განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
330100118002423566
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/1875-18

გამოძიების N0-----------

05 ივნისი, 2019 თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე

პროკურორები - მ-----------------, ა----------–---–-, ნ-------------–---–-, ნ----------–-,დაცვის მხარე

ბრალდებული მ---------–-–---–- (პ/ნ 5----------) - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: გ---------------–---–---------, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ----------–--------------------------ში;

ადვოკატი - ს-------------------,კვალიფიკაცია

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 0---------ს, დღის საათებში, მ---------–-–---–- იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, დაცვის სამსახურის დასაცავ ობიექტზე, მდებარე ქ. თბილისი, მეტროსადგურ „დ--------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ-----------------ს იდაყვის სახეში დარტყმით და მის მიმართ სხვაგვარი ძალმომრეობითი მოქმედებებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა დ-----------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0---------ს, დაახლოებით 10:30 საათზე, საკუთარი ავტომანქანით, დედასთან ერთად მივიდა „დ--------“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადგურის შესასვლელთან ახლოს მანქანის პარკირებისთვის თავისუფალი ადგილი შენიშნა და მანქანის დასაყენებლად მანევრირება დაიწყო, რა დროსაც მას მიუახლოვდა ბრალდებული მ---------–-–---–-, რომელმაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით აუკრძალა მანქანის დაყენება, იმ მიზეზით, რომ იმ ადგილას ტაქსები ჩერდებოდნენ. როცა ბრალდებულს ჰკითხა, თუ რატომ უზღუდავდა უფლებას, როცა ამკრძალავი ნიშანი არსად იყო, მან უპასუხა, რომ პარკირების ადგილს ის აკონტროლებდა და ასე სურდა. შეკამათდნენ. ბრალდებული იყო აგრესიული, - მისი ვარაუდით, იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, - და თავს არ ანებებდა, ჯერ აგინა, შემდეგ კი მისი მანქანის კარი გამოაღო, ერთი ხელით სალონიდან გადაათრია, მეორე ხელის იდაყვი კი ძლიერად ამოარტყა ყბაში. იმდენად ეტკინა, რომ არ ახსოვს მ---------–-–---–მა მას შემდეგ კიდევ ორი დარტყმა მიაყენა თუ სამი. ამის შემდეგ ბრალდებულმა მის ძმაზე გადაინაცვლა, რომელსაც მის დასახმარებლად დედამისმა დაურეკა. ძმამ შეძლო და ბრალდებული გაარიდა. მაშინღა შენიშნა, რომ მ---------–-–---–ს, - რომელიც უბნის ბიჭი ეგონა, - დაცვის თანამშრომლის ქურთუკი ეცვა. სანამ დედამისის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდებოდნენ, დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით გაგრძელდა.

 

მოწმე მ------------------მ, დაზარალებული დ----------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ როცა დავითმა თავისუფალ ადგილზე მანქანის დაყენება დაიწყო ბრალდებულმა გაჩერება აუკრძალა. სთხოვეს მას, რომ მანქანის დაყენების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მ---------–-–---–-, რომელიც, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მივარდა მათ მანქანას, ჯერ მანქანას მთელი ძალით ურტყა ხელები, შემდეგ კი მძღოლის კარი გამოაღო, დავითს სახეში ამოარტყა ხელი და ხელით სახე მოუჭყლიტა. შეეშინდა და მეორე ვაჟიშვილს დაურეკა, რომელიც მალევე მოვიდა და ბრალდებული დავითს გაარიდა. ამასობაში მისი გამოძახების საფუძველზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ განმუხტეს სიტუაცია. მოწმემ აღნიშნა, რომ მის შვილს, დავითს ბრალდებულისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თავად მან კი წყალი შეასხა, როცა მ---------–-–---–- მის შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

მოწმე გ----------------მ, დაზარალებული დ----------------ის ძმამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაკავებულია მგზავრთა გადაყვანით გორი-თბილისის მიმართულებით და მგზავრთა ასაყვანად ჩერდება დ-------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის დღესაც იმყოფებოდა დ-------ში, რა დროსაც დედამ დაურეკა და უთხრა, რომ დავითს ეჩხუბებოდნენ და სასწრაფოდ მიეხედა მათთვის. ერთ წუთში მათთან იყო და დაინახა, რომ ბრალდებულმა საჭესთან მჯდომ დავითს სახეში იდაყვი დაატყა. მივიდა მათთან და გააკავა ბრალდებული, დავითთან მიახლოვების საშუალება რომ არ მიეცა, რის გამოც ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებულისთვის თავად არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან მისი ჩაცმულობით მიხვდა, რომ იგი პოლიციელი იყო.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 0---------ს ჩატარებული შემოწმებისას მოქ. დ-----------------ს გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა, მარცხენა საფეთქლის მიდამოში ეტყობოდა შესიება, მარცხენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე კი - მოწითალო ფერის უბანი.

 

საქმეზე გამოკვლეული აუდიოჩანაწერებითა და ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ მეტროსადგურ „დ-------სთან“ მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე 2018 წლის 0---------ს მომხდარი ინციდენტის გამო შსს სსიპ „112“-ში დაფიქსირდა რამდენიმე შეტყობინება, კერძოდ:

2018 წლის 0---------ს 10:48, 10:53, 10:54, 10:56 და 10:59 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - „112“-ს არაერთგზის, საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზნით, დაუკავშირდა მ------------------, რომლის განმარტებითაც დ-------- ბაზრობის ტერიტორიაზე მის შვილს უცნობმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომანქანის გაჩერების გამო;

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს 2018 წლის 0---------ს 10:52 საათზე დაუკავშირდა მოქ. კ----------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ დ-------- ბაზრობის ტერიტორიაზე მისთვის უცნობი ადამიანები ჩხუბობდნენ, ავტომანქანის გაჩერების გამო;

2018 წლის 0---------ს, 11:01 საათზე შსს სსიპ „112“-ს დაუკავშირდა დ-----------------, რომელმაც განაცხადა, რომ სადგომზე მანქანის გაჩერებისას უცნობმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ყბაში მოარტყა ხელი, ვინაიდან, ამ უკანასკნელის განმარტებით, ის ადგილი „ძველი ბიჭების“ იყო.

ბრალდებულმა მ---------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა შპს „უ–-–-------------------------ში“ განყოფილების უფროსად. შემთხვევის დღეს, დაზარალებული დ----------------- არ ემორჩილებოდა დაცვის თანამშრომელს - კ----------------ს, რომელიც ეუბნებოდა, რომ შერჩეულ ადგილზე მანქანის გაჩერება არ შეიძლებოდა. თავი ვალდებულად ჩათვალა მათთან მისულიყო. დაზარალებულმა და მისმა მგზავრებმა - დედამ და ძმამ, გინება დაუწყეს. თავად არცერთი მათგანისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კონფლიქტისთვის თავი რომ აერიდებინა, კ----------------ს საპატრულო პოლიციის გამოძახება სთხოვა. პატრულის თანამშრომლები ადგილზე მალევე მივიდნენ და სიტუაცია განმუხტეს.

 

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–-–---–-ს პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალდებულის მიერ დაზარალებული დ----------------ის ფიზიკური შეურაცხყოფის და შედეგად ამ უკანასკნელისათვის ტკივილის მიყენების ფაქტები საქმის სასამართლო განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებული მ---------–-–---–-ს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დ----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, მეტიც, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია მისთვის. ბრალდებულის აღნიშნულ პოზიციას ეწინააღმდეგება დაზარალებული დ----------------ის და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - დაზარალებულის დედისა და ძმის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც მ---------–-–---–მა, რომელიც გააბრაზა დაზარალებულის მიერ მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ, გამოაღო ავტომანქანის კარი, მოკიდა საჭესთან მჯდომ დ-----------------ს ხელი და ძალის გამოყენებით მისი ავტომანქანიდან გადმოთრევა სცადა, რა დროსაც მეორე ხელი ამოარტყა ყბაში.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების უტყუარობის შეფასებისას, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თითოეული მათგანის, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გააჩნია, რადგან არანაირი მოტივი, რომელიც მ---------–-–---–-ს მამხილებელ პირებს უბიძგებდა მისთვის დაებრალებინათ დანაშაული, საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, როგორც ერთმანეთთან, ისე, სხვა მტკიცებულებებთან თანმხვედრია. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ინციდენტის შემდეგ დ-----------------ს სახეზე აღენიშნებოდა შესიება და სიწითლე, ასევე - ამ პირთა მიერ შსს სსიპ „112“-ში განხორციელებული, სპონტანური და შესაბამისად, - სარწმუნოობის მაღალი ხარისხის მქონე შეტყობინებებით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულის განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–-–---–-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებები და დარტყმა იყო საკმაო სიძლიერის, ფიზიკური ტკივილი რომ გამოეწვია, მითუფრო, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას დ-----------------ს ჯერ ისევ აღენიშნებოდა საფეთქლის მიდამოში - შესიება, მარცხენა ყურის ნიჟარის ზედაპირზე კი - მოწითალო ფერის უბანი. შესაბამისად, სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ძალადობრივმა მოქმედებებმა დ-----------------ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს 2018 წლის 0---------ს, მ---------–-–---–-ს მიერ დ----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენების ფაქტებს.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ---------–-–---–მა დ----------------ის მიმართ განახორციელა „სხვაგვარი ძალადობა“, რაც გამოიხატა მისთვის ყბაში იდაყვის ამორტყმასა და სხვაგვარ ძალადობრივ მოქმედებებში (ავტომანქანიდან გადათრევის მცდელობა, სახის „მოჭყლეტვა“); დაზარალებულის ცემის - მრავალგზის მისთვის დარტყმების მიყენების ფაქტი კი საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა.

მ---------–-–---–-ს ბრალდების საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, მ---------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ---------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ზემოაღნიშნული გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს მ---------–-–---–-ს მიმართ ჯარიმის გამოყენება, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქონებრივ შესაძლებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ---------–-–---–-ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მ---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მ---------–-–---–ს მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გამოტანამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. დღეის მდგომარეობით მ---------–-–---–-ს მიმართ ზემოაღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი