილი.

ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

ხელშეკრულების 9.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #1------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);

- ფასების ცხრილი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა პერიოდულად მოთხოვნილი ოდენობის ფქვილის მიწოდება და თითოეული მოთხოვნისას განისაზღვრებოდა მისი ოდენობა და მიწოდების ვადა. არსებულ შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისის N1------ წერილის საფუძველზე მოპასუხე მხარეს უნდა მიეწოდებინა 2018 წლის 21 მაისამდე 15 600 ლარის ღირებულების ფქვილი ორ ეტაპად, 2018 წლის 30 მაისს 7800 ლარის ღირებულების ფქვილი, ხოლო 2018 წლის 05 ივნისს ასევე 7800 ლარის ღირებულების ფქვილი. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადა და მეორე ეტაპის პროდუქციის მიწოდება დაგვიანდა 15 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15/05/2018 წლის წერილი (ს.ფ. 18-23);

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 24-25);

- 21/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);

- რეესტრი #118 (ს.ფ.ნ28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 17 იანვრის N1------ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის 15 დღის გადაცილებისთვის, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, ჯამში 3685.50 ლარის ოდენობით (დღეში 245.70 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15/05/2018 წლის წერილი (ს.ფ. 18-23);

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 24-25);

- 21/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);

- რეესტრი #118 (ს.ფ.ნ28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო გარემოებები დადგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შპს "G-------- ჯ-----------იმ“ მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სახელმწიფო ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ას მიაწოდა 15 600 ლარის ღირებულების ფქვილი. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად, 2018 წლის 30 მაისს 7800 ლარის ღირებულების ფქვილი, ხოლო 2018 წლის 05 ივნისს ასევე 7800 ლარის ღირებულების ფქვილი. ვინაიდან, მოპასუხემ საქონლის ბოლო მიწოდება განახორციელა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის 15 დღიანი გადაცილებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%, 15 გადაცილებულ დღეზე, 3685.50 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, მოსარჩელეს პროდუქცია მიაწოდა 15 დღის დაგვიანებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3685.50 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გაანგარიშდეს, არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ოდენობიდან, არამედ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე, რომლის მიწოდებაც მოპასუხე მხარემ დაგვიანებით განახორციელა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს, მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ღირებულების 15600 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რომელიც 15 დღეზე შეადგენს 351 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 10.53 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს "G-------- ჯ-----------ი"-ს მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 351 ლარის გადახდა.

 

3. ს----------–----–---------------------------ოს ს------–---------–-------–-ბა ს----------–----------------------–-–-ის სასარჩელო მოთხოვნა 3334.30 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე შპს "G-------- ჯ-----------ი"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 10.53 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე