გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N040210019002852290
№ 2/12 -19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე-ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი- ხატია მეშველიანი
მოსარჩელე - რ----- კ------
მოპასუხე - გ-- ხ-–--------
მოპასუხის წარმომადგენელი-ნ---- უ-------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე- გ-- ხ-–--------, მოსარჩელე რ----- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საფასურის -4000 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, დაახლოებით ორი წლის წინ, გ-- ხ-–-------- ათხოვა მის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი-ორი ხარი, სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად, ერთი თვის ვადით. მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ დააბრუნა პირუტყვი, გაყიდა ისინი და შეიძინა ავტომანქანა.
2. მოპასუხის პოზიცია.
გ-- ხ-–--------- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ----- კ------ს არასდროს ჰყოლია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შესაბამისად განათხოვრებასაც ვერ შეძლებდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. რ----- კ------ სოციალურად დაუცველი პირია და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 5-----ს.
_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან.
ა----- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2019 წლის 25 მარტის N-- ცნობის თანახმად, რ----- კ------ს, პ/ნ 4----------, არანაირი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არ ჰყოლია.
-სასამართლო დაეყრდნო ა----- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2019 წლის 25 მარტის N-- ცნობას.
3.4 მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ათხოვა გ-- ხ-–--------.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა, სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----- კ------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ მას ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ათხოვა მოპასუხეს-გ-- ხ-–--------.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებებად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაძლევს იმ ტვირთს, რაც მტკიცებას უკავშირდება.
სასამართლოს მიერ დაკითხულმა მოწმეებმა-ო----- ა---–--------, ბ------ ჯ-----, თ------ ხ-–---------,დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს, რ----- კ------ს, არასდროს ჰყოლია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სარჩელის საფუძვლიანობა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე რ----- კ------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონუ;ლ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი