გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310118002386677
№3/40-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.07.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: შპს ,,ჯ--------------–-";
წარმომადგენლები: ლ---- მ---------–--, ლ---- გ--–---;
მოპასუხე: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–-;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის შპს „ჯ--------------–--ს“(ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/24/12;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილება, შპს „ჯ--------------–--ს“ 2017 წლის 17 იანვრის N4851 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 24 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის #04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი #2017/24/12, რომლის თანახმადაც შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 326 672,84 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 103115 ლარი და 12 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 223 557 ლარს და 72 თეთრს.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები: 1) შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული 3423 ბენეფიციარის (5469 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 160, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 5309) შემოწმების აქტი პუნქტი 7.2.; 2) შემოწმების აქტის თანახმად 387 შემთხვევაში (772 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 7 შემთხვევაში (20 ჩანაწერი) ბენეფიციარის დარეგისტრირების თარიღს წინ უსწრებს ერთი ან რამდენიმე თვით თანხმობის ფორმის შევსების თარიღს (აქტის მუხლი 7.3.1). 3) შემოწმების აქტის თანახმად, 182 შემთხვევაში (327 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.2). შემოწმების აქტში ასევე გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები: 1) 97 შემთხვევაში (187 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.3). 2)476 შემთხვევაში (1024 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, არასრულფასოვნად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.4). 3) 83 შემთხვევაში (171 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტში დაფიქსირებულია სხვა პიროვნება (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.5). 4) 343 შემთხვევაში (770 ჩანაწერი) ამბულატორიული კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები (იხილეთ აქტის მუხლი 7.4).
2017 წლის 24 დეკემბრის N2017/24/12, თემატური შემოწმების აქტი მათ მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში აქტის დასკვნითი ნაწილის მე-9 მუხლის თანახმად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/24/12, ასევე ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი ორგანოს (კომისიის) მიერ 2018 წლის 30 მარტს მიღებული N04/18935 გადაწყვეტილება შპს ,,ჯ--------------–--ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოს აქტების გამოცემისას გამოკვლეული და შესწავლილი აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. აღნიშნულ გარემოებათა გამო შპს ,,ჯ--------------–-ს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკამყოფილებაზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 01 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი იქნა შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად“ რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შედგენილი დოკუმენტაცია - თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). შემოწმების პერიოდია 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 დეკემბრის #2017/24/12 თემატური შემოწმების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.2. შემოწმებისას შპს ,,ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიულ ცენტრში გამოვლენილი იქნა შემდეგი დარღვევები: 1). შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული 3423 ბენეფიციარიდან (5469 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად გარეგისტრირებული უნდა იყვნენ დამატებით კონტიგენტში. (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 160, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 5309).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 დეკემბრის #2017/24/12 თემატური შემოწმების აქტი- პუნქტი 7.2;
- მხარეთა განმარტება.
3.3. შემოწმების აქტის თანახმად 387 შემთხვევაში (772 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 7 შემთხვევაში (20 ჩანაწერი) ბენეფიციარის დარეგისტრირების თარიღს წინ უსწრებს ერთი ან რამდენიმე თვით თანხმობის ფორმის შევსების თარიღს (აქტის მუხლი 7.3.1); 182 შემთხვევაში (327 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი (აქტის მუხლი 7.3.2); 97 შემთხვევაში (187 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის მუხლი 7.3.3); 476 შემთხვევაში (1024 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, არასრულფასოვნად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები (აქტის მუხლი 7.3.4); 83 შემთხვევაში (171 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტში დაფიქსირებულია სხვა პიროვნება (აქტის მუხლი 7.3.5); 343 შემთხვევაში (770 ჩანაწერი) ამბულატორიული კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები (აქტის მუხლი 7.4).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 დეკემბრის #2017/24/12 თემატური შემოწმების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.4. თემატური შემოწმების აქტის თანახმად შპს ,,ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 326 672,84 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 103115 ლარი და 12 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 223 557 ლარს და 72 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 დეკემბრის #2017/24/12 თემატური შემოწმების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.5. შპს ,,ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიული ცენტრის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი 2018 წლის 17 იანვარს გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი;
- სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილება.
- მხარეთა განმარტება.
3.6. სსიპ სოციალური მომსახურების დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიული ცენტრის 2018 წლის 17 იანვრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N4851) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ--------------–--ს“ (ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის №2017/24/12 თემატური აქტი შპს ,,ჯ--------------–--ს" ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თაობაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 30 მარტის №04/18935 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „დ” ქ/პუნქტების თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების N2017/24/12 აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის №2017/24/12 თემატური აქტის ბათილად ცნობა შპს ჯ--------------–--ს ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის შემოწმების შესახებ, რომლითაც შპს ჯ--------------–-ს დაეკისრა საჯარიმო სანქციები, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შემოწმების აქტში მითითებულ პერიოდზე მოქმედებს ხანდამულობის ვადა, გარკვეულ პერიოდში მოსარგებლეთა თანხმობის ფორმა არ იყო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, მოსრგეებლებს სამედიცინო მომსახურება მიღებული აქვთ.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ პროგრამის ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები და ფორმალურად მიუდგა საკითხს. დაადგინა მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმების პერიოდში (2013 წლის 28 ებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე) შემოწმების აქტის თანახმად დარეგისტრირებული 3423 ბენფიციარის (5469 ჩანაწერი) 387 შემთხვევაში (772 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 182 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი; 97 შემთხვევაში (187 ჩანაწერი) ვერ იქნა წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა; 476 შემთხვევაში (1024 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, არასრულფასოვნად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები; 83 შემთხვევაში (171 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებულია სხვა პიროვნება; 343 შემთხვევაში (770) ჩანაწერი)უკვე დარეგისტრირებულ ბემეფიციარზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდეგში ,,პროგრამის“) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ,,პროგრამის“ მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
6.5. აღნიშნული ,,პროგრამის“ 151.1 მუხლის თანახმად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მოსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
,,პროგრამის“ მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
6.6. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.
ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. ამავე ბრძანებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად, დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით.
ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
6.7. დადგენილია, რომ სადავო აქტი გამოიცა შპს ,,ჯ-------------–---" ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიმართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის შემოწმებისას, შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე. შემოწმდა შპს „ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიერ წარდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შედეგად შედგენილ 2017 წლის 24 დეკემბრის აქტში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით იქნა მითითებულ თანხმობის ფორმებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულ (დანართი ერთი) ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის N 79 დადგენილებით დაემატა 151 მუხლი, რომელმაც დაადგინა პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა კონტროლი და რევიზია და განისაზღვრა, რომ კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციის და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებელთან დაფიქსირებული ინფორმაციის შედარება და გადამოწმება. 151 -ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 03 კალენდარულ წელს.
აღნიშნულ მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N 552 დადგენილებით იქნა შეტანილი ცვლილება და კონტროლის განხორციელების ვადა განისაზღვრა შემთხვევის დასრულებიდან 05 წელი.
6.8 სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი რედაქციის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) 151.2 მუხლის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. ამასთანავე, სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151.2 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.
სასამართლო განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას, ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ „კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას“ (სუს 13.07.2017წ. Nბს-698-691(კ-16) გადაწყვეტილება).
„საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა“ (სუს 03.10.2013წ. Nბს-57-52(კ-13) განჩინება).
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2011წ. Nბს-347-344 (კ-11) გადაწყვეტილებაზე: რომელშიც განმარტებულია შემდეგი: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით ან ამსუბუქებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. უდავოა, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) 151.2 მუხლის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა დადგინდა რა, რომ არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს - რაიმე სახის დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.
6.8. სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ კონტროლის განხორციელების ხუთწლიან ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. N522 ცვლილებისათვის სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების კონტროლის განხორციელებისას უკუძალა არ უნდა მიენიჭებინა, ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გავრცელებულიყო 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე, მანამდე კი, ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის 151 მუხლი ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, სანქციის დაკისრება შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ ვადაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარის იურიდიული პასუხისმგებლობა, თუნდაც მას ჩადენილი ჰქონდეს კანონით დადგენილი ის ქმედება, რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია, ამ ვადის გასვლის შემდეგ არ დადგება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდს, სააგენტოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოწმების ვადები, ხანდაზმულობის გათვალისწინებით უნდა განეხორციელებინა შემოწმება და გამოვლენილ დარღვევებზე სანქციის დადება. რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად არ აღუწერია და ცალკეულ შემთხვევისთვის შეფასება არ მიუცია იმ გარემოებებისათვის. სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელ ორგანოს თითოეული საკითხის შესწავლისას შეფასება უნდა მიეცა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ვინაიდან, საჯარიმო თანხის გამოთვლა იმ პერიოდის თანხების გათვალისწინებით, რომლის შემოწმების პერიოდიც ხანდაზმულია დაუშვებელია და ეწინააღმდეგება შემოწმების პრინციპს.
6.9 გასაჩივრებული აქტის 7.3 პუნქტში აღინიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის თანხმობის ფორმები (მკაცრი აღრიცხვის ფორმები) შევსებულია ტექნიკური ხარვეზებით, რისთვისაც დაერიცხა ჯარიმა. თუმცა აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათთვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
6,10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანება განსაზღვრავს „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს“, რომლის თანახმად მოსარგებლის თანხმობის ფორმა არ წარმოადგენდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ცვლილება და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა. შესაბამისად 2017 წლის 03 აგვისტომდე შემთხვევებს ფორმაში დაშვებული ხარვეზების შესახებ ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება, გადასწორება, აკრძალული არ იყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნევა (ანუ საუბარია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე, რომლებიც შინაარსობრივად და მონაცემებით სწორია, მაგრამ არის ჩასწორებები ან შესწორებები განხორციელებული).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, შპს ,,ჯ-------------–--" ზ------------ ამბულატორიულ ცენტრში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ, ამ დარღვევებისათვის მოსარჩელეს ჯარიმა დაეკისრა ე. ი. იმ დრომდე ვიდრე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფორმა გახდებოდა. მაშინ, როდესაც მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის გახდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის N79 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
6.11. ,,პროგრამის“ 20-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;
,,პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვებისას გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები: შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება; დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე („გ.ა“ ქვეპუნქტი), ასევე თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს („ზ ქვეპუნქტი).
,,პროგრამის“ 23.1 მუხლის თანახმად, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან, ხოლო 23.4 მუხლის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
6.12. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“
,,პროგრამის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.
ამავე ,,პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. 151-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება.
6.11 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე, სსკ-ის 105.1 მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო 2017 წლის 24 დეკემბრის შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი.
6.12 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
6.13 სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის №2017/24/12 შპს ,,ჯ--------------–--ს“ ზ------------ ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს 2018 წლის 30 მარტის №04/18935 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება.
შემოწმების ვადა მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიცემია იმ გარემოებას, რომ სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის აღნიშნულ პერიოდზე ვრცელდებოდა თუ არა შემოწმების ხანდაზმულობის ვადა, როდიდან გახდა მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფორმა, დადგენილი ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მოპასუხის მიერ თავდაპირველ ეტაპზევე არ შემოწმდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ გამოვლინდა დოკუმენტაციის წარმოებისას არსებული ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნულის განხორციელებისას კი მოსარჩელე გამოასწორებდა ხარვეზს რაც გამორიცხავდა შემოწმებისას ჯარიმის დაკისრებას.
6.14. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
6.15. სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ შეფასება არ მისცა შემოწმების პერიოდს, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. არ გაითვალისწინა დროის ის პერიოდი ვიდრე, მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფურცელი გახდებოდა.
საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ შემოწმების აქტი შეადგინა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნათა უგულვებელყოფით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს „ჯ--------------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე შპს „ჯ--------------–-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ--------------–--ს“ (ს.კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 დეკემბრის შპს „ჯ--------------–--ს“(ზ------------ ამბულატორიული ცენტრი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/24/12;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 30 მარტის N04/18935 გადაწყვეტილება, შპს „ჯ--------------–--ს“ 2017 წლის 17 იანვრის N4851 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
2. მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს.კ 2--------) მოსარჩელე შპს „ჯ--------------–--ს“ (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე შპს „ჯ--------------–-ს“ (ს.კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 3-------- ( საგადახდო დავალება N1522743656, გადახდის თარიღი 03/04/2018 წელი, გადამხდელი შპს ,,ჯ--------------–-“);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე ელენე ოსაძე