განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160141318002664307
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/272-18 17 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019041018002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზაალ დავითაია
ბრალდებული: ე---- წ------ი
მამის სახელი: ბ---------
დაბადებული: 1-----–-–--------------
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: გ---–-----–--------------------–--------–---
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–---------------------------------–----–---–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ე---- წ------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბოლნისის რაიონის, სოფელ რაჭისუბანში მდებარე ე.წ. მჟავე წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი შელაპარაკების გამო, ე---- წ------მა ლ-----ა ს----–---ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტები და ფეხები სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მარჯვენა ხელში, რამაც გამოიწვია ლ-----ა ს----–---ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ე---- წ------ის მიერ ლ-----ა ს----–---ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილ იქნა დაზარალებული ლ-----ა ს----–---ი. დაზარალებულის დაკითხვამდე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება, კერძოდ ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული 2019 წლის 6 მაისის ქორწინების მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ ლ-----ა ს----–---ი და ე---- წ------ი დაქორწინდნენ. დაზარალებულმა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა თეა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 4 ოქტომბერს გამომძიებელმა კახა რეხვიაშვილმა დაიწყო გამოძიება. საქმეზე მთავარი გამომძიებელი იყო კახა რეხვიაშვილი. თავად მოწმის სახით გამოკითხა ლ-----ა ს----–---ი და მისი და ნ---- ს----–---ი. ლ-----ა ს----–---ი მის მიერ ასევე გამოიკითხა დაზარალებულის სახითაც. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ლ-----ა ს----–---ს გამოკითხვისას ხელი ჰქონდა მოტეხილი და ვერ შეძლო გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა, რის გამოც გამოკითხვის ოქმი დადასტურებული იქნა გარეშე პირის მიერ. თეა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ ლ-----ა ს----–---მა, როგორც მოწმის სახით ასევე დაზარალებულის სახით გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ერთიდაიგივე ინფორმაცია და განმარტა, რომ ბოლნისში, მჟავე წყლების მიმდებარედ მოხდა მასსა და ბრალდებულ ე---- წ------ს შორის შელაპარაკება. შემდეგ იგი წაიყვანა ბრალდებულმა მინდორში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები დაადასტურა ასევე ნ---- ს----–---მა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებული მოწმის სახით გამოკითხა 5 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, ზუსტი საათები არ ახსოვდა. ასევე განმარტა, რომ შესაძლოა დაკითხვის ოქმში რიცხვი მის მიერ შეცდომით იქნა მითითებული. მოწმის განმარტებით მას ექსპერტი ელოდებოდა და დაკითხვის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მოწმის სახით ასევე დაიკითხა კახა რეხვიაშვილი, საქმის მთავარი გამომძიებელი. მან დაადასტურა, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ლ-----ა ს----–---ის საქმესთან დაკავშირებით. დაზარალებული გამოიკითხა თეა რეხვიაშვილის მიერ და ამ ჩვენების საფუძველზე მოხდა ბრალდებულის დაკავება. კახა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ ელოდებოდა დაზარალებულის დაკითხვას და ამის შემდეგ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაადასტურა, რომ გამოკითხა ლ-----ა ს----–---ის დედა. კახა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ არ ახსოვდა დაზარალებულის ჩვენება წაიკითხა თუ არა, თუმცა დაადასტურა, რომ მისთვის ჩვენების შინაარსი ცნობილი იყო. ასევე განმარტა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ შედგენილ ოქმებში მითითებულ გარემოებებს და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმში დროს უთითებს თავად გამომძიებელი.
მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა თემურ გელენიძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ მოწმის სახით გამოკითხა მორიგე ექიმი ფირუზ ქობლიანიძე.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ალექსანდრე სამხარაძე. მან განმარტა, რომ არის ექიმი ტრავმატოლოგი, მასთან მიყვანილ იქნა ლ-----ა ს----–---ი, რომელმაც განაცხადა, რომ დაზიარება ხელზე მიიღო დაცემის შედეგად. დაზიანება იყო მარჯვენა მხარის სხივის მოტეხილობა. ასევე განმარტა, რომ ჩანაწერებში დაშვებულია მექანიკური შეცდომა მარჯვენის ნაცვლად მითითებულია მარცხენა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სიტყვა-სიტყვით არ ახსოვდა რა განაცხადა პაციენტმა, თუმცა რომ ყოფილიყო კრიმინალი ამის თაობაზე აუცილებლად შეატყობინებდა შესაბამის ორგანოებს.
ბოლნისის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება ლ-----ა ს----–---ის მიერ შევიდა 2018 წლის 4 ოქტომბერს და შესასრულებლად დაეწერა კახა რეხვიაშვილს 22:39 საათზე.
ლ-----ა ს----–---ი გამომძიებელ თეა რეხვიაშვილის მიერ პირველად მოწმის სახით დაიკითხა 2018 წლის 5 ოქტომბერს 11:50 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში.
ნ---- ს----–---ი დაიკითხა ასევე თეა რეხვიაშვილის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს 02:22 საათიდან 03:15 საათამდე პერიოდში.
ბრალდებული ე---- წ------ი დაკავებულია 2018 წლის 5 ოქტომბერს 01:30 საათზე დმანისის რაიონის სოფელ განთიადის გზაზე კახა რეხვიაშვილის მიერ.
2018 წლის 5 ოქტომბერს 02:15 წუთზე ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერში მითითებულია, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს ლ-----ა ს----–---ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეგობარმა ე---- წ------მა.
2018 წლის 5 ოქტომბერს 10:10 საათიდან 10:25 საათამდე პერიოდში გამომძიებელ კახა რეხვიაშვილის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ მოწმე ლ-----ა ს----–---ი და გარეშე პირი ჯულიეტა ასლამაზაშვილი. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ბოლნისის რაიონში სოფელ რაჭისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის გასასვლელში არსებულ ე.წ. ,,მჟავე წყლებთან“. საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არსებულ დანგრეულ შენობასთან. საგამოძიებო მოქმედების ოქმი ხელმოწერილია დამსწრე პირის მიერ.
2018 წლის 5 ოქტომბერს 10:45 საათიდან 11:35 საათამდე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ლ-----ა ს----–---თან. მონაწილეობდნენ ექსპერტები და გარეშე პირი. ლ-----ა ს----–---მა მიუთითა შემთხვევის ადგილზე, ასევე მიუთითა ადგილი, სადაც ე---- წ------მა გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და განახორციელა ძალადობა მის მიმართ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს განხორციელდა ფოტოგადაღება.
ლ-----ა ს----–---ი გამომძიებელ თეა რეხვიაშვილის მიერ განმეორებით გამოიკითხა 2018 წლის 5 ოქტომბერს 11:40 საათიდან 11:55 საათამდე პერიოდში.
2018 წლის 10 ოქტომბერს გამომძიებელ კახა რეხვიაშვილის მიერ დათვალიერდა ე---- წ------ის ავტომანქანა. დათვალიერების შედეგად ავტომანქანის სალონში რაიმე სახის ლაქები ან დაზიანებები ვერ იქნა აღმოჩენილი.
ლევან სამხარაულის სახელობის 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო N007847318 დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. ლ-----ა ს----–---ს 28.09.18წ. ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ცდომით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; ლ-----ა ს----–---ს 05.10.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.
სასამართლოს აღნიშნულ მტკიცებულებებზე და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დაედგინა ორი ფაქტობრივი გარემოება: დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი და მიმყენებელი პირი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ლ-----ა ს----–---ს 28 სექტემბერს ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. სასამართლოში ასევე დაიკითხა ექიმი-ტრავმატოლოგი ალექსანდრე სამხარაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ-----ა ს----–---ს შემოწმებისას აღენიშნებოდა მარჯვენა მხარის სხივის მოტეხილობა. შესაბამისად ირკვევა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს ლ-----ა ს----–---ს მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი და აღნიშნული დაზიანება განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა, რომ აღნიშნული ქმედება ჩადენილ იქნა ე---- წ------ის მიერ. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-----ა ს----–---მა უარი თქვა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ გამოკითხვის ოქმებს და ნ---- ს----–---ის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მათ ვერ გაიზიარებს მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში წარმოშობილი უზუსტობების გამო. გამომძიებელმა კახა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ ე---- წ------ის დაკავება მოხდა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. კერძოდ ეს მოწმეები არიან ლ-----ა ს----–---ი და ნ---- ს----–---ი. ლ-----ა ს----–---ი პირველად გამოძიების მიერ გამოიკითხა 2018 წლის 5 ოქტომბერს 11:50 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში. ნ---- ს----–---ი დაიკითხა ასევე თეა რეხვიაშვილის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს 02:22 საათიდან 03:15 საათამდე პერიოდში. ბრალდებული ე---- წ------ი დაკავებულია 2018 წლის 5 ოქტომბერს 01:30 საათზე დმანისის რაიონის სოფელ განთიადის გზაზე კახა რეხვიაშვილის მიერ. გამომძიებელმა თეა რეხვიაშვილმა სასამართლოს წინაშე ვერ განმარტა თუ რით იყო აღნიშნული უზუსტობები გამოწვეული და ასევე დაადასტურა, რომ მოწმეთა გამოკითხვა მოახდინა დღის საათებში და სავარაუდოდ შეეშალა რიცხვი. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ბოლნისის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შესულია და გამოძიება დაწყებულია 2018 წლის 4 ოქტომბერს 22:39 საათზე და შესაბამისად 4 ოქტომბერს 11:50 საათზე გამომძიებელი ვერ დაკითხვად მოწმეს არარსებულ საქმეზე.
რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმე ალექსანდრე სამხარაძის, თემურ გელენიძის, კახა რეხვიაშვილის ჩვენებებს - აღნიშნულს ე---- წ------ის მიერ ლ-----ა ს----–---ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების დასადასტურებლად სასამართლო ვერ გამოიყენებს, რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებას მის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. ალექსანდრე სამხარაძემ ცალსახად განაცხადა, რომ მისთვის ლ-----ა ს----–---ს არ უთქვამს, რომ დაზიანება მიიღო ფიზიკური ძალადობის შედეგად, ასევე საგულისხმოა, რომ 28 სექტემბრამდე დაზარალებულს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის. სასამართლოს რჩება ერთი პირდაპირი მტკიცებულება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც ასევე ვერ გაიზიარებს მასში არსებული უზუსტობების გამო. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა 2018 წლის 5 ოქტომბერს 10:45 საათიდან 11:35 საათამდე. ატარებდა გამომძიებელი კახა რეხვიაშვილი და მონაწილეობდა დაზარალებული ლ-----ა ს----–---ი. გამოკითხვის ოქმის თანახმად კი ამ დროს დაზარალებული ლ-----ა ს----–---ი მოწმის სახითაც არ იყო გამოკითხული. საგამოძიებო ექსპერიმენტი კი ტარდება მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმების მიზნით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიერ გონივრულ ეწვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ე---- წ------ის მიერ ლ-----ა ს----–---ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.
3. სამართლებრივი შეფასება.
3.1. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესების ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ე---- წ------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული ე---- წ------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---- წ------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ე---- წ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და 2018 წლის 5 ოქტომბერს ე----ი წ------ის (პ/ნ 6----------) მიერ გირაოს სახით გადახდილი 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ე---- წ------ს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.
ე---- წ------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე