გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310018002450006
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სს ,,-------–----------------–--------ი’’ (შპს ,,უ---------------ს’’ უფლებამონაცვლე)

წარმომადგენლები - მ-------–--–-----ი, თ--------–------ი, ი------–-------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები - ა------–-----–--ე, მ--------–-------ე, თ---------–--------–---–ი

 

სპეციალისტი - ნ---------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „უ--------------- ბ--–---------–----–-----სათვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ’’.

 

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი ნ----------–---–ია 11 წლის, შეყვანილი იქნა კლინიკის გადაუდებელ განყოფილებაში ,,112’’-ის ბრიგადის მიერ. ცნობიერება იყო ნათელი, თუმცა არ ახსოვს ტრავმის მომენტი. უჩიოდა თავის ტკივილს, ასევე, დათვალიერებით აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა კეფის არეში. წინასწარ დიაგნოზად გამოტანილ იქნა თავის ტვინის შერყევა და დაინიშნა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა მას შემდეგ რაც გაკეთდა კვლევა, გამოვლინდა, რომ არც მწვავე კეროვანი დაზიანების ხილული ნიშნები და არც ქალისშიდა ჰიპერტენზია არ იყო გამოხატული. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ პაციენტი იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, დინამიკაში გამოიხატა ჩივილების სრული ალაგება, ნანახი იქნა განმეორებით ნევროლოგის მიერ, რის გამოც დასკვნით კლინიკურ დიაგნოზად არ იქნა დადგენილი ტვინის შერყევა და დადგენილ იქნა მხოლოდ ზედაპირული ტრავმა. მისივე განმარტებით, პაციენტი გაეწერა ბინაზე, ჰოსპიტალიზაციის ჩვენება არცერთ ეტაპზე გამოხატული არ ყოფილა. პაციენტს არ აღენიშნებოდა არც დაბინდული ცნობიერება, არც შეუპოვარი ღებინება, არც გაორება და არც გულყრა. მიუხედავად ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით, შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკას’’, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (420 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 1260 ლარი. ამავე გადაწვეტილებით მიმწოდებელს დაევალა უზრუნველყოს პაციენტისათვის არასწორად გადახდილი თანხის - 290 ლარის უკან დაბრუნება, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----ს’’ 2017 წლის 24 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №----- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ----------–---–ია 2017 წლის 23 დეკემბერს შეიყვანეს შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკაში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: T00.9 მრავლობითი ზედაპირული ტრავმები, დაუზუსტებელი.

 

მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ ბავშვი გადადიოდა გადასასვლელზე და დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი. წაიქცა, დაარტყა თავი, იყო გონების კარგვის ეპიზოდი.

 

მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ,,საშუალო სიმძიმის გამოწვეული თავის და ფეხის ტკივილით, ცნობიერება ნათელი. არ ახსოვს ტრავმის მომენტი. კეფაზე აქვს დიდი ზომის ჰემატომა. ტონები სუფთა, ნათელი. ფილტვებში შესუსტებული სუნთქვა ქვემო წილებში ორივე მხარეს. მუცელი რბილი, პალპაციით უმტკივნეულო. შარდვა და დეფეკაცია ნორმა, T36.8, HR 125, RR 20, T/A 95/60, Sp02 96%’’.

 

ჩატარებული მკურნალობა: მონიტორინგი, ibuprofeni 17ml.p.o.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (24.12.2017წ.): გაუმჯობესებული. ცნობიერება ნათელი, თავის ტკივილი მოეხსნა, ღებინება არ ჰქონია. გააქტიურდა. ძვლოვანი დაზიანების ნიშნები არ არის. არის მხოლოდ კეფაზე ჰემატომა. ფილტვებში სუნთქვა მოისმინება ორივე მხარეს თანაბრად. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები (დინამიკაში დაკვირვება).

 

შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც სამედიცინო (ამბულატორიული) მომსახურება, დიაგნოზით: ICD T00.9 მრავლობითი ზედაპირული ტრავმები, დაუზუსტებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ს.ფ. 14-15);

- შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----ს’’ 2017 წლის 24 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №-----მცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ს.ფ. 16);

- სამედიცინო კლასიფიკატორების მოდული (ს.ფ. 188).

 

3.1.2. 2017 წლის 28 დეკემბერს ს-----------------–--ემ №128765 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ კლინიკაში მკურნალობის დროს არასწორად და ზედმეტად გადაახდევინეს თანხა 290 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პაციენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №04-7036 მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკაში’’ არსებული სამედიცინო (№-----) და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლით გაირკვა, რომ მოქალაქე ნ----------–---–ია წარმოადგენდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს და სარგებლობდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.3 დანართის პირველი პუნქტით (მიზნობრივი ჯგუფები - სოციალურად დაუცველი მოსახლეობა) გათვალისწინებული პირობებით. ამავე მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილ იქნა 23.12.2017წ. 16:40 საათზე, კლინიკიდან გაეწერა 24.12.2017წ. 15:00 საათზე. მოცემულ პერიოდში კლინიკის ნევროლოგის მიერ ჩატარებული კონსულტაციის საფუძველზე გამოტანილია დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა, რეკომენდირებული იყო თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის ღირებულების (190 ლარის) ანაზღაურება არამართლზომიერად დაეკისრა ბენეფიციარს, სულ პაციენტის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 290 (ორას ოთხმოცდაათი) ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე კონტროლის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისად, მიმწოდებელმა უარი განაცხადა პროგრამით მოსარგებლის პროგრამულ მომსახურებაზე, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (420 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 1260 ლარი, ხოლო მიმწოდებელს დაევალა უზრუნველეყო პაციენტისათვის არასწორად გადახდილი თანხის - 290 ლარის უკან დაბრუნება.

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით, შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკას“, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (420 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 1260 ლარი. ამავე გადაწვეტილებით მიმწოდებელს დაევალა უზრუნველყოს პაციენტისათვის არასწორად გადახდილი თანხის - 290 ლარის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს-----------------–--ის 2017 წლის 28 დეკემბრის №128765 განცხადება (ს.ფ. 68);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №04-7036 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 109);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----სათვის’’ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ’’ (ს.ფ. 110-111).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,-------–----------------–--------ის’’ მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კოსნტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----სათვის’’ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. ამავე დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,ბ.ზ.’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ამბულატორიული მომსახურებისთვის (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისთვის (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი ნ----------–---–ია წარმოადგენდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს და სარგებლობდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.3 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მონაწილეობისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ასევე მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით;ბ) პრ ოგრამის შესაბამისი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად; ვ) პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა; ზ) უზრუნველყოს პროგრამის 191 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების პირობების დაცვის ხელშეწყობა; თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრებისა და გადახდის ადმინისტრირების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად; ი) პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო; კ) პროგრამის ყოველი კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე აწარმოოს პროგრამით/კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში; ლ) უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლისათვის დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა; კალკულაცია – განმახორციელებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) სრულყოფილად და დროულად მიწოდება, განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; მ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება; ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის ოპტიმალური რაოდენობა შეადგენდეს არა უმეტეს 2,500 მოსახლეს; ო) გაითვალისწინოს, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 

დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----ს’’ 2017 წლის 24 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №----- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ----------–---–ია 2017 წლის 23 დეკემბერს შეიყვანეს შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკაში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: T00.9 მრავლობითი ზედაპირული ტრავმები, დაუზუსტებელი. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ ბავშვი გადადიოდა გადასასვლელზე და დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი. წაიქცა, დაარტყა თავი, იყო გონების კარგვის ეპიზოდი. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ,,საშუალო სიმძიმის გამოწვეული თავის და ფეხის ტკივილით, ცნობიერება ნათელი. არ ახსოვს ტრავმის მომენტი. კეფაზე აქვს დიდი ზომის ჰემატომა. ტონები სუფთა, ნათელი. ფილტვებში შესუსტებული სუნთქვა ქვემო წილებში ორივე მხარეს. მუცელი რბილი, პალპაციით უმტკივნეულო. შარდვა და დეფეკაცია ნორმა, T36.8, HR 125, RR 20, T/A 95/60, Sp02 96%’’. ჩატარებული მკურნალობა: მონიტორინგი, ibuprofeni 17ml.p.o. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (24.12.2017წ.): გაუმჯობესებული. ცნობიერება ნათელი, თავის ტკივილი მოეხსნა, ღებინება არ ჰქონია. გააქტიურდა. ძვლოვანი დაზიანების ნიშნები არ არის. არის მხოლოდ კეფაზე ჰემატომა. ფილტვებში სუნთქვა მოისმინება ორივე მხარეს თანაბრად. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები (დინამიკაში დაკვირვება). ამასთან, შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც სამედიცინო (ამბულატორიული) მომსახურება, დიაგნოზით: ICD T00.9 მრავლობითი ზედაპირული ტრავმები, დაუზუსტებელი.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს ს-----------------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ კლინიკაში მკურნალობის დროს არასწორად და ზედმეტად გადაახდევინეს თანხა 290 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პაციენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №04-7036 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, კონტროლის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები (თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი მოთხოვნა დაირღვა), მიმწოდებელმა უარი განაცხადა პროგრამით მოსარგებლის პროგრამულ მომსახურებაზე. შესაბამისად, სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით, შპს ,,უ--------------- ბავშვთა ახალ კლინიკას’’, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (420 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 1260 ლარი. ამავე გადაწვეტილებით მიმწოდებელს დაევალა უზრუნველყოს პაციენტისათვის არასწორად გადახდილი თანხის - 290 ლარის უკან დაბრუნება.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ICD კოდით S060 - თავის ტვინის შერყევა, ხელოვნური კოდით S600143 გადაუდებელი სტაციონარით, რომელიც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 28 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის - ნ---------------ის ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ იმ კლინიკური ნიშნებით, რაც პაციენტს აღენიშნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას და მის შემდგომ, სტაციონარში მოთავსება არ იყო აუცილებელი. სპეციალისტის განმარტებით, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა მისი აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევას მსუბუქ ფორმაში. მისივე განმარტებით, პაციენტის ყველა ორგანო დეტალურად იქნა გამოკვლეული და ყველა მონაცემი იყო ნორმის ფარგლებში, შესაბამისად, ის პერიოდი (24 საათზე ნაკლები), რაც პაციენტმა დაყო ამბულატორიაში, სრულიად საკმარისი იყო და დამატებით სტაციონირების აუცილებლობა არ არსებობდა, მით უფრო იმ პირობებში, რომ შემდგომ პერიოდშიც რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სპეციალისტის - ნ---------------ის განმარტებით, პაციენტ ნ----------–---–იას სამედიცინო მომსახურება გაეწია სრულად და ჯეროვნად.

 

ამასთან, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე მხარეც, რომ პაციენტ ნ----------–---–იას სამედიცინო შემთხვევა დაფინანსებას დაექვემდებარებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოთავსდებოდა სტაციონარში ICD კოდით S060 - თავის ტვინის შერყევა, ხელოვნური კოდით S600143 გადაუდებელი სტაციონარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო შემთხვევა მიწოდებული იქნებოდა ICD კოდით S060 - თავის ტვინის შერყევა, მაგრამ პაციენტი 24 საათზე ნაკლებ დროში გაეწერებოდა ბინაზე და არ გახდებოდა საჭირო მისი სტაციონირება, შემთხვევა ანაზღაურებას არ დაექვემდებარებოდა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ჩატარებული კვლევების, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების მიხედვით, პაციენტი არ საჭიროებდა სტაციონარულ მომსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტის დიაგნოზად მიწოდებული რომც ყოფილიყო S060 - თავის ტვინის შერყევა, აღნიშნული მაინც არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ შეიძლება განხილული ყოფილიყო, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, რაც საჭიროებს პაციენტის დაყოვნებას სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი ვადით.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა/სპეციალისტის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიერ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევის ფაქტს, ვინაიდან არ დასტურდება მიმწოდებლის მხრიდან მოსარგებლისათვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი, ან მომსახურების გაწევა დაგვიანებით, არასრულად, ან არაჯეროვნად, რაც მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----სათვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე სს ,,-------–----------------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,-------–----------------–--------ის“ სარჩელი, დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №0------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,უ--------------- ბ--–---------–----–-----სათვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ“;

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს ,,-------–----------------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი