გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
020310019003006241
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310019003006241 (3/97-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.06.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ტა-----–---------ე

მოპასუხე შსს სა-------–------------------------–-–-------------------ი

წარმომადგენელი მუ------------–ია

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის შსს ორგანოებში მუშაობის პერიოდში გაუცემელი შრომის ანაზღაურების თანხების გადახდა 521,45 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ არსებობს გაუცემელი სახელფასო დავალიანება, რომლის გასტუმრება მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. ამასთან, აღნიშნავს, რომ წელთა ნამსახურების დანამატი და კვების კომპენსაცია არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მისი დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

 

3.2. მოპასუხე მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რადგან მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში არ არის გათვალისწინებული თანხები წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის.

 

3.3. მოსარჩელეს მოპასუხისგან მიღებული აქვს 04/04/2018 წლის MIA 6 19 00861259 მომართვა, სადაც ფიქსირდება, რომ 1998, 1999, 2000 და 2003 წ დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 521,45 ლარს, მ/შ ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) 219,95 ლარს, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) 256,53 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- 04/04/2018 წლის MIA 6 19 00861259 მომართვა

-ამონაწერი სახელფასო უწყისიდან

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 311-ე მუხლი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და 1341-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 383-ე, 389-ე მუხლები, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 55-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს ხელფასის გარდა მიეცემა ხელფასზე დანამატი და კომპენსაცია. სახელმწოფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

 

განსხვავებული რედაქციით მოქმედებდა ეს ნორმა 2000 წლის 28 ივნისამდე. იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურების დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადასც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებსა და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა) რაიონულ კოეფიციენტს (სადაც იგი დაწესებული იყო), დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან დათხოვნის დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

 

დასახელებული კანონის 1341-ე მუხლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამიასად.

 

მოსარჩელის სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 2000 წლის 28 ივნისამდე, შესაბამისად, ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს მათი წარმოქმნისა და შესრულების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის დადგენილი ნორმების მიხედვით.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 521,45 ლარის ოდენობით,აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მსჯელობას 2000 წლის 28 ივნისამდე მოსარჩელის კუთვნილი თანხების - წელთა ნამსახურობისა და კვების კომპენსაციის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ხანდაზმულად მიჩნევასთან დაკავშირებით, რაც შეეხება 2003 წლის ნოემბრის თვის წელთა ნამსახურების დანამატს და კვების ულუფის კომპენსაციას, იგი არ წარმოადგენს ხელფასის კომპონენტს და არ დაკმაყოფილდება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე (ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან).

 

მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე).

 

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ტა-----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შსს სა-------–------------------------–-–-------------------ს ტა-----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 521,45 ლარის გადახდა.

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა