განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-29-19
(038141118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–---- კ--------ე, დაბადებული 1993 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----–--------------------–-–--–-----ში
ადვოკატი - ი---------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–---- კ--------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, ხაშურში, ფარნავაზის ქუჩის №5-ში მდებარე „გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში, ნ-----–---- კ--------ემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილების უფროსს ბ-----------–--ეს და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ბ--------–-ძეს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; კერძოდ, ბ-----------–--ეს თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო ბ--------–-ძეს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ-----–---- კ--------ემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა და დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დაზარალებულ ბ--------–-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილების 2018 წლის 14 ნოემბრის მორიგეობის გრაფიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება (ამონაწერი) №2948522, დათარიღებული 2017 წლის 7 დეკემბრით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება (ამონაწერი) №77488, დათარიღებული 2018 წლის 10 იანვრით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება (ამონაწერი) №2172334, დათარიღებული 2015 წლის 01 ოქტომბრით, ნ-----–---- კ--------ის, როგორც პაციენტის, სტაციონარული სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №№000807019; 000935519 დასკვნები.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–---- კ--------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–---- კ--------ისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია; მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №000675319 დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
5.2. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას; ამასთან, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
5.3. ნ-----–---- კ--------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, ჯარიმა, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნისას სასამართლო, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას, მხედველობაში იღებს იმასაც, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.1 ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდებული, როგორც დაცვის მხარემ განუმარტა სასამართლოს, დასაქმებულია.
______________________________________________________________________________
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლი: 1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. 2. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ-----–---- კ--------ეს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ-----–---- კ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი