გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210019002880499
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4571-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.06.2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე - შპს "ე----------------–--"

წარმომადგენელი - ხ----------------ე

მოპასუხე - შპს „კ------–---ი“

წარმომადგენელი - გ--–---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხე შპს „კ------–---ს“ მოსარჩელის შპს "ე----------------–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს 5221,84 ლარის გადახდა. სარჩელის საფუძვლები 1.1.2. მოსარჩელე შპს „ე----------------–--სა“ და მოპასუხე შპს „კ-------–----“ შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე წინასწარი შეკვეთის საფუძველზე, მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა საოფისე ტექნიკას. 2010 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე შპს „კ------–---ს“ მოსარჩელის შპს "ე----------------–--ის" მიმართ ვალი არ ერიცხებოდა, ხოლო 2010 წლის 10 აგვისტოდან მოპასუხეს დაეკისრა დავალიანება 55368,84 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი 20146,72 ლარის ოდენობით. დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი თანხა 5221,84, რომელიც გამოთვლილია შესაბამისი ანგარიშფაქტურების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის შეთავაზებული იყო არსებული დეავალიანების ეტაპობრივად გადახდის პირობა, თუმცა შპს „კ------–---მა“ უარი განაცხადა შეთავაზების მიღებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ე----------------–--ი“ იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას და მიმართავს სასამართლოს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.1.1 მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს მიღებული საქონლის ფასი და არ დასტურდება დავალიანების არსებობა, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული ანგარიშფაქტურით არ დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი, რადგან დოკუმენტი არ არის ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ე----------------–--სა“ და შპს „კ-------–----“ შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს დაიდო N1------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს წინასწარი შეკვეთის საფუძველზე, მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა საოფისე ტექნიკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (იხ.ს.ფ 29-32);

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და ანგარიშის ბარათის თანახმად, მოპასუხის დავალიანება არის ის თანხა, რომელიც მოთხოვნილია სარჩელით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ანგარაშის ბარათი (იხ.ს.ფ 34-65);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე უთითებს, რომ ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე ვერ დადასტურდება დავალიანების არსებობა. თუმცა სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს ვალდებულების არსებობას (სამართლებრივი მსჯელობა იხილეთ ქვემოთ).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ე----------------–--ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, და 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი იძულებით შესრულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „ე----------------–--სა“ და მოპასუხე შპს „კ-------–----“ შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე წინასწარი შეკვეთის საფუძველზე, მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა საოფისე ტექნიკას. 2010 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე შპს „კ------–---ს“ მოსარჩელის შპს "ე----------------–--ის" მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდა, ხოლო 2010 წლის 10 აგვისტოდან მოპასუხეს დაეკისრა დავალიანება 55368,84 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი 20146,72 ლარის ოდენობით. რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებას 5221,84 ლარს მოპასუხე განმარტავს რომ აღნიშნული დავალიანება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით არ დასტურდება ვინაიდან არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

 

მოპასუხე მხარე სადაოდ ხდის გარიგების ნამდვილობას და შესაგებელში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით არ დადასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი და აქედან გამომდინარე ვალდებულების არსებობაც, ვინაიდან ანგარიშფაქტურები არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

 

სქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.

 

საქმეზე Nას-576-551-2016 საკასაციო სასამართლომ გაიზიარა აპელაციის მოსაზრება, კერძოდ სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ელექტრონული ანგარიშფაქტურის დადასტურება, ავტომატურად წარმოშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვებათ უფლება-მოვალეობები.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ანგარიშფაქტურები, რომელთა დადასტურებაც მოხდა ელექტრონულად მოპასუხე მხარის მიერ. სასამართლოს განმარტებით განსახილველ საქმეში ანგარიშფაქტურის ელექტრონული დადასტურება წარმოშობს მხარებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვებათ უფლება-მოვალეობები. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას ორივე მხარის ხელმოწერის სავალდებულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს შპს “კ------–---ის“ ვალდებულებისა და დავალიანების (5221,84 ლარის) არსებობის ფაქტს შპს „ე----------------–--ის“ მიმართ.

 

განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა ვალდებულების არსებობის ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებით, შესაბამისად შპს „ე----------------–--ის“ სარჩელი შპს „კ------–---ის“ მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფლდეს. მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს არსებული დავალიანების გადახდა მოსარჩელე მხარისთვის 5221,84 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარისთ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში შპს "ე----------------–--ის" მიერ გაღებული პროცესის ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისგან, რომლებიც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილების გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს "ე----------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს შპს „კ------–---ს“, შპს "ე----------------–--ის“ სასარგებლოდ, 5221,84 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს შპს „კ------–---ს“, შპს "ე----------------–--ის“ სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 156.65 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი