გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.07.2019
საქმის ნომერი
010310018002445541
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე (№3-243/18) 010310018002445541

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ე-----------------

წარმომადგენელი - ა-----------–---–-

 

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზ---------–-----

 

მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ----------

 

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 მარტის ოქმი №7, 2008 წლის 21 აპრილს, ბ-----------------------ელზე გაცემულ საკუთრების მოწმობა №7243-ზე თანდართული საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტის დამოწმებაზე უარის თქმის ნაწილში.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის N143 განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის აღიარების კომისიის ბეჭდით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2008 წლის 21 აპრილს, ბ-----------------------ელზე გაცემულ საკუთრების მოწმობა №7243-ზე თანდართული საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტის დამოწმების თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2019 წლის 4 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

დავის მოკლე შინაარსი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, 2008 წლის 21 აპრილს, ე---------------------------------------------------–--- გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N7243, რომლითაც მასზე აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება ურეხის დასახლებაში მდებარე 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ბ------------------მ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის ძმას, ე-----------------ს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ბ------------------ს საკუთრების უფლების აღიარებისას, აზომვითი ნახაზი მომზადდა არასწორად, რის გამოც, 2018 წლის 21 მარტს, მან კორექტირებული ნახაზით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მისი დამოწმება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო მომიჯნავედ მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 05.31.06.302). შესაბამისად, განცხადება არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის N143 განკარგულებით, ე-----------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის აღიარების კომისიის ბეჭდით დამოწმებაზე.

 

ე------------------ მტკიცებით, იგი გარკვეული დროის განმავლობაში სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რომელიც თავისი შეხედულებით, რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებად, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ტექნიკური შეცდომის გამო მიწა აღრიცხული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. საჯარო რეესტრში არსებული ნახაზების მიხედვით, ე----------------- ფლობს არა იმ მიწის ნაკვეთს, რომლითაც რეალურად სარგებლობს, არამედ მის მომიჯნავე ტერიტორიას. აღნიშნული კი არ შეესაბამება რეალობას. სინამდვილეში, მოსარჩელე მხარე სწორედ იმ ტერიტორიის მესაკუთრეა, რომელიც ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ე------------------ მოთხოვნა უკავშირდება არა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებას, არამედ, 2008 წელს საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთის ნახაზის კორექტირებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირი წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები არ არის წინააღმდეგობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან, არსებითად არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობა N7243-თ, ბ------------------ს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურეხის დასახლებაში მდებარე 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.04.01.6---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. საკუთრების უფლების მოწმობა N7243;

 

4.2. 2010 წლის 29 ნოემბერს, ბ------------------მ N882010897798 სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრს, წარადგინა საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურეხის დასახლებაში მდებარე 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთის კორექტირებული ნახაზი და მის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების დარეგისტრირება - 2351 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. ,,რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 დეკემბრის N882010987798-09 გადაწვეტილებით, ბ------------------ს განცხადება, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. განცხადების მიღების ბარათი;

- იხ. ,,რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 დეკემბრის N882010987798-09 გადაწვეტილება;

- იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

4.3. 2011 წლის 23 მაისის მდგომარეობით, ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 17/05/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საფუძველზე, ე----------------- რეგისტრირებულია ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ურეხში მდებარე 2308.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 13 იანვრის N01-22/147 მიმართვის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურეხში მდებარე 3,0802 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი N25) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება და შესაბამისი საკადასტრო გეგმის დამზადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 13 იანვრის N01-22/147 მიმართვა;

 

4.5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 1-ელი აპრილის N01-22/1340 მიმართვის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 იანვრის N191 განკარგულებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის 2010 წლის 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 160 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ურეხში მდებარე 30824.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 22.24.03.260). აღნიშნულის საფუძველზე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 1-ელი აპრილის N01-22/1340 მიმართვა;

 

4.6. 2018 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 30324.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 05.31.06.555) აღიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.7. 2017 წლის 30 ივნისს, ე-----------------მ N14636875 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. 2017 წლის 6 ივლისს, სარეგიტრაციო სამსახურის მიერ ე------------------ N14636875 განცხადება, თ/დართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოთხოვნილ იქნა - 2008 წლის 21 აპრილს, ბ-----------------------ელზე გაცემულ საკუთრების მოწმობა №7243-ზე თანდართული საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტის დამოწმება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 მარტის ოქმი №7-თ, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო, 2018 წლის 12 მარტს მიღებულ იქნა N143 განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის აღიარების კომისიის ბეჭდით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 მარტის ოქმი №7;

- იხ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის N143 განკარგულება;

 

4.8. ფაქტობრივად, ე------------------ მიერ ქ. ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტი, რომლის დამოწმებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე, ზედდებაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოგრაფიული ფოტო;

 

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადაო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ შემთხვეევაში, არ არსებობს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

8.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

8.4. სასამართლო მიუთითებს (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

8.5. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

8.6. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით) დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა)მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. აღნიშნული დანაწეს ასევე არეგულირებს დღეის მდგომარებით მოქმედი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებთ დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ შესახებ“ მე-3 მუხლის პირევლი ნაწილი 1. საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;

 

8.7. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით ხოლო ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად 1.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. 2. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

8.8. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით. 5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. 6. სავარაუდო მემკვიდრეზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7.თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. 8. თუ კომისიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ნდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას.

 

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

8.9. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე, მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ანუ მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ. დავის არსის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უძრავი ქონებების, მათ შორის ქობულეთში, დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემით, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება და შემდგომ 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, მოხდა თუ არა უძრავი ქონების განკარგვა და უძრავი ქონება წარმოადგენდა უკვე არა სახელმწიფოს საკუთრებას, რომელზედაც შეიძლება გავრცელებულიყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისაღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რომლის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა რეგულირდება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

 

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო ამავე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება არის კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ 2005 წლის 25 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონებაა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის კანონით) მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

 

აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში არსებული ქონების მართვას და განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური საკუთრების - შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის #26 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ დებულების 1.4 მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ“. ამავე დებულების მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონებისსაკუთრებაში გადაცემის წესი, რომლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონების გადაცემას. მე-6 პუნქტის შესაბამისად, კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა ფორმდება: ა) ნივთის გადაცემის შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც უძრავი ნივთის გადაცემის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოების წილის (აქციების) შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა დასარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ დაორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას“, ხოლო მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება არის ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება:ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველიერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ამავე კანონის მე-5 მუხლში კი რეგლამენტირებულია ქონების პრივატიზაციის ფორმები: ა) პირობებიანი ამ უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკრეტული შერჩევის საფუძველზე. (იხ.სუს. 2016 წლის 14 ივლისის #ბს-276-274(კ-1) გადაწყვეტილება /განჩინება)

 

8.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება არ იძლეოდა საკმარის საფუძველს მის მოთხოვნის დაკმაყოფილების, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ე------------------ N14636875 განცხადება, 2008 წლის 21 აპრილს, თავისი ძმის, ბ-----------------------ელზე გაცემულ საკუთრების მოწმობა №7243-ზე თანდართული საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტის დამოწმების შესახებ. წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ 2008 წლის 21 აპრილს, საკუთრების უფლების მოწმობა N7243-თ, ბ-----------------------ელზე აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება - 2430.0 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, თუმცა, 2010 წელს, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი, მიწის ნაკვეთის კორექტირებული ნახაზის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის ფართი გაიზარდა - 2308.00 კვ.მ-მდე. შვიდი წლის შემდეგ, 2017 წლის 30 ივნისს, ე-----------------მ N14636875 განცხადებით მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია და საკადასტრო ნახაზის კორექტირებული ვარიანტის დამოწმება, 2351 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. ცვლილების საფუძვლად კი მოსარჩელე მხარე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის 21 აპრილს საკუთრების უფლების მოწმობა N7243-ს გაცემის დროისათვის, უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდა შეცდომით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. მაგრამ იმის გამო, რომ საკადასტრო აზომვითი მომზადდა შეცდომით, სასამართლოს აზრით აღნიშნული გარემოება ვერ დაედება საფუძვლად სადავო აქტების ბათილობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 იანვრის N191 განკარგულებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის 2010 წლის 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 160 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ურეხში მდებარე 30824 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 22.24.03.260). შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს, ე------------------ მიერ N14636875 განცხადებით მოთხოვნილი, უძრავი ქონების კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზი მოიცავდა მიწის ნაკვეთს, რომლიც ზედდებაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის N143 განკარგულებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 21 აპრილს, ბ------------------ზე გაიცა N7243 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც საკუთრების უფლება აღიარებული იქნა დასახლება ურეხში მდებარე 2430,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საქმეში არსებული დოკუმენტაციის და განმცხადებლის მიერ დასამოწმებლად წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით კომისიამ გამოავლინა, რომ მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო მომიჯნავედ მდებარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ:05.31.06.302). ამდენად, მოსარჩელის განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან კომისია არ იყო უფლებამოსილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-276-274 (კ-16)) სადაც, განმარტებულია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობისფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით, აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათა კატეგორია, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება, კერძოდ: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ანუ მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, თვითნებურად დაკავებულ მიწებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, (2011 წლის მოქმედი რედაქცია) რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ანარასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაშიარსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი აშესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ნ. ზ-ემ, წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, რომელზეც გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2009 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრებად“.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერებაზე და მიიჩნევს, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-601 მუხლის შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქტის გამოცემის დროს, სრულად იქნა დაცული მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, ამასთანავე მასში დაფიქსირებულია გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დადგენილი წესით იქნა გამოკვლეული და მოძიებული საქმისთვის მნიშვლობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებაც შესაბამისად, დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებს ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

8.12.. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტი ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

8.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებანი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია 1.3. მოთხოვნაც, მოპასუხისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55.2-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე------------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე Mკობა გოცირიძე