გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210019002862652
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3634-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - ქ თ---–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-

 

მოპასუხე - შპს "ე----"

წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ე----ს“ ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 24 166.67 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 22 მაისს ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ე----ს" შორის გაფორმდა N0------------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, (შესყიდვის) ობიექტია - ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ პირობებში, რომლებიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადაა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–----ის ს----–---------------ის 2017 წლის 21 აგვისტოს N1------------- წერილით შპს „ე----ს" დაევალა ქ. თ---–--ში, ნ----–-----ის რაიონში, კ-------ის ქუჩის (მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად შპს „ე----ს" განესაზღვრა ვადა, 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–----ის ს----–---------------ის 2017 წლის 05 ოქტომბრის N1------------- წერილით, ამავე სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს N14 0---------- წერილით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა და სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ბ) ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–----ის ს----–---------------ის 2017 წლის 05 ოქტომბრის N1------------- წერილით და საქმეში წარმოდგენილი N14 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ქ. თ---–--ში, კ-------ის ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 25 ოქტომბერს (10 დღის დაგვიანებით). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------1 ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 % -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------1 ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 394 521.98 ლარს. ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ე----ს" შორის 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული თანხა დაკორექტირდა და საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 4 833 333.39 ლარი.

 

ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების ს----–---------------ის 2017 წლის 22 ნოემბრის N1---------- წერილით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0-------------1 ხელშეკრულების საფუძველზე მიცემული დავალების შესრულების ვადის დარღვევისთვის შპს „ე----ს"დაეკისრა საჯარიმო სანქცია 24166.67 ლარის ოდენობით. (ხელშეკრულების საერთო ღირებულების (4833333.39 ლარი) 0.05% X 10 ( ვადაგადაცილებული დღე) = 24166.67 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ე----“-ს შორის 2017 წლის 22 მაისს გაფორმებული N 0-------------1 ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე კომპანიამ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ქ. თ---–--ის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. იმავე წლის 21 აგვისტოს წერილით, მოპასუხეს დაევალა კ-------ის ქუჩის (მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. წერილის მიხედვით სამუშაოების დასრულებისათვის განისაზღვრა ვადა 2017 წლის 05 ოქტომბერი. სამუშაოების წარმოების დროს შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ, უხვი ნალექით და მეორეს მხრივ, არასრულყოფილი პროექტით. უამინდობის გამო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მოპასუხემ მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას და მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა 15 ოქტომბრამდე.

 

მოსარჩელე მხარე აპელირებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხე კომპანიამ ნაკისრი ველდებულებების შესრულება მოახდინა დაგვიანებით. პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო ქუჩაზე გათვალისწინებული იყო 9 (ცხრა) ჭა, ხოლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო დამატებით 36 (ოცდათექვსმეტი) ჭის მოწესრიგება. აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რეალურად შესასრულებელი სამუშაო მუშა პროცესის დროს აღმოჩნდა გაცილებით მეტი, ვიდრე ეს თავად შემსყიდველისთვის იყო ცნობილი. სამუშაოების საწარმოებლად მოპასუხემ შეისყიდა სხვადასხვა საჭირო ინერტული მასალა, რომელიც წვიმის შედეგად გამოუსადეგარი აღმოჩნდა და ამის გამო საჭირო გახდა ხელახლა ამ მასალის შესყიდვა. დამატებით შესასრულებელი სამუშაოების შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი გახდა 20 ოქტომბერს, რის შემდგომაც მოპასუხემ მიმართა შემსყიდველს და უამინდობის, ასევე დამატებითი სამუშაოების გამო მოითხოვა ვადის გაზრდა. ქ. თ---–--ის მ----–----–---------------–---–-----ს ს----–---------------ის 2017 წლის 07 ნოემბრის საპასუხო წერილში აღნიშნულია შემდეგი: „საპროექტო დოკუმენტაცია ვერ შეძლებდა დეფექტურ აქტში გაეთვალისწინებინა დამარხული ჭების ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მიწის საექსკავაციო სამუშაოების განხორციელების შემდგომ, თქვენი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ასევე შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოების დასრულებისთვის წერილობითი დავალებით განსაზღვრული ვადის ზრდაც გონივრული ვადით.“

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წერილის ეს შინაარსი ცალსახად ადასტურებს საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების აუცილებლობას დამატებით შესასრულებელი სამუშაოების გამო, მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მხოლოდ იმის გამო, რომ სამუშაოების შესრულების მათ მიერვე განსაზღვრული ვადა იყო გასული უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მხარე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმც გაუგებარი მიზეზების გამო დარიცხვას ახდენს არა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დროს არსებული ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ შემდგომ პერიოდში გაზრდილი ფასიდან. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს დათვლის მეთოდოლოგია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციასთან, რომელიც ამბობს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს არა სახელშეკრულებო თანხიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და მისი ოდენობა უნდა იყოს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 50,02 %. 85 059.66 ლარიანი შესასრულებელი სამუშაოს წარმოების თუნდაც ვადების გადაცდენისთვის არასამართლიანია 24166,67 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რადგან ერთის მხრივ, მოცულობა არის საკმაოდ დიდი და შეადგენს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 28,41 %-ს, მეორეს მხრივ, დაგვიანება გამოწვეულია მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც ფორს-მაჟორი, რაც პასუხისმგებლობას ცალსახად გამორიცხავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 მაისს, ქ. თ---–----------–----–--------------ას და შპს ,,ე----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა, ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ პირობებში. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 394 521.98 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭირო იყო შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებული იყო სრულად დაეცვა შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.

 

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები. 9.2 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალების მიცემიდან სამუშაოების დაწყების ვადის 5 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.4 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.05.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 17-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 09 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, შევიდა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 438 811.41 ლარით და ნაცვლად 4 394 521.98 ლარისა, დანართის შესაბამისად განისაზღვრა 4 833 333.39 ლარით, რაც არ იწვევდა ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 09 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3 ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თ---–--ის მ-----–----–--------------ის კ-----–---–-----------------ის 2017 წლის 21 აგვისტოს წერილით შპს ,ე----ს“ დაევალა ქ. თ---–--ში, ნ----–-----ის რაიონში, კ-------ის ქუჩის მონაკვეთის საერაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სამუშაოებისათვის მოპასუხე მხარეს განესაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თ---–--ის მ----–----–------------------------–---–----ის ს----–---------------ის 21.08.2017 წლის წერილი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4 ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–----ის ს----–---------------ის წერილის თანახმად, სამუშაოების წარმოების ხელისშემშლელი გარემოებების, კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ნალექიანი დღეების თაობაზე არსებული პროგნოზის გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადად, ნაცვლად 2017 წლის 07 ოქტომბერი, განისაზღვრა 2017 წლის 15 ოქტომბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თ---–--ის მ----–----–------------------------–---–----ის ს----–---------------ის 05.10.2017 წლის წერილი (ს.ფ.25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.5. 2017 წლის 23 ოქტომბრის N2------ წერილის შესაბამისად, შპს ,,ე----მ“ არსებული მოცულობითი სამუშაოების და უამინდობის გამო, მოითხოვა სამუშაოების წარმოებისათვის ვადის 2017 წლის 27 ოქტომბრამდე გაზრდა.

აღნიშნული წერილის საპასუხოდ ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–-----------------ის უფროსის მიერ, განემარტა, რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სამუშაოების დასრულებისათვის განსაზღვრული ვადის ზრდა სამუშაოების დასრულების ვადის გასვლის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ე----ს“ 2017 წლის 23 ოქტომბრის წერილი (ს.ფ.143-144);

- ქ. თ---–--ის მ----–----–------------------------–---–----ის ს----–---------------ის 07.11.2017 წლის წერილი (ს.ფ.145);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.6. 19.11.2017 წელს, ქ. თ---–----------–----–--------------ას და შპს ,,ე----ს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების #14 აქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებმა დაადასტურეს, რომ მიმწოდებლის (შპს ,,ე----“) მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია #14 ფორმა #2-ის მიხედვით, სადაც ქ. თ---–--ში, კ-------ის ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის 22 მაისის სახელმწიფო შესყიდვის #0-------------1 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა #2-ით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 25.10.2017 წელი.

შესრულებული სამუშაოს ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა 85 059.66 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.11.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი #14 (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. შპს ,,ე----ს“ მიერ ქ. თ---–----------–----–--------------ასთან დადებული სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოების წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო, ქ. თ---–----------–----–--------------ის მიერ შპს ,,ე----სთვის“ მოთხოვნილი იქნა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 4 833 333.39 ლარის 0.05%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (10 დღე), ჯამში 24 166.67 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თ---–--ის მ----–----–------------------------–---–----ის ს----–---------------ის 22.11.2017 წლის წერილი (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 ოქტომბრის წერილის თანახმად, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 04 ოქტომბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა 22,27, 28, 29, 30 სექტემბერს, 01, 02, 03 და 04 ოქტომბერს.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 ნოემბრის წერილის თანახმად, ნალექი აღინიშნა - 10,11,16,17,24,27,28,29 და 30 ოქტომბერსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 04.10.2017 წლის წერილი (ს.ფ. 69);

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 07.11.2017 წლის წერილი (ს.ფ. 189);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, 2017 წლის 22 მაისს, ქ. თ---–----------–----–--------------ას და შპს ,,ე----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა, ქ. თ---–--ის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ პირობებში. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 394 521.98 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებით შესრულების გამო (10 დღის დაგვიანება), პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე----ს“ მიერ ქ. თ---–----------–----–--------------ასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოების წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილება, განაპირობა ისეთმა ობიექტურმა გარემოებებმა, როგორიცაა უხვი ნალექი და დამატებითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობამ, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცხრა ჭის გარდა, დამატებით 36 ჭის მოწესრიგებაში. საგულისხმოა, რომ სასამართლო განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სამუშაოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უამინდობის ფაქტიც სახეზეა. სასამართლო განხილვისას მოსარჩლე მხარის წარმომადგენლის მიერ კვლავ დაფიქსირდა, რომ ვადაში მომართვის შემთხვევაში ვადის გაგრძელების საკითხზე იმსჯელებდნენ და გაუგრძელებდნენ ვადას ყველა გარემოების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მოპასუხე კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამასთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ე----მ“ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და რეალურად მოსარჩელე მხარე არ დაზარალებულა, მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის გადაცილებით შესრულების გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება არასამართლიანი და არაგონივრული იქნებოდა.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ როგორც საქმის მტკიცებულებებიდან ჩანს, მოპასუხე კომპანია შპს ,,ე----“ ქ. თ---–----------–----–--------------ასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა პირნათლად, ჯეროვანი გულისხმიერებით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, რაზეც მიუთითებს, 15.08.2017 წლის და 25.08.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებული სამუშაოების აქტები. რაც შეეხება 15.11.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ სამუშაოებს, რომლებიც მოპასუხემ შეასრულა 10 დღიანი ვადის გადაცილებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული სამუშაოების წარმოების შემაფერხებელი გარემოებები განპირობებული იყო მოპასუხე კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, აღნიშნული სამუშაოების წარმოებას ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდმა, რაც დასტურდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული პროგნოზით. ამასთან, სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩნდა, რომ სამუშაო იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. მოპასუხე კომპანიის მიერ ცხრა ჭის გარდა, დამატებით წესრიგში იქნა მოყვანილი ოცდათექვსმეტი ჭა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მოპასუხე კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამასთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ე----მ“ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და რეალურად მოსარჩელე მხარე არ დაზარალებულა, მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის გადაცილებით შესრულების გამო, სასამართლოს მიხედულებით, მოპასუხე მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება არასამართლიანი და არაგონივრულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეები კანონის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ თ---–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე