გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
140310019002946139
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002946139

საქმე № 3/88-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ს------- ხ-----------ე

წარმომადგენელი: ირაკლი ხაჩიძე

 

მოპასუხე: სსიპ ,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი”

წარმომადგენელი: დ----- კ--------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2019 წლის 19 მარტის № MIA 8 19 00324785 აქტის ბათილად ცნობა

 

1.2. დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და უმაღლესი განთლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის გაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, ს------- ხ-----------ემ (პირ. № 5----------) 2007 წელს წარმატებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი სტომატოლოგის სპეციალობით. 2017 წლის 26 ოქტომბერს მიმართა რა უნივერსიტეტს დიპლომის გაცემის მოთხოვნით, თუმცა ეცნობა, რომ 2007 წლის საარქივო ჩანაწერის მიხედვით გარიცხული იქნა უნივერსიტეტიდან და დიპლომის გაცემა იყო შეუძლებელი; სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მითითებული ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკველის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; მიუხედავად ამისა, მას კვლავ უარი ეთქვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ შესაგებლებით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ, მართალია, ს------- ხ-----------ე 2002-2003 სასწავლო წლებში ჩაირიცხა გორის უნივერსიტეტში, მაგრამ 2007 წლის ბრძნებების წიგნში ს------- ხ-----------ის მიერ უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, არ იძებნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სხდომის ოქმები, არ არის მითითებული 2007 წლის სტომატოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სიაში. მას ჩათვლა-გამოცდების უწყისების საარქივო ამონაწერის მიხედვით, ორ სასწავლო კურსში (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) არ აქვს შეფასება მიღებული; სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა კომისია, თუმცა ს------- ხ-----------ის უნივერსიტეტიდან გარიცხვის კონკრეტული საფუძველი ვერ დადგინდა, თუმცა დადგინდა, რომ მას არ გაუვლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის სრული კურსი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ს------- ხ-----------ე 2002 წლის 5 აგვისტოი ბრძანებით ჩაირიცხა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასაბიუჯეტო სწავლების პირველ კურსზე სტომატოლოგიის სპეციალობაზე.

 

მტკიცებულება: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2002 წლის 5 აგვისტოს № 5-254 ბრძანება.

 

3.2.2. ს------- ხ-----------ემ ისწავლა 5 წელი და გაიარა სტომატოლოგიურ სპეციალობაზე სწავლების სრული კურსი.

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2017 წლის 19 ოქტომბრის № 27/161995 მიმართვაზე თანდართული საარქივო ამონაწერი.

 

3.2.3. ს------- ხ-----------ის ჩათვლა-გამოცდების უწყისების საარქივო ამონაწერებში ორ სასწავლო კურსში (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) მეოთხე და მეხუთე კურსზე შეფასება არ ფიქსირდება;

 

მტკიცებულება: ჩათვლა-გამოცდების უწყისების საარქივო ამონაწერები.

 

3.2.4. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2007 წლის 22 ივნისს გაიცა ცნობა მასზედ, რომ ს------- ხ-----------ე სწავლობს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო განყოფილების დასწრებული სტომატოლოგიური სპეციალობის მეხუთე კურსზე;

 

მტკიცებულება: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 22 ივნისის № 85 ცნობა.

 

3.2.5. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს გაიცა ცნობა მასზედ, რომ ს------- ხ-----------ემ 2007 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სრული კურსი და დიპლომი გაიცემა არსებული წესით დადგენილ ვადაში;

 

მტკიცებულება: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 11 ივლისის № 98 ცნობა.

 

3.2.6. 2007 წლის კურსდამთავრებულთათვის აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციების მინიჭების შესახებ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 25 ივლისის ბრძანებაში ექიმ-სტომატოლოგთა სიაში ს------- ხ-----------ე არ ფიქსირდება;

 

მტკიცებულება: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 25 ივლისის № 5-85 ბრძანება.

 

3.2.7. სსიპ ,,გორის უნივერსიტეტის" 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით ს------- ხ-----------ე გარიცხულ იქნა უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობის ან ფინანსური დავალიანების გამო;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,გორის უნივერსიტეტის" 2007 წლის 28 დეკემბრის № 2-29 ბრძანება.

 

3.2.8. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის უნივერსიტეტის 2007 წლის 28 დეკემბრის № 2-29 ბრძანება ს------- ხ-----------ის გარიცხვის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა გარიცხვის კონკრეტული საფუძვლის, მის მიერ უნივერსიტეტის სრული კურსის გავლისა და დამთავრების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, ამის შემდეგ მისთვის დიპლომის გაცემა-არგაცემის საკითხის გადაწყვეტა.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 140310017002208898, საქმე № 3/347-17).

 

3.2.9. მოპასუხის 2019 წლის 19 მარტის აქტით ს------- ხ-----------ეს უარი ეთქვა დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის” 2019 წლის 19 მარტის № MIA 8 19 00324785 მიმართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ს------- ხ-----------ემ ისწავლა 5 წელი და გაიარა სტომატოლოგიურ სპეციალობაზე სწავლების სრული კურსი, რაც ქმნის იმის დასკვნის საფუძველს, რომ მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოs № 176-ე დადგენილება, ,,საჯარო ,,სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის წესდების” პრეამბულა, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის პრეამბულა, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება", ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის № 393 ბრძანებულება, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის № 458 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 192 დადგენილება, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია და სადავო არაა, რომ ს------- ხ-----------ე 2002-2007 სასწავლო წლებში სწავლობდა სსიპ ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში”.

 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოs № 176 დადგენილებით განხორციელდa საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდa საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის უნივერსიტეტი.

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის წესდების” (დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის № 828 ბრძანებით) პრეამბულის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას;

 

,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის № 393 ბრძანებულებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტო № 176-ე დადგენილებით, მოხდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია-გაერთიანება და ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის უნივერსიტეტი.

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს № 247 დადგენილებით შემდგომში ეწოდა გორის სასწავლო უნივერსიტეტი) წესდების” (დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის № 828 ბრძანებით) პრეამბულის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის უნივერსიტეტი (შემდგომში გორის სასწავლო უნივერსიტეტი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას;

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის № 458 დადგენილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სასწავლო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – გორის სასწავლო უნივერსიტეტად და ეს უკანასკნელი ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 192 დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გარდაიქმნა (რეორგანიზებულ იქნა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრედ.

 

დადგენილია, რომ ს------- ხ-----------ემ ისწავლა 5 წელი და გაიარა სტომატოლოგიურ სპეციალობაზე სწავლების სრული კურსი, თუმცა მისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებაზე ,,უნივერსიტეტი” უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ 2007 წლის ბრძნებების წიგნში ს------- ხ-----------ის მიერ უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, არ იძებნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სხდომის ოქმები, არ არის მითითებული 2007 წლის სტომატოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სიაში. მას ჩათვლა-გამოცდების უწყისების საარქივო ამონაწერის მიხედვით, ორ სასწავლო კურსში (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) არ აქვს შეფასება მიღებული; ამასთან, არსებობდა გორის უნივერსიტეტის 2007 წლის 28 დეკემბრის № 2-29 ბრძანება ს------- ხ-----------ის გარიცხვის შესახებ.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ავტონომიურობის პრინციპი, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წესდების” (დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის № 125/ნ ბრძანებით) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო იმავე მუხლის ,,ო1” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება.

 

იმავე მუხლის ჰ5 ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები.

 

იმავე მუხლის ჰ16 ქვეპუნქტით კი, განსაზღვრულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რაობა და კომპეტენცია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, პირს, რომელმაც გაიარა აკადემიური უმაღლესი განათლების სრული კურსი და შეფასება, მიანიჭოს გავლილი პროგრამისა და კურსის შესაბამისი კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, 2007 წლის ბრძნებების წიგნში ს------- ხ-----------ის მიერ უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, არ არის მითითებული 2007 წლის სტომატოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სიაში, ხოლო ჩათვლა-გამოცდების უწყისების საარქივო ამონაწერის მიხედვით, ორ სასწავლო კურსში (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) შეფასებები არ უფიქსირდება, მაგრამ იმავე უნივერსიტეტის მიერ 2007 წლის ივნისსა და ივლისში გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ს------- ხ-----------ე სწავლობდა უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო განყოფილების დასწრებული სტომატოლოგიური სპეციალობის მეხუთე კურსზე; მან 2007 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სრული კურსი და დიპლომი უნდა გაცემულიყო არსებული წესით დადგენილ ვადაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, ხოლო ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის უნივერსიტეტის მიერ 2007 წლის ივნისსა და ივლისში გაცემული ცნობები წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ს------- ხ-----------ემ 2007 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სრული კურსი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ამ ცნობის საფუძველზე მან 2017 წლამდე იმუშავა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში სტომატოლოგად.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ, ს------- ხ-----------ის უნივერსიტეტიდან გარიცხვის საფუძვლის დაუდგენლობის გამო, სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის უნივერსიტეტის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის შესახებ.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მ------ ღ-----–---–ი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა, რომ იგი 2003-2008 წლებში იყო გორის უნივერსიტეტის ლექტორი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიის კურსებზე. მის მახსოვრობაში თითქმის ყველა სტუდენტი, მათ შორის ს------- ხ-----------ე, რომელიც იყო საუკეთესო, ყველასგან გამორჩეული სტუდენტი; არასოდეს მომხდარა, რომ მას რომელიმე დისციპლინაში გამოცდა ვერ ჩაებარებინოს; ს-------ს დედა იმ პერიოდში ასწავლიდა გორის უნივერსიტეტში. მას ნათლად ახსოვს, რომ ს------- ხ-----------ემ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა (თერაპიაში) და მიიღო დადებითი შეფასება.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ს------- ხ-----------ემ 2007 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სრული კურსი.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის” 2019 წლის 19 მარტის აქტი, რომლითაც მას უარი ეთქვა დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე, ეწინააღმდეგება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მითითებულ ნორმებს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი; შესაბამისად, ,,უნივერსიტეტს” უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი აქტი ს------- ხ-----------ისათვის დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და გასცეს მასზე შესაბამისი დიპლომი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-55 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მართალია, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, თუმცა იგი არ შუამდგომლობს ამ თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრებული ვერ იქნება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ს------- ხ-----------ისათვის ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ ,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის” 2019 წლის 19 მარტის № MIA 8 19 00324785 აქტი ბათილად იქნეს ცნობილი.

 

1.2. სსიპ ,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს” დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს------- ხ-----------ისათვის დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და გასცეს მასზე შესაბამისი დიპლომი.

 

2. ს------- ხ-----------ის მიერ 2019 წლის 12 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1, რეფერენსი 2584398483) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი