განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100119003041347
№1/137-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ფ-------- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------- ყ----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ჭიათურის რაიონი, სოფელი ვ-----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 2871 მუხლის 1-ლი ნაწილი (სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) მონტაჟი, რეგისტრაციის გარეშე);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. თ---------- ყ----–-–---–მა (პ/ნ------------), ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ----–-, თავის საცხოვრებელ სახლში არსებულ სახერხ საამქროში, რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი (ტექნიკა), რომელიც 2019 წლის 30 მარტს აღმოჩენილი იქნა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების მიერ. ზემოთ აღნიშნული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი (ტექნიკა), 2019 წლის 13 აპრილს თ---------- ყ----–-–---–ისგან ამოღებული და დალუქული იქნა შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. თ---------- ყ----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- ყ----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: ბრალდებულ თ---------- ყ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - გ------- ღ---------- და ა------ შ----–---- გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა; საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამსახურიდან შემოსული მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია თ---------- ყ----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 2871 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, განეკუთვნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს. გარემოს დაცვის წესის საწინააღმდეგო დანაშაულად ჩაითვლება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ხელყოფს შიდასახელმწიფო ან საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ ეკოლოგიურ მართლწესრიგს, ანუ სამართლებრივ ურთიერთობებს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში. განსახილველი დანაშაულის გვარეობით ობიექტს წარმოადგენს ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობას, მოსახელობის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით” რეგულირდება ხე-ტყის/ხე-მცენარის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 1) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები. რეგლამენტის მე-3 თავის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ,,სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს’’.
რეგლამენტის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის განთავსება/მონტაჟის დაწყებისთანავე ელექტრონულად დარეგისტრირდეს ვებ-პორტალზე (). რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სახერხ საამქროს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით მიიღოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში – რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც წარმოადგენს სახერხი საამქროს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ამავე რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის მიხედვით, სახერხ დანადგარად ითვლება – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები). დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს კანონის გვერდის ავლით, სახერხ საამქროში დაამონტაჟოს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით თ---------- ყ----–-–---–მა ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) მონტაჟი, რეგისტრაციის გარეშე (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. თ---------- ყ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------- ყ----–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თ---------- ყ----–-–---–ს საქართველოს სსკ 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია თ---------- ყ----–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ 6 (ექვსი) თვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. ასევე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, თ---------- ყ----–-–---–ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
14. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის საგანი/იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- ყ----–-–---–ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - სახერხი დანადგარი (რომელიც მიბარებული აქვს თ---------- ყ----–-–---–ს);
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------- ყ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, თ---------- ყ----–-–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - სახერხი დანადგარი (რომელიც მიბარებული აქვს თ---------- ყ----–-–---–ს);
თ---------- ყ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ---------- ყ----–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე