განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
07 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - ზ-------------
დაცვის მხარე
დამცველი - გ---------–--–--–---–-
ბრალდებული - დ----------------–-- ძე ვ-–-------- დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს---–---------------------------–- შესახვევი N--ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება);
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ზ---------------ი 2018 წლის 07 დეკემბერს, დილის საათებში, მივიდა ლ-----------------–---ში განთავსებულ ,,მეთადონის“ პროგრამაში, სადაც მინდობილობის საფუძველზე აიღო დ--------–--------ათვის განკუთვნილი 2 ცალი პლასტმასის ფლაკონი „მეთადონის“ სითხით და მიუტანა მას სახლში, საიდანაც ნაწილი - 0,04185 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 20 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, იმავე დღეს, ქ. თბილისში, ს. ქ-------------------–- შესახევევი, სახლი N--ში დ--------–-------ა უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ ზ---------–--–--ლზე, რაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკენლის პირადი ჩხრეკისას.
2018 წლის 07 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ს. ქ-------------------–- შესახევევი, სახლი N--ში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული იქნა დ--------–-------- მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის ნაგანის სისტემის რევოლვერი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული 38 კალიბრის რევოლვერი, რომელიც გათვალისწინებულია 38 კალიბრის რევოლვერის ვაზნების გასასროლად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ--------–-------- მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–------–---–ის ჩვენების მიხედვით: მუშაობს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 7 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ. თბილისში, ზემო ქ----------- ქუჩაზე იმყოფებოდა ზ---------–--–---–-, დაბ: 1979 წლის 27 იანვარს, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოკითხა მოწმის სახით.
მოწმეთა: გ---------------–---–ის, ი-–--------–---–ის და რ-------------------–---–ის ჩვენებებით: 2018 წლის 7 დეკემბერს ზ---------–--–--ლს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, სითხით. ზ---------–--–---–- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მოხდა მისი გამოკითხვა, რა დროსაც დააფიქსირა, რომ ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რომელიც 200 ლარად შეიძინა იქვე მცხოვრები დ--------–--------გან. მისივე განმარტებით, დ--------–------- სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსაც.
მოწმე ზ---------–--–---–-ს სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: 2018 წლის 7 დეკემბერს დ--------–--------გან 150 ლარად შეიძინა 20 გრამიან შპრიცში მოთავსებული 15 მლ. „მეთადონის“ სითხე, რომელიც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 50 ლარი მისცა ძველი ვალის სანაცვლოდ.
მოწმეთა: ი-------------–--ის, ა-----–---–--–-–---–ის და გ---------------ის ჩვენებებით: მათ მიერ ჩატარებული იქნა დ--------–-------- პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ხოლო ქ. თბილისში, ქ-------------------–- შესახვევი N--ში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საძინებელ ოთახში მდებარე ლოგინის ქვეშიდან ამოღებული იქნა თავმომწვარი შპრიცი, მასში მოთავსებული გამჭვირვალე ფერის სითხით. იმავე ოთახში მდებარე სავარძლის სათავსოდან ამოღებული იქნა შპრიცი და ორ ნაჭერში გახვეული ნაგანის ფორმის იარაღები, რომლებიც დ--------–-------- განმარტებით ეკუთვნოდა მას. ოთახში მდებარე ჟურნალის მაგიდიდან ამოღებული იქნა საფულე, მასში არსებული აიდი ბარათით და ფულადი თანხით; ორი ცალი პლასტმასის ცარიელი კაფსულა, ლურჯი ფერის თავსახურით, რაც ბრალდებულის განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. შესაბამისად, დ--------–------- დაკავებული და გადაყვანილი იქნა ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
2018 წლის 07 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ზ---------–--–---–-ს პირადი ჩხრეკისას მისი ტანთმოსილი ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შპრიცი, მასში არსებული სითხით. ჩხრეკის ოქმზე ზ---------–--–---–-ს მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა: „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული შპრიცი სითხით მეკუთვნის მე, არის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, მინდოდა პირადი მოხმარებისთვის და ის შევიძინე 1--- წელს დაბადებული დ----------------–-- ძე ვ-–--------გან, მცხ: ქ. თბილისი, ს-------------- 1--–--–-------ი N--ში“.
2018 წლის 07 დეკემბრის N------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ზ---------–--–--ლს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ჯგუფის და „მეთადონის“ მოხმარების ფაქტი.
2018 წლის 07 დეკემბრის სახლის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ს---------------- შესახვევი, სახლი N--ში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ს-–----------–- სახლის მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარის კედელთან განთავსებული დ--------–-------- ლოგინიდან, ფეხების მხრიდან, ლეიბსა და ე.წ. „მარტასს“ შორის სივრციდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თავმომწვარი შპრიცი მასში მოთავსებული გამჭვირვალე სითხით. იმავე ოთახში შესასვლელი კარიდან პირდაპირ კედელთან განთავსებული სავარძლის საჯდომის ქვევით განთავსებული სათავსოდან ამოღებული იქნა სერი ფერის ნაჭერში გახვეული ნაგანის ტიპის პისტოლეტი, რომელსაც მარცხენა მხარეს აქვს წარწერა 1---, იეროგლიფები და სერი ფერის ნაჭერში გახვეული მოვერცხლისფრო ფერის ნაგანის ტიპის პისტოლეტი. ამავე ოთახში განთავსებული ჟურნალების მაგიდიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის საფულე, მასში მოთავსებული დ--------–-------- სახელზე გაცემული აიდი ბარათით, 3 ცალი 50 ლარიანი, 4 ცალი 20 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურებით.
2018 წლის 08 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: „დ--------–-------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 20მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით-9მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი)-0,07128 გრამის ოდენობით. (ობ. N1). ორ ცალ გამჭვირვალე პოლიმერული მასალის კონტეინერის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი), საერთო წონით-0,000218 გრამი (წონებით 0,000154 გრამი და 0,000064 (გრამი) (ობ. N2-3). დადგენა იმისა, გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები N1,2,3 ქარხნული თუ კუსტარული წესითაა დამზადებული, შეუძლებელია სათანადო ნიშნების არ არსებობის გამო. საკვლევ ობიექტებში N1,2,3 ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) საერთო წონა შეადგენს-0,071489 გრამს. ზ---------–--–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული:20მლ-იან ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით-14,5მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი)-0,0403 გრამის ოდენობით. (ობ. N4). საკვლევი ობიექტები N1,2,3,4 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) თვისებითი შემცველობის მიხედვით.
2018 წლის 08 დეკემბრის ბალისტიკური N------ დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ სს N------------ საქმეზე წარდგენილი - ა) ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის ნაგანის სისტემის რევოლვერი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს იკითხება 1--- Г რევოლვერის წინა მარცხენა მხარეს ბარაბანთან ჩარჩოზე ნომერზე აღინიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რევოლვერის ჩარჩოზე შიდა მარცხენა მხარეს იკითხება Я----. ექსპერტიზაზე გამოკვლეულ ნაგანის სისტემის რევოლვერზე კონსტრუქციული გადაკეთების აშკარა კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა; ბ) მეორე რევოლვერი არის კუსტარული წესით დამზადებული 38 კალიბრის რევოლვერი, რომელიც გათვალისწინებულია 38 კალიბრის რევოლვერის ვაზნების გასასროლად. რევოლვერი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2018 წლის 12 დეკემბრის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ (უდავო მტკიცებულება) დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს, სადაც ქარხნის მიერ ხდება საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა, გამოვლინდა შემდეგი ნომერი: „-------. დოლურაზე აღინიშნება ნომერი: Я-----“, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე ნიშნები არ გამოვლინდა. ლოყის ხუფზე შიდა მარცხენა მხარეს აღინიშნება ნომერი: „-------, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე ნიშნები არ გამოვლინდა.
2019 წლის 12 თებერვლის სამედიცინო N--------- დასკვნით დადგენილია, რომ დ--------–------ს დაუდგინდა დიაგნოზი: მიელოპათია გულმკერდის მე-4 - მე-6 სეგმენტების დონეზე, ქვედა პარაპლეგია, საყრდენ მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის დარღვევით. დ--------–------- ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ----------–----ემ და ზ---------------–-–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხულმა ბრალდებულმა დ--------–-------ა აღიარა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი და განაცხადა, რომ იარაღები ნამდვილად მას ეკუთვნოდა, ხოლო უარყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი და განმარტა, რომ რომ ზ---------–--–--ლს ნამდვილად მან მისცა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ცუდად იყო, მაგრამ თანხა არ გამოურთმევია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ (უდავო) და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა ბრალდებულის პოზიციას ნარკოტიკული საშუალების ზ---------–--–---–-სათვის ფულადი თანხის გარეშე გადაცემის თაობაზე, აღნიშნული წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, ვინაიდან უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------–-------ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან დ--------–------- თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ--------–-------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (ასევე, უდავო მტკიცებულებები) ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსა და გამოძებისათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ ცნობილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული დ--------–-------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. კერძოდ; დ--------–-------- ბინის ჩხრეკის ოქმით, ზ---------–--–---–-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ზ---------–--–---–-ს, დ--------–-------- და სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „მეთადონი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ „მეთადონი“.
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებაში: უკანონო გასაღებაში. ქმედების უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედება ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების (შეძენა, შენახვა და ა.შ.) საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. სუბიექტური მხრივ, ნარკოტიკულ საშუალების უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი ამ კანონის თანახმად, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვ. იგი განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად. საერთოდ, ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც და ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი.
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას: საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, გარაჟში, მიწაში და ა.შ. მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, დ--------–------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებასა და 2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ--------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე: იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ, განჩინებით თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დ--------–------ს დაუდგინდა დიაგნოზი: მიელოპათია გულმკერდის მე-4 - მე-6 სეგმენტების დონეზე; ქვედა პარაპლეგია, საყრდენ მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის დარღვევით და დ--------–------- ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, ხოლო 2013 წლის 15 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის N01-6/ნ ბრძანების მიხედვით, რომლითაც დამტკიცდა იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ბრძანების მე-6 მუხლში მითითებულია ის დაავადება, რომელიც დაუდგინდა დ--------–------ს - ქვედა პარაპლეგია, საყრდენ მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი მოშლით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის დარღვევით და ბრალდებული ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, რის გამოც დ--------–------ს განაჩენის აღსრულება უნდა გადაუვადდეს გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ზ---------–--–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ერთ ცალ შპრიცთან ერთად, ზ---------–--–---–-ს და დ--------–-------- ნერწყვის ნიმუშები, დ--------–-------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ერთი ცალი შპრიცი, 2 ცალი პლასტმასის ლურჯთავსახურიანი კონტეინერი და დ--------–-------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი რევოლვერიდან აღებული ანაწმენდები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- დ--------–-------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალ ნაჭერთან ერთად, რომელიც ინახება შსს ლ-------------------------------–------------ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- დ--------–-------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და აიდი ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 283-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ--------–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ--------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3.დ--------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 დეკემბერი.
4.დ--------–-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5.დ--------–------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. დ--------–------ს გადაუვადდეს განაჩენის აღსრულება გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
8. ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, მსჯავრდებულ დ--------–------ს დაევალოს წელიწადში ერთხელ, საკუთარი ხარჯით, ჩაიტაროს ექსპერტიზა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოველი წლის ივნისის თვეში წარმოუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე თუ რითია დაავადებული მსჯავრდებული დ--------–-------, არსებითად გაუმჯობესდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა განაჩენის აღსრულება.
9. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ თუ იგი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ზემოთ მითითებული პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით მიიღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმებისა და დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.
10. ნივთმტკიცება:
- ზ---------–--–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ერთ ცალ შპრიცთან ერთად, ზ---------–--–---–-ს და დ--------–-------- ნერწყვის ნიმუშები, დ--------–-------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ერთი ცალი შპრიცი, 2 ცალი პლასტმასის ლურჯთავსახურიანი კონტეინერი და დ--------–-------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი რევოლვერიდან აღებული ანაწმენდები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- დ--------–-------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალ ნაჭერთან ერთად, რომელიც ინახება შსს ლ-------------------------------–------------ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- დ--------–-------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და აიდი ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი