გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310019003091877
N3/70-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე - მ--–-----------------,წარმომადგენელი - ნ----------–---–-,მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველო;
წარმომადგენელი - ე-–-----------–---;
დაინტერესებული პირი- ე-–------------;
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ე-–-----------–---- მიერ 2019 წლის 6 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ე-–-----------–---- მიერ 2019 წლის 6 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი;
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 6 ივლისს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან, ე-–------------სთან მიახლოება. შემაკავებელ ორდერში მოპასუხემ მიუთითა, თითქოსდა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ე--------- მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს მისთვის არ გადაუცია. მისი მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ე-–------------- მიმართ ადგილი არ ჰქონია. მას, როგორც დაზარალებულს, ხშირად უწევს მისვლა შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, რომლის შენობის წინ მდებარეობს ყოფილი მეუღლის სამსახური. ე-------- ცდილობს მას მოუწყოს პროვოკაცია, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის ღონისძიება. მიაჩნია, რომ 2019 წლის 6 ივლისის შემაკავებელი ორდერი №------ არის უკანონო, რადგან არ არსებობდა მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესაფონის რაიონულმა სამმართველომ საქმეზე შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი - ე-–-----------–--- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 6 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებულმა პირმა ე-–------------მ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არის საფუძვლიანი. მოსარჩელის მხრიდან მუდმივად აქვს ადგილი მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოსარჩელე აბრალებს არარსებულ ფაქტებს. ის არის მოსარჩელის მხრიდან დევნის მსხვერპლი და შემაკავებელი ორდერით იქნება დაცული.
დაინტერესებული პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 6 ივლისს დაინტერესებულმა პირმა - ე-–------------მ განცხადებით მიმართა შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა დახმარების გაწევა იმ საფუძვლით, რომ მისი ყოფილი მეუღლის - მ--–------------------ მიერ 2019 წლის 2 ივლისს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში წარდგენილი განცხადება თითქოსდა ე-–------------მ მას ქუჩაში შეხვედრის დროს შეაგინა და შეაფურთხა, იყო სიცრუე და ე--------- მიმართ განხორციელებული შანტაჟი. ე--------ს მიაჩნდა რა, რომ იყო მ-------------- შანტაჟისა და შევიწროების მსხვერპლი, ითხოვდა მათი საქმის ობიექტურად გამოძიებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ე-–------------- 2019 წლის 6 ივლისის განცხადება;
3.1.2. ე-–------------- განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ე-–-----------–---- მიერ 2019 წლის 6 ივლისს გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ--–------------------ მიმართ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 6 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერი;
3.1.3. შემაკავებელი ორდერით ძალადობის ფორმად განისაზღვრა - ფსიქოლოგიური ძალადობა, ხოლო მ--–-----------------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 6 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერი;
3.1.4. 2019 წლის 6 ივლისის შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ მოძალადე მ--–-----------------ს ეცნობა სატელეფონო საუბრით, მასვე ფოსტის საშუალებით გაეგზავნა შემაკავებელი ორდერის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 6 ივლისის სატელეფონო გასაუბრების ოქმი;
3.1.5. დადგენილია, რომ მ--–------------------ 2019 წლის 2 ივლისის განცხადების საფუძველზე, სადც ის აღნიშნავდა, რომ ქუჩაში შეხვედრის დროს ე-–------------მ მას შეაგინა და შეაფურთხა, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადე ე-–------------- მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–------------------ მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოხდა მხოლოდ ე-–------------- წერილობითი განცხადების საფუძველზე. შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მხრიდან განცხადებაში მითითებული ფაქტის (შანტაჟის) ირგვლივ რაიმე სახის მოკვლევა ან წარმოება, გარდა განმცხადებლის გამოკითხვისა, არ ჩატარებულა. მოპასუხე დაეყრდნო მხოლოდ ე-–------------- განმარტებას, რის შემდეგაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–------------------ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.4. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა პროცესუალური ნორმები და გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონიძიებები, რაც უზრუნველყოფდა ძალადობის თავიდან აცილებას.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემაკავებელი ორდერის დანიშნულება და მიზანი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაიცვას მსხვერპლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების, უგულებელყოფის და ეკონომიკური ძალადობისაგან. შესაბამისად, ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
6.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 6 ივლისს ე-–------------- განცხადების საფუძველზე, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ძალადობის ფორმად განსაზღვრულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ამავე ორდერით მ--–-----------------ს აეკრძალა - მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს ე-–------------- 2019 წლის 6 ივლისის განცხადების შინაარსზე - განმცხადებელი ზოგადად მიუთითებს მის მიმართ მ--–------------------ მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. რაიმე კონკრეტულ ფაქტს დაინტერესებული პირი ვერ მიუთითებს ვერც განცხადებაში და ვერც გასაუბრების ოქმში. მისივე განმარტებით შანტაჟი გამოიხატა იმაში, რომ მ--–-----------------მ 2019 წლის 2 ივლისს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს მიმართა განცხადებით ე--------- მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტზე. დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს ზესტაფონის რაიონულმა სამმართველომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ე--------- მიმართ, რომელიც მოძალადის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (იხ.2019 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი). სასამართლო ასევე შეეხება 2019 წლის 6 ივლისის შემაკავებელი ორდერის N015934 ოქმს, სადაც ინციდენტის ფორმულირებაში მითითებულია მ-------------- მუქარის შესახებ, თუმცა მხარე არ მიუთითებს როდის იქნა განხორციელებული მუქარა. საგულისხმოა ასევე სავარაუდო მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გრაფაში მითითებული პასუხები, სადაც ე-------- ასევე ვერ მიუთითებს მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტის დროს, ხოლო ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 19 წლის წინ, ასევე ნაჯახის გამოყენებით მუქარას ადგილი ჰქონდა 15 წლის წინ.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ე-–------------- განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე სახის წარმოება არ ჩაუტარებია და დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირის მიმართვას, რომელიც არ იძლევა არანაირ ინფორმაციას ე--------- მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობის კონკრეტულ ფაქტზე ან ფაქტებზე, ამასთან, განმცხადებელი ძალადობის განხორციელების სავარაუდო დროსაც კი ვერ მიუთითებს - რა ისეთი მყისიერი და გადაუდებელი მოგვარების აუცილებლობა წარმოიშვა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მ--–------------------ მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემისათვის. მითუფრო, რომ ე-–------------- მიერ განცხადებასა და გასაუბრების ოქმში, თითქოსდა მ-------------- მიერ განხორციელებული შანტაჟის ფაქტზე, რაც დაინტერესებული პირის მხრიდან აღქმული იქნა ფსიქოლოგიურ ძალადობად, ამავე სამმართველომ ე-–------------- მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
მხარეთა მოსმენისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–------------------ მხრიდან ე-–------------- მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. წარსულში, რამდენიმე წლის (15 წლის) წინათ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება ან ე-–------------- შეფასება და ვარაუდი, რომ მომავალში შესაძლოა მის მიმართ ჩადენილი იქნას დანაშაული, როგორც ეს მითითებულია განცხადებაში და გასაუბრების ოქმში, ვერ გახდება ავტომატურად მ--–------------------ მოძალადედ მიჩნევის საფუძველი. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების საფუძველია რეალურად განხორციელებული ძალადობის ფაქტების არსებობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ კი საქმეზე ვერ მოხდა ვერცერთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მ--–------------------ მიერ ე-–------------- მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს დამცავი და შემაკავებელი ორდერის დანიშნულებაზე, კერძოდ, დამცავი და შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოჯახური საფრთხის მყისიერი და ეფექტური აღკვეთა და თავიდან აცილება, თუმცა, იგი დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და საბოლოოდ ვერ აღმოფხვრის ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს. თუკი ძალადობის საფრთხის არსებობა არ დასტურდება, დაუშვებელია გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით ამ ღონისძიებების გამოყენება.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელესა და დაინტერესებულ პირს ერთმანეთის მიმართ არაჯანსაღი, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ, ეს არ ქმნის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს (აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობს ამავე კანონის მე-10 მუხლის 11-ლი ნაწილი გათვალისწინებული სავალდებულობა), რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ე-–-----------–---- მიერ, 2019 წლის 6 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან საქმის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერების გამოცემის დროისათვის არ არსებობდა მისი მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობები. ამდენად, მ--–------------------ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ--–------------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ე-–-----------–---- მიერ 2019 წლის 6 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი;
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ერთჯერადად, სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).
მოსამართლე შოთა ნიკურაძე