გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/2441-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ვ--–-------–-------–-----–-------ი
წარმომადგენელი - ა---–-----ა
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ა------------–--ე
თარჯიმანი - ვ--------------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილება ვ--–-------–-------–-----–-------ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;
1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ვ--–-------–-------–-----–-------ი (დაბადებული 1----–-–-----------------ს) არის იემენის რესპუბლიკის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 52-53);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 56-59);
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 62);
3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2016 წლის 12 ოქტომბრის №---------- განცხადება და ვ--–-------–-------–-----–-------ის მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 8 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2017 წლის 11 აგვისტოს №---------- განცხადება და ვ--–-------–-------–-----–-------ის გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 11 მარტამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2019 წლის 15 თებერვლის №---------- განცხადება ვ--–-------–-------–-----–-------ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2019 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 19 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2016 წლის 10 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-49);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 8 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-47);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 44-45);
3.3. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის 2019 წლის 27 თებერვლის M---------------- ცნობის თანახმად, ვ--–-------–-------–-----–-------ი არის თ---–----------–-–-------------–--------------------ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის მე-5 სემესტრის სტუდენტი. სწავლის დამთავრების სავარაუდო თარიღია 2020 წლის აგვისტო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა (ს.ფ. 67);
3.4. სს „---------------ს 2019 წლის 11 თებერვლის ცნობის თანახმად, ვ--–-------–-------–-----–-------ი არის ანგარიშ(ებ)ის მფლობელი სს „------------ში“ და ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 11.02.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 2200.00 აშშ დოლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა (ს.ფ. 61);
3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №----------/7 გადაწყვეტილებით ვ--–-------–-------–-----–-------ის დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა სააგენტოში 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №----------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 41);
3.6. 2019 წლის 1 მარტს ვ--–-------–-------–-----–-------მა განცხადებით მიმართა სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, პოზიცია კანონით დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე და საუდის არაბეთის მიერ გაცემული ვიზები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 64-80);
3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 22 თებერვლის №----------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ვ--–-------–-------–-----–-------ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის S---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ვ--–-------–-------–-----–-------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №----------/1 წერილი (ს.ფ. 50);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის S---------------- წერილი (ს.ფ. 51);
3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ვ--–-------–-------–-----–-------ის 2019 წლის 15 თებერვლის განცხადება №---------- სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-40).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ--–-------–-------–-----–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.
6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად: 3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. 4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
დადგენილია, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №----------/7 გადაწყვეტილებით ვ--–-------–-------–-----–-------ს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა სააგენტოში 2019 წლის 4 მარტამდე.
დადგენილია, რომ ვ--–-------–-------–-----–-------მა 2019 წლის 1 მარტს განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა. სასამართლოში დავის განხილვისას გამოკვლეულ იქნა მოსარჩელის პასპორტი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა საქართველოში შემოსვლისთანავე. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა საუდის არაბეთში ბინადრობის ნებართვის გაგრძელების პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად. მანვე აღნიშნა, რომ ბინადრობის უფლების მოპოვების პროცედურის დასრულებამდე იგი ვერ დატოვებდა საუდის არაბეთს, ხოლო დასრულებისთანავე დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 30 იანვარს, რა დროსაც კანონით დადგენილი 40 დღიანი ვადა უკვე დარღვეული ჰქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრულ ვადაში სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობასთან ერთად. განცხადებას ასევე თან ერთვოდა საუდის არაბეთის მიერ გაცემული ვიზა (ს.ფ. 64-77);
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განმცხადებლის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №----------/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენილ განცხადებაში ასახული მიზეზები, ამასთან იგი უნდა განეხილა როგორც კანონით დადგენილი ვადის სხვა საპატიო მიზეზით გაშვებად და არსებითად უნდა განეხილა წარდგენილი განაცხადი სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ--–-------–-------–-----–-------ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ვ--–-------–-------–-----–-------ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32.4 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ--–-------–-------–-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ--–-------–-------–-----–-------ისათვის სასწავლოო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;
3. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე