განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
120100119002983324
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/113-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

09 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–----------ე;

დაცვის მხარე: ბრალდებული – თ-----ი ღ-----------–--ე დაბ.1----–-–----------------–--ში, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრაციის ადგილი წ--–-ის რაიონი სოფ. ს----------ი, მცხოვრები ა------ის რაიონი სოფ.ა----–ი;

ადვოკატი - კ--------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----- ღ-----------–--ეს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილების თანახმად, 2019 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში ლ----ი კ------–---–ის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმაში თ-----ი ღ-----------–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს დ--–- მ-----–---–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა, შემდეგ კი ხელი მოკიდა მას თმაში, მოქაჩა თმიდან და ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, რა დროსაც დ--–- მ-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დარტყმისგან დაზარალებულმა ვეღარ შეიკავა თავი, წაიქცა ძირს და წამიერად დაკარგა გონება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ.

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული თ-----ი ღ-----------–--ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო სახის მტკიცებულებებად. ორივე მხარე სრულად დაეთანხმა უდავო სახის მტკიცებულებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

დაცვის მხარემ სადაო გახადა მხოლოდ დაზარალებულის დ--–- მ-----–---–ის 26.03.2019წ მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმი, შესაბამისად, სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია მხოლოდ ეს მტკიცებულება.

დაზარალებულმა დ--–- მ-----–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს თ----- ღ-----------–--ეს.

ბრალდებულმა თ----- ღ-----------–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე. თუმცა ბრალდებულის პოზიციის თანახმად, იგი თავს ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, რადგან ნანობს მომხდარ გაუგებრობას.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში თ-----ი ღ-----------–--ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ-----ი ღ-----------–--ემ მისი ოჯახის წევრის, ორსული მეუღლის დ--–- მ-----–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბრალდებულს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმეში არ მოიპოვება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დ--–- მ-----–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლოს. სხვა მტიცებულებები, მოწმეთა ჩვნებები, საგამოძიებო ექსსპერიმენტის ოქმი არ იძლევა ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ფაქტობრივ გარემოებაზე.

ამდენად, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას თ-----ი ღ-----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამასთან, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს ბრალდებულის განმარტებას, რომ იგი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში და ნანობს მომხდარ გაუგებრობას, ვინაიდან ეს განმარტება არაინფორმაციული ხასიათისაა, ბრალდებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რადგან გამოიყენა დუმილის უფლება, შესაბამისად, დაცვის მხარის წარმოდგენილი პოზიცია არის მისი სტრატეგია, რაც გავლენას ვერ ახდენს სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემყარება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.ეს მტკიცებულებები კი თავის მხრივ არ არის საკმარისი რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, თ----- ღ-----------–--ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----ი ღ-----------–--ე (პ/№5----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. თ-----ი ღ-----------–--ის (პ/№5----------)მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი