გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
010210016001390047
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210016001390047

N2-1759/1

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - მუ----ნ დი------ე, ნი----------ე

წარმომადგენელი - რა----------------ე

მოპასუხე - თა---- გა----ე, კა--------–-–---–ი, ხა------------------ი

წარმომადგენელი - პა---------–----ე

დავის საგანი - აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება 03/04/18წ):

1.1. მოპასუხეებს თა---- გა----ეს, კა--------–-–---–ს და ხა------------------ს მოსარჩელეების მუ----ნ დი------ის და ნი----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 25000 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 10 დეკემბერს, ნი----------ესა და და-------------ძეს შორის გაფორმდა „სესხის, ბინით სარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე და-------------ძემ ნი----------ისაგან აიღო სესხის სახით 50 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა და-------------ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ბათუმი, დ----–----–---–--------------------------------------------- მოსარჩელეები საცხოვრებლად გადავიდნენ აღნიშნულ ბინაში. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იპოთეკარმა ვერ დაუბრუნა სესხი მოსარჩელეებს, ამიტომ, ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ბინას იყიდდა ხა---------–-, რომელიც უზრუნველყოფდა სესხის ნახევრის 25000 აშშ დოლარის გადაფარვას, ხოლო სესხის დანარჩენი ნაწილის სანაცვლოდ მოსარჩელეები გააგრძელებდნენ ცხოვრებას ბინაში. მოსარჩელეები დათანხმდნენ აღნიშნულ წინადადებას და გაანთავისუფლეს ვალდებულებისაგან უძრავი ქონება. 2014 წლის 7 აპრილს, და-------------ძემ ბინა მიყიდა ხა---------–-ს. 2014 წლის 30 ოქტომბერს ხა---------–-მ ბინა მიყიდა ხა------------------ს. მოპასუხეებმა დაარწმუნეს მოსარჩელეები, რომ ნასყიდობას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და როგორც კი ბინა გაიყიდებოდა რეალურ მყიდველზე, და-------------ძის დარჩენილ ვალდებულებას დაფარავდნენ. 2015 წლის 27 მარტს უძრავი ქონება გაიყიდა 90000 აშშ დოლარად, თუმცა, აღნიშნული მოპასუხეებმა შეგნებულად დამალეს, რათა არ გადაეხადათ მოსარჩელეებისათვის კუთვნილი თანხა. ამავე დროს, მოპასუხეების თა---- გა----ის და კა--------–-–---–ის რწმუნებით აღჭურვილმა პირმა მარწმუნებლების სახელით მუ----ნ დი------ეს უღიარა 15000 აშშ დოლარი და აიღო ვალდებულება დაეფარა მითითებული თანხა 2015 წლის 14 აპრილამდე. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედიოდა და მოქმედებდა მას შემდეგ, რაც ქ. ბათუმში, კ-–----–---–--------------------- - დან ნებაყოფლობით გაიტანდნენ მუ----ნ დი------ის და და-------------ძის კუთვნილ ავეჯს, შედგებოდა ხელწერილი ნივთების ჩაბარებაზე და რაიმე სახის პრეტენზიის არქონაზე. მოპასუხეებს დროულად ჩაბარდათ ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, თუმცა, ვალდებულება არ შეასრულეს.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლის თანახმად, მართალია მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ მუ----ნ დი------ისათვის 15000 აშშ დოლარი, თუმცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ საცხოვრებელი ფართიდან ავეჯს გამოიტანდნენ ნებაყოფლობით და მოაწერდნენ ხელწერილს ხელს ნივთების ჩაბარებისა და პრეტენზიის არქონის თაობაზე. აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ ავეჯის გამოტანა და ბინის გამოთავისუფლება მოხდა საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, რაც შეეხება, ხა------------------ს მას არანაირი ვალდებულება მოსარჩლეებთან არ აკავშირებს. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2012 წლის 10 დეკემბერს, ნი----------ესა და და-------------ძეს შორის გაფორმდა სესხის, ბინით სარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ნი----------ემ და-------------ძეს სესხად გადასცა 50000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა და-------------ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი დ----–----–---–--------------------.

2014 წლის 7 აპრილს, და-------------ძესა და ხა---------–-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად და-------------ძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი დ----–----–---–--------------------, მიყიდა ხა---------–-ს.

2014 წლის 30 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხა---------–-მ აღნიშნული უძრავი ქონება მიყიდა ხა------------------ს, ხოლო 2015 წლის 27 მარტის უძრავი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხა------------------მა უძრავი ქონება მიყიდა ზურაბ დავითურს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის, ბინით სარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 129)

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 07/04/2014წ (ს.ფ. 130-131)

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 30/10/2014წ (ს.ფ. 130-131)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, მხარეთა შეჯიბრობითობა და პროცესის დისპოზიციურობა. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თავისი პოზიცია ააგოს იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. მხარე უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს რა გარემოება დაუდოს საფუძვლად თავის სარჩელს თუ შესაგებელს. აღნიშნული უფლებით მხარეები სარგებლობენ თანაბრად. სასამართლო ვერ შეზღუდავს ან ვერ გააფართოებს ერთი მხარის პროცესუალურ უფლებას, მეორე მხარის უფლებრივი ბალანსის შენარჩუნების გარეშე.

სასამართლოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.2. მოსარჩელეები უთითებენ, რომ მოპასუხეებმა იკისრეს ზეპირი ვალდებულება, რომ გაისტუმრებდნენ და-------------ძის ვალს ნი----------ის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი დ----–----–---–-------------------- გაიყიდებოდა. მოპასუხეები უარყოფენ აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებენ, რომ ვალის აღიარების ხელწერილით მუ----ნ დი------ის წინაშე 15000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრეს მხოლოდ თა---- გა----ემ და კა------------–-–---–მა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუ----ნ დი------ე და და-------------ძე საკუთარ ნივთებს ნებაყოფლობით გამოიტანდნენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან და გააფორმებდნენ ხელწერილს ნივთების ჩაბარების და რაიმე სახის პრეტენზიის არქონის თაობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელწერილის გარდა საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეების თა---- გა----ის და კა------------–-–---–-ს მხრიდან ვალის აღიარებას 25000 აშშ დოლარის ოდენობით. ხა------------------ი საერთოდ არ წარმოადგენს მითითებული ხელწერილის მხარეს, ხოლო მისი მხრიდან ვალის არსებობის აღიარების თაობაზე რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხა------------------მა მოსარჩელეებთან დადო ვალის აღიარების ხელშეკრულება.

სასამართლო განმარტავს, რომ თავისი შინაარსით წარმოდგენილი დოკუმენტი შესაძლებელია ჩაითვალოს ვალის აღიარების ხელშეკრულებად. მასში მითითებულია ხელშეკრულების მხარეები მუ----ნ დი------ე - კრედიტორი, თა---- გა----ე და კა------------–-–---–- - მოვალეები, დოკუმენტი შეიცავს ორმხრივ ვალდებულებას, 2015 წლის 14 აპრილამდე 15000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, თუ კრედიტორი ქ---------–-----–----–---–---------------------დან ავეჯს გაიტანს ნებაყოფლობით და შედგება ხელწერილი ნივთების ჩაბარების და რაიმე სახის პრეტენზიის არ ქონის თაობაზე.

ამდენად, სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელე მუ----ნ დი------ის და მოპასუხეების კა------------–-–---–-ს და თა---- გა----ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ხელწერილით დადგენილ ფარგლებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი 01/04/2015წ. (ს.ფ.136)

3.2.3. მოსარჩელე მუ----ნ დი------ე უთითებს, რომ მან ნებაყოფლობით გამოიტანა ავეჯი საცხოვრებელი ბინიდან და ამით შეასრულა ხელწერილით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნული დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2015 წლის 6 სექტემბრის ბრძანება, რომლის თანახმად, ქ---------–-----–----–---–-------------------- ის ჩაბარება მოხდა 2015 წლის 16 თებერვალს. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ხელწერილის გაფორმების მომენტისათვის, საცხოვრებელ ბინაში ინახებოდა მუ----ნ დი------ის და და-------------ძის კუთვნილი ავეჯი. სასამართლო იზიარებს დაზუსტებულ შესაგებელში მითითებულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში ხელწერილის ამ შინაარსით შედგენა და მასში კონკრეტული ვალდებულების დათქმა აზრს დაკარგავდა. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ 2015 წლის 14 აპრილამდე ვალდებულების (პირობის) შესრულების შესახებ, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მუ----ნ დი------ის მიერ ხელწერილში მითითებული ვალდებულება არ შესრულდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი 01/04/2015წ. (ს.ფ.136)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბრძანება 06/09/15წ. (ს.ფ. 21)

-და-------------ძის ხელწერილი (ს.ფ. 41)

-მინდობილობა 01/04/2015წ. (ს.ფ.22-23)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

მოსარჩელეები მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად უთითებენ მოპასუხეების სიტყვიერ აღიარებას მესამე პირის მაცვლად ვალდებულების შესრულების შესახებ. მათი პოზიციით მოპასუხეებმა აღიარეს და იკისრეს ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ, და-------------ძის სასესხო ვალდებულების 25000 აშშ დოლარის გასტუმრებაზე ანუ მათი პოზიციით მხარეთა შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. 59-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

მითითებული ნორმების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. საცილოობისას ასეთი ტიპის გარიგების არსებობა შეიძლება მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებით დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 2015 წლის 1 აპრილს ერთის მხრივ მუ----ნ დი------ესა და მეორეს მხრივ თა---- გა----ესა და კა------------–-–---–ს შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელწერილი, რომელშიც ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია საპირისპირო შესრულებაზე. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიცია მოპასუხეებზე ვალის არსებობის ზეპირი აღიარების საფუძველზე ვალდებულების დაკისრების მოთხოვნით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება წარმოშობს დამოუკიდებელ ვალდებულებას. „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).

ვალის აღიარება თავისი შინაარსით დამოუკიდებელია მხარეთა შორის მანამდე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან და წარმოადგენს მოვალის დამოუკიდებელ შეპირებას კრედიტორის მიმართ, მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის უფლების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვალის აღიარების ამ ფორმით, კრედიტორი იძენს ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, ეს მოთხოვნა ანაცვლებს თავდაპირველ ვალდებულებას. ვალის აღიარების ამ ფორმის შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს აღარ წარმოადგენს რის საფუძველზე დაიდო ვალის აღიარება. მთავარია, აღიარება დადებული იყო მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე.

ამდენად, სასამართლო კვლევის საგანს მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა მხარეთა შორის 2015 წლის 1 აპრილამდე ანუ ხელწერილის გაფორმებამდე, ვინაიდან, თავისი არსით, აღნიშნული დოკუმენტით დადგინდა მხარეთა შორის მანამდე არსებულ ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი ახალი ვალდებულება. სასამართლოს კვლევის საგანია მხარეთა ნების ნამდვილობა მოცემული გარიგების გაფორმებისას და შესრულდა თუ არა მორიგების პირობებით განსაზღვრული ვალდებულება.

6.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აპრილს ერთის მხრივ მუ----ნ დი------ესა და მეორეს მხრივ თა---- გა----ესა და კა------------–-–---–ს შორის გაფორმდა და ნოტარიალურად დამოწმდა ხელწერილი, ვალის აღიარების თაობაზე. ხელწერილს ხელს აწერს თა---- გა----ისა და კა--------–-–---–ის წარმომადგენელი პა---------–----ე, რომელსაც ხელწერილის გაფორმების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2015 წლის 1 აპრილს ნოტარიალურად გაფორმებული მინდობილობით. დადგენილია, რომ დოკუმენტი შეიცავს ორმხრივ ვალდებულებას, 2015 წლის 14 აპრილამდე 15000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი ქ---------–-----–----–---–---------------------დან ავეჯს გაიტანს ნებაყოფლობით და შედგება ხელწერილი ნივთების ჩაბარების და რაიმე სახის პრეტენზიის არ ქონის თაობაზე. დადგენილია, რომ მუ----ნ დი------ემ ვალდებულება არ შეასრულა, რაც მას სამართლებრივად უსპობს საპირისპირო შესრულების მოთხოვნის უფლებას.

რაც შეეხება ნ---------------ს მოთხოვნას, სასამართლო უთითებს, რომ ნი----------მიძე არ წარმოადგენს მითითებული ხელწერილის მხარეს. ამდენად, მას არ აქვს ხელწერილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოსარჩელე მუ----ნ დი------ეს არ შეუსრულებია ხელწერილით დადგენილი პირობა, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 116.24 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მუ----ნ დი------ის და ნი------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე