გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
330210019002871356
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4113-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

მოპასუხე - შპს ,,მ---------------“

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1.შპს ,,მ--------------ს“, ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისროს 1100 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ს----------–----–---------------------------ოს და შპს ,,მ--------------ს“ შორის, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებას.

მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს ,,მ---------------ს“ სერვის ცენტრში მიყვანილ იქნა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა შკოდა-სკაუტი, ს----–-–------------------------ რომელსაც ესაჭიროებოდა უკანა ხიდის მართვის ბლოკის შეცვლა. 2018 წლის 3 ოქტომბერს ავტომანქანას ჩაუტარდა დათვალიერება და შედგა დეფექტური აქტი. ავტომანქანა შეკეთებული იქნა 2018 წლის 19 ოქტომბერს, ნაცვლად 8 ოქტომბრისა, 11 დღის დაგვიანებით, რის გამოც მას ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს ,,მ--------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო ნაწილი საქართველოში დეფიციტური იყო და მისი შეკვეთა მოუწია საზღვარგარეთ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა შეადგენდა 20 კალენდარულ დღეს.

 

ორგანიზაციის მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების ვადები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----------–----–---------------------------ოს და შპს ,,მ--------------ს“ შორის, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს ბალანსზე არსებული შკოდას მარკის ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებას ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვრამდე პერიოდი.

 

ხელშეკრულებით დარეგულირებულ იქნა მომსახურების ხარისხი, გარანტია, მიწოდების ადგილი და ვადები.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ მომსახურების ვადის გადაცილებისას ან ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (17-22);

 

3.1.2. 2018 წლის 3 ოქტომბერს, შპს ,,მ---------------ს“ სერვის ცენტრში მიყვანილ იქნა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა შკოდა ს----–-–------------------------ რომელსაც ესაჭიროებოდა უკანა ხიდის შეცვლა. ავტომანქანა შეკეთებული იქნა 2018 წლის 19 ოქტომბერს, რაზედაც შედგა შესრულებული სამუშაოს აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ინვოისები (ს.ფ.29-30).

 

3.1.3. ს----------–----–---------------------------ომ მოპასუხეს 2018 წლის 7 ნოემბერს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების 12.3 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- წერილები (ს.ფ.28).

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (17-22);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს „ მ--------------ს“ ავტომანქანის შეკეთების ვადა არ დაურღვევია.

 

საქმეში წარმოდგენილია შეკვეთის მიღების დოკუმენტი, ხელმოწერილი შ-----------------------------ს წარმომადგენლის, როგორც დამკვეთის და შპს „მ---------------ს„ წარმომადგენლის მიერ, საიდანაც ირკვევა, რომ ავტომანქანა შკოდას ს----–-–------------------------ უკანა ხიდის მართვის ბლოკის შეკეთებისათვის განისაზღვრა 25 დღე. შეკვეთა მიღებულია 2018 წლის 3 ოქტომბერს. აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შეკვეთა შესრულებულია 2018 წლის 19 ოქტომბრისათვის, რაც შესაბამისობაშია შეკვეთის მიღების დოკუმენტში დათქმულ ვადასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-შეკვეთის მიღების დოკუმენტი (ს.ფ. 86)

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (17-22);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს შ-----------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 629-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ს----------–----–---------------------------ოს და მოპასუხე შპს ,,მ--------------ს“ შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით ნარდობის სამართალურთიერთობას წარმოადგენს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის შეკეთების მომსახურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,მ--------------ს“ შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს ბალანსზე არსებული შკოდას მარკის ავტომანქანების შეკეთების მომსახურების შესყიდვას.

 

წინამდებარე სარჩელით, დავის საგანს წარმოადგენს ვადის დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება მომსახურების ვადის დარღვევისათვის.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ავტომანქანა შეაკეთა შეთანხმებულ ვადაში. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომელიც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდებოდა. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს----------–----–---------------------------ო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შ------------------------------- სარჩელი შპს „მ---------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს 1100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე