განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2996660-1/126-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი - გ-------–--------ე
დაცვის მხარე: ბრალდებული - რ----ი ფ-----ე (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ზ----------ის რაიონი, სოფელი ტ------ი)
ადვოკატი - ი----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---- ფ-----ემ 2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 00:05 საათზე ბ---------ის რაიონის, დაბა ა---–----აში სახაჭაპურე „ს--------“-ში, სადაც მიმტანად მუშაობს მისი მეუღლე ზ----ა შ-------ა, ერთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზ----ა შ-------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მარცხენა ხელის მაჯაში მძლავრად ჩაავლო ხელი, მეორე ხელი ყელში მოუჭირა, ხოლო შემდეგ თმებში ჩაავლო ხელი და ითრია აქეთ-იქით, რამაც ზ----ა შ-------ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ---- ფ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. რ---- ფ-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა რ---- ფ-----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულ რ---- ფ-----ის დაკავების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა ნ------–----------–---–ის, დ--–--------–---–ის, კ----–---–----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა რ---- ფ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ---- ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.
4.2. რ---- ფ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ძალადობრივი დანაშაული მეუღლის მიმართ ჩადენილია უმნიშვნელო მიზეზით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ რ---- ფ-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არასდროს ყოფილა სისხლისსამართლებრივი ანდა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სსაჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რ---- ფ-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ---- ფ-----ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ რ---- ფ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 02 აპრილის ჩათვლით.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. გაუქმდეს რ---- ფ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ დ-------------–----–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი 3180 კვ.მ. მდებარე ზ----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძ------–ა, ს.კ. 3----------- (განჩინების N1-----).
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: ლუიზა თოდუა