გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210019003006190
№ 2/215-2016წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 ივლისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _სს ,,ლ-------------ი’’;
წარმომადგენელი_ ლ--–- გ------ა;
მოპასუხე _ ა------ გ---–-ა;
დავის საგანი_ თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოპასუხე ა------ გ---–-ას სს ,,ლ-------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2079.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1196.18 ლარი, პროცენტი- 883.70 ლარი.
სარჩელის საფუძვლები: 2017 წლის 10 მაისს სს ,,ლ-------------სა'' და ა------ გ---–-ას შორის გაფორმდა N13470533 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ლ-----------------ი), ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადად გათვალისწინებული იქნა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 64.75%. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით. ხელშეკრულების გრაფიკი მსესხებელმა დაარღვია 2018 წლის 12 თებერვალს და შესაბამისად მას დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან, 2019 წლის 15 მაისამდე მდგომარეობით.
ბანკმა 2018 და 2019 წლებში წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა დავალიანების დაფარვა, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა------ გ---–-ას დავალიანება დღეისათვის შეადგენს 2079.88 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1196.18 ლარი, ხოლო პროცენტი - 883.70 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე ა------ გ---–-ამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტის ნაწილში არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია.
3.ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. 2017 წლის 10 მაისს სს ,,ლ-------------სა'' და ა------ გ---–-ას შორის გაფორმდა N13470533 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ლ-----------------ი), ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადად გათვალისწინებული იქნა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 64.75%. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 10 მაისის ლ-----------------ის ხელშეკრულებას N----------
3.2. ხელშეკრულების გრაფიკი მსესხებელმა დაარღვია 2018 წლის 12 თებერვალს, მას დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შედაგენს 2079.88 ლარს, ძირი თანხაა 1196.18 ლარი, პროცენტი- 883.70 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2017 წლის 10 მაისის ლ-----------------ის ხელშეკრულებას N--------- ცნობას დავალიანების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------ს ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული ძირითადი თანხის – 1196.18 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სს ,, ლ---------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების გრაფიკი მსესხებელმა დაარღვია 2018 წლის 12 თებერვალს, მას დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შედაგენს 2079.88 ლარს, ძირი თანხაა 1196.18 ლარი, პროცენტი- 883.70 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ანუ 2018 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი დამოკიდებულია კრედიტის მოქმედების ვადაზე და ვინაიდან კრედიტის ვადა 24 თვით განისაზღვრა, პროცენტის წლიურმა ოდენობას შეადგინა 64.75% .
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ბანკის მიერ დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან წლიური 64.75% სრულად შეესაბამება ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელზე გადახდილია ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის 1196.18 ლარის ნაწილში, ან თანხის ბაჟი 35 ლარი და 88 თეთრი მოსარჩელე უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან,, ხოლო ბაჟის დანარჩენილი ნაწილი 14 ლარი და 12 თეთრი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------------ის '' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა------ გ---–-ას (პ/ნ1----------) სს ,,ლ-------------ის'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2079 (ორი ათას სამოცდახრამეტი) ლარისა და 88 (ოთხმოცდარვა) თეთრის გადახდა.
3. მოპასუხე ა------ გ---–-ას (პ/ნ1----------) სს ,,ლ-------------ის '' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 14 (თოთხმეტი) ლარისა და 12 (თორმეტი) თეთრის გადახდა, ხოლო 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი და 88 (ოთხმოცდარვა) თეთრი სს ,,ლ-------------ს '' (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან-საგადახდო დავალება N5156163171, თარიღი 20.05.2019. კოდი 3---------
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მო9სამართლე: შოთა ნიკურაძე