განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/527-19
(სს N012250519004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ--------------–ი
პირადი ნომერი N6----------
დაბადებული 1----–-–------------ს
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი ქ------–----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ---------------------–-–---–-------------;
კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ------------–--ეს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მ--------------–ი 2009 წლიდან მოყოლებული თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემურად, ყოველდღიურად და დროის მცირე ინტერვალით არაერთხელ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, მიმართავს უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბება და უყვირის, რის გამოც თ------------–--ე განიცდის ტანჯვას.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ქალაქ რუსთავის სამსახურის მესამე ოცეულის პატრულ ინსპექტორის მიერ 2019 წლის 25 მაისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმადაც აღნიშნული ვადის განმავლობაში მ--------------–ს აეკრძალა 30 დღით, იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - თ------------–--ე ცხოვრობს, ასევე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თ------------–--ე განრიდებულ იქნა მოძალადისგან.
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე მ--------------–მა დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 25 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა თ------------–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. რუსთავი, რ-----–-–---–--------------ში ტანსაცმლის წაღების მიზეზით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა თ------------–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მისი მეუღლის მ--------------–ის წინააღმდეგ და განმარტა, რომ მას ბრალდებულ მ--------------–ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა სხვა დანარჩენ მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ამით დაცვის მხარე ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ისეთ სამართლებრივ მექანიზმს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს ან უარყოს მტკიცებულებათა საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ თ------------–--ეს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მ--------------–ი 2009 წლიდან მოყოლებული თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემურად, ყოველდღიურად და დროის მცირე ინტერვალით არაერთხელ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, მიმართავს უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბება და უყვირის, რის გამოც თ------------–--ე განიცდის ტანჯვას. ასევე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ქალაქ რუსთავის სამსახურის მესამე ოცეულის პატრულ ინსპექტორის მიერ 2019 წლის 25 მაისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმადაც აღნიშნული ვადის განმავლობაში მ--------------–ს აეკრძალა 30 დღით, რომლის თანახმადაც აღნიშნული ვადის განმავლობაში მ--------------–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - თ------------–--ე ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თ------------–--ე განრიდებულ იქნა მოძალადისგან. 2019 წლის 26 მაისს კი, დაახლოებით 17:30 საათზე მ--------------–მა დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 25 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა თ------------–--ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. რუსთავი, რ-----–-–---–--------------ში ტანსაცმლის წაღების მიზეზით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ--------------–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლს სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144 1−144 3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება.
ამავე კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად: მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ მ--------------–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დაზარალებულთან შერიგება და მისი სურვილი, რომ გამოსწორდეს, რათა აღარ განმეორდეს მისი მხრიდან ძალადობრივი ქმედებები.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------–იმ გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მაგრამ უნდა მოხდეს მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში იგი გარკვეულ კონტროლს იქნება დაქვემდებარებული პრობაციის ორგანოების მიერ, ხოლო თუ მისი მხრიდან კვლავ ექნება ადგილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდება და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღსრულდება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მ--------------–ის მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ--------------–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი;
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ--------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ--------------–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი;
2. მ--------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მ--------------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
4. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
5. მსჯავრდებულ მ--------------–ის დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი