განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
330140019003011722
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 11 ივნისი, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც-------–---–---ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----------–---------–---------ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–------------------------–--–-–-–---–-----------------------------------ში, მცხოვრები თ---–--–-------------------------ში.

 

ადვოკატები - ი------------ა და ს-----------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე თ---–--–-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარზე დ------–----------მ მხარი გაკრა შემხვედრად მოსიარულე მ-------------–---–ს, რის შემდეგაც ჯიბიდან ამოიღო დანა, გამოეკიდა მას და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ------–----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა დ------–----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - მ-------------–---–-ს, ვ-----------------–--ის, დ--------------–---–-ს, ბ-------------ს გამოკითხვის ოქმების, ამოღების ოქმის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მუქარის განხორციელების დროს, აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში, ამდენად არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, დამნაშავეს შესაძლებელია არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბრალდებულის აღიარებით, მოწმეების - მ-------------–---–-ს, ვ-----------------–--ის, დ--------------–---–-ს, ბ-------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დ------–----------ს ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ------–----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც დ------–---------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არის სტუდენტი, ხასიათდება დადებითად.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ------–----------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, არის სტუდენტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დ------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5.სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით.

 

6.საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

დანა - (ინახება საქართველოს შსს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–--ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

დ------–----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები - მობილური ტელეფონი, ორი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი 50 თეთრიანი მონეტა, ყურსასმენი, პირადობის მოწმობა, ბანკის პლასტიკური ბარათი, გასაღების საკიდი, იასამნისფერი ბურთულა, ფურცელი ჩანაწერებით, სამაჯური, სათვალე, ორი ცხვირსახოცი, საკურსო ნამუშევარი 8 ფურცლად (ინახება საქართველოს შსს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–--ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე