გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210019002960325
#2/321-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.06.2019 წელი. ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე: ს-------–---–--------------------------------------–----------------–------------–---
მოსარჩელის წარმომადგენელი: ზვ------------ნი
მოპასუხე: დი--------------------–ი
დავის საგანი: მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გი---------------ის (დაბ. 07.0--2---წ, პ/ნ 0----------) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი N 0----------, (0--09.2--- წელი), რომლითაც გი---------------ის მამად ცნობილი იქნა დი--------------------–ი, ხოლო ბავშვის გვარად განისაზღვრა მუ---------–ი.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონულ განყოფილებას 22.0--2--- წლიდან მინდობით აღზრდაში ჰყავს მცირეწლოვანი, 07.0--2--- წელს დაბადებული გი---------------ე, პ/ნ 0----------, ბიოლოგიური დედის თა---------------ს განცხადების საფუძველზე, რომელმაც შესაბამისი განცხადება შეავსო 21.0--2--- წელს. მასთან სოციალური მუშაკის მიერ მოხდა გასაუბრება და შეთავაზებული იქნა სხვადასხვა სერვისი, თუმცა მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის დატოვების შესახებ. ბავშვის მამის ვინაობა არ გაუმხელია არც სოციალური მუშაკისათვის და არც კლინიკის პერსონალისათვის, შესაბამისად 22.0--2--- წლის 04-00/39202 გადაწყვეტილებით მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. 11.09.2--- წელს თა---------------მ N72782 განცხადებით დააფიქსირა, რომ უარს აცხადებდა შვილის გაშვილებაზე და მზად იყო წაეყვანა თვითონ და თავად აღეზარდა. ასევე მან განაცხადა, რომ ის შეურიგდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას და აპირებდნენ დაოჯახებას. ამავდროულად მოხდა მამობის დადგენა და ბავშვს მიენიჭა გვარი - მუ---------–ი. რაზეც თა---------------მ განმარტა, რომ კლინიკაში მას ახლდა მეგობარი, რომელმაც იცოდა, რომ თამუნა აპირებდა ბავშვის დატოვებას, შეურჩია ოჯახი და ურჩია, იგი ყოფილიყო კარგ ოჯახში, ამიტომ თამუნამ მისცა მინდობილობა მისთვის უცნობ პიროვნებას, რათა მომხდარიყო ბავშვისათვის მამობის დადგენა და წაეყვანა ამ პიროვნებას - დი--------------------–ს. ასევე განმარტა, რომ თავად არასდროს არ შეხვედრია დი--------------------–ს, სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ მის მეუღლესთან. 31.10.2--- წელს თა---------------მ N 88724 განცხადებით ხელმეორედ დააფიქსირა ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა, რადგან უნდოდა ბავშვი წაეყვანა მამას. ამჟამად მცირეწლოვანი რჩება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მისი ბიოლოგიური მამის ვინაობა დაუდგენელია. საქმის შესწავლის მიზნით მოსარჩელემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა შეესწავლათ აღნიშნული საკითხი, ხომ არ იკვეთებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაზეც ჩატარდა დნმ ექსპერტიზა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან დი--------------------–ი არ აღმოჩნდა ბავშვის ბიოლოგიური მამა. ამდენად ვინაიდან გი---------------ე არ არის დი--------------------–ის მამა, ამასთანავე ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში, მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, ხოლო ბავშვის დედამ მასზე უარი განაცხადა. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს, რომ მალე მოხდეს მისი გაშვილება, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად, ასევე მინდობით აღზრდაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში შემდეგში რთულად მოხდება ბავშვის შეგუება ახალ ოჯახთან.
2.მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე დი--------------------–მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. გი---------------ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2--- წლის 7 აგვისტოს. მისი ბიოლოგიური დედაა თა--------------- (დაბ. 13.12.1---წ, პ/ნ 5----------). მცირეწლოვანის ბიოლოგიური მამა უცნობია. 2--- წლის 7 აგვისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამსახურის მიერ მოხდა ბავშვის დაბადების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. ს-------–---–--------------------------------------–----------------–------------–---ში მინდობით აღზრდაში იმყოფება გი-----ი მუ---------–ი (ტ-------) 22.0--2--- წლიდან, ბიოლოგიური დედის თა---------------ს განცხადების საფუძველზე. თა---------------მ თანხმობა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2--- წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 83)
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2--- წლის 22 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-85)
- განცხადება ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესახებ (ს.ფ. 86-90)
3.1.3. 2--- წლის 8 სექტემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირდა მამობის დადგენის N 0---------- აქტის ჩანაწერი, რომლის საფუძველზე გი---------------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდა ცვლილება, ბავშვის გვარი - ტ------- შეიცვალა გვარით -მუ---------–ი, დაემატა მამის მონაცემები : დი--------------------–ი პ/ნ 5----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერი (ს.ფ. 46)
3.1.4. დი--------------------–ი არ არის გი-----ი მუ---------–ის ბიოლოგიური მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 23-28)
3.1.5. გი-----ი მუ---------–ი მინდობით აღზდაში იმყოფება ქ.ბოლნისში, მიმღებ ოჯახში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 ოქტომბრის N 04-14-05/2486 საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 81-82)
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2--- წლის 22 აგვისტოს N 04-00/39266 საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ 84-90)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 39-ე მუხლები; ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,, სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 8 სექტემბერს მოხდა მამობის დადგენა, განხორციელდა მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად, გი---------------ის მამად ცნობილი იქნა დი--------------------–ი, ხოლო მამობის დადგენის შემდეგ ბავშვის გვარად განისაზღვრა მუ---------–ი.
სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის შესაბამისად მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
იმავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში გაჟღერებულ იდეას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ: CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, 7 მაისი 2015 წელი, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი).
ევროსასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „ოჯახური ცხოვრების“ უფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მშობლები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და კანონიერ მამას, თუნდაც ის არ იყოს ბიოლოგიური მშობელი, აქვს ბავშვის მიმართ სოციალური ერთობა. ამ გარემოებას არსებითად უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც ბავშვი ქორწინების გარეშეა დაბადებული და სახეზეა de facto „ოჯახური ცხოვრება“. საქმეებში: Ahrens v. Germany (განაცხადი # 45071/09, 22 მარტი 2012) და Kautzor v. Germany (განაცხადი # 23338/09, 22 მარტი, 2012) ევროსასამართლომ გამიჯნა კანონიერი და ბიოლოგიური მამების უფლებები და განმარტა, რომ ბიოლოგიური მამის უფლება, რომელსაც არ გააჩნდა შვილთან ახლო პირადი ცხოვრება, ექვემდებარებოდა „პირადი ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ხოლო კანონიერი მამის უფლება, რომელთანაც იზრდებოდა ბავშვი _ „ოჯახური ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ამასთანავე, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად არ იქნა მიჩნეული ბიოლოგიური მამისათვის მამის სრულყოფილი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მამობის საკითხის განსაზღვრის კრიტიკული სიმწვავის გათვალისწინებით, სასამართლო მოიშველიებს ევროსასამართლოს მიდგომებს, იქ სადაც ოჯახური კავშირების არსებობა დადგენილია, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეს კავშირი შენარჩუნდეს. მშობლისა და შვილის მიერ ურთიერთობების ორმხრივად შენარჩუნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ეროვნული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლიან მსგავსი ურთიერთობების შენარჩუნებას წარმოადგენს კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევას (იხ. მონორი Monory v. Romania and Hungary, no. 71099/01, § 70, 5 აპრილი 2005, K. and T. v. Finland), მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის პირველადი მიზანი არის დაიცვას ინდივიდი სახელმწიფო ორგანოების თვითნებური მოქმედებებისგან, ამასთანვე არსებობს ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ პოზიტიური ვალდებულება. ეს ვალდებულება შესაძლოა მოიცავდეს ისეთი მექანიზმების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების პატივისცემას ინდივიდებს შორის ურთიერთობისასაც კი, მათ შორის, ინდივიდის უფლებების სასამართლო რეგულირებისა და აღსრულების მექანიზმის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს (იხ. Glaser v. the United Kingdom, no. 32346/96, § 63, 19 სექტემბერი 2000). კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას, მიიღოს ზომები საკუთარ შვილთან კავშირისა და ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას, განახორციელონ მსგავსი მოქმედებები. ეს ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ურთიერთობის და ცხოვრების დავები ბავშვებთან დაკავშირებით წარმოიშობა მშობლებს და/ან ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხ. Manic v. Lithuania, no. 46600/11, § 101, 13 იანვარი 2015). როგორც უარყოფითი ისე პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა პირის სადავო ინტერსებსა და მთლიანად საზოგადოებას შორის; ორივე შემთხვევაში სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასებით. მე-8 მუხლი მოითხოვს ეროვნული უწყებებისაგან დაიცვან სამართლიანი ბალანსი ბავშვისა და მშობლის ინტერსებს შორის და დაბალანსების პროცესში უმნიშვნელოვანესია ბავშვის საუკეთესო ინტერსების დაცვა, რომელიც მათი სერიოზულობისა და ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება უფრო უპირატესი იყოს, ვიდრე მშობლის (იხ. Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII; Płaza v. Poland, no. 18830/07, § 71, 25 იანვარი 2011). მითითებულ საქმეზე სასამართლომ უფლების დარღვევად მიიჩნია გარემოება, როდესაც მომჩივანს მამის უფლება ჩამოერთვა და მისი სახელი ამოიშალა ბავშვის დაბადების მოწმობიდან მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა არ იყო, ამის შემდგომ მომჩივანმა დაკარგა ბავშვთან კონტაქტის შესაძლებლობა, რადგან ამას ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის წევრი ქვეყნები ვალდებული იყვნენ, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, დაედგინათ ბავშვის კავშირის შესაძლებლობა პირთან, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა „ოჯახური ცხოვრების“ უფლება. ამასთანავე, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქმის მასალებით მომჩივანის კონტაქტი ბავშვის მიმართ რომ საზიანო იყო, არ დასტურდებოდა, შესაბამისად, დადგინდა „ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლების დარღვევა, რადგანაც არ არსებობდა ამ უფლებაში ჩარევის „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვის-გი-----ი მუ---------–ის მამად სააქტო ჩანაწერში მითითებული პირი დი--------------------–ი არ არის ბავშვის ბიოლოგიური მამა. მას და ბავშვს შორის არ არსებობს ოჯახური კავშირი. ბავშვთან კავშირი ასევე არ აქვს ბავშვის ბიოლოგიურ დედას.ასევე არ დასტურდება იჯახური კავშირი არც ბავშვის მამად მითითებულ პირს და ბავშვის ბიოლოგიურ დედას სორის. ბავშვი ამჟამად იმყოფება მინდობით აღზრდის პროგრამაში. მას მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. დადგენილია, რომ ბავშვის დედამ თანხმობა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის ბათილობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ამასთანავე აღნიშნულით არ ირღვევა ,,ოჯახური ცხოვრების" პატივისცემის უფლება.
,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებული პირი მისი მამა არ არის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დი--------------------–ი არ არის გი-----ი მუ---------–ი(ტ-------) ბიოლოგიური მამა, ასევე დადგენილია რომ მათ შორის არ არსებობს ოჯახური კავშირი. ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში და მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.
ამდენად სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გი---------------ის მიმართ მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე დი--------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 259 1-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი N 0----------, (0--09.2--- წელი), რომლითაც გი---------------ის (დაბ. 07.0--2---წ, პ/ნ 0----------) მამად ცნობილი იქნა დი--------------------–ი (პ/ნ 5----------), ბავშვს მიენიჭ გვარი მუ---------–ი; ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარად მიეთითოს ტ-------.
3. მოპასუხე დი--------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე