გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6048-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ა------–------------–---–-----ი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - თ--------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, თანხის ჩამორთმევის ნაწილში და ჯარიმის ოდენობად განისაზღვროს 5000 (ხუთიათასი) ლარი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №7--- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება №5---------- საჩივარზე. (იხ.2019 წლის 27 სექტემბრისა და 2019 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვალს ს.გ.პ. სადახლო-საავტომობილოს კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე A----------------------I, მებaჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, მათ შორის, თანხა, დაადეკლარირა 10000 (ათიათასი) აშშ დოლარი. ეჭვის საფუძველზე მოხდა აღნიშნული პიროვნების სხეულის სკანერით და ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა არასწორად დადეკლარირებული თანხა 23900 (ოცდასამიათასი) აშშ დოლარი (59260.05 ეკვივალენტი ლარში). აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა თანხის ჩამორთმევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.32-33);
- „მგზავრის პირადი დათვალიერების“ 2018 წლის 28 თებერვლის №28/02/2018/02 ოქმი (ს.ფ.65-66);
- „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ“ 2018 წლის პირველი მარტის ოქმი (ს.ფ.67-68);
3.2. ა------–------------–---–-----მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, გამოყენებული სანქცია არ არის ადეკვატური სამართალდარღვევის სიმძიმის. სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ხარვეზებით, სამართალდამრღვევი ფლობს მხოლოდ არაბულ ენას და მისთვის საერთოდ გაუგებარი იყო, თუ რაზე ესაუბრებოდა მებაჟე ან საერთოდ რა პროცედურების დარღვევის გამო იქნა დაჯარიმებული. სამართალდამრღვევმა არაერთხელ მოითხოვა თარჯიმანი, მან ისე მოაწერა ხელი სამართალდარღვევის ოქმს, რომ მისთვის უცნობი იყო შინაარსი. სამართალდამრღვევი პირველად კვეთდა ამგვარ პირობებში საზღვარს, კერძოდ, როდესაც მას უწევდა თანხის ჯიბით გადმოტანა. იგი წარსულში არასდროსაა მიჩნეული და დაჯარიმებული საზღვრის კვეთის პროცედურების დარღვევის გამო. ასევე, პირველი შემთხვევა იყო მის მიერ სადახლოს საბაჟო პუნქტით სარგებლობის, რაც გამორიცხავს მისთვის წესების ცოდნის ვალდებულებას. საჩივრის თანახმად, სამართალდამრღვევი აცნობიერებს ჩადენილი სამართალდარღვევას და ინანიებს მას, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოყენებული სანქცია არის შეუსაბამოდ მკაცრი და ითხოვს თანხის ჩამორთმევა შეიცვალოს 5000 ლარიანი ჯარიმით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №7--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანები თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და არ არსებობს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, სამართალდამრღვევი პირველად არ გადაადგილდებოდა (9 შესვლა-გასვლა, მათ შორის, 6 შესვლა-გასვლა სწორედ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტით) საქართველოს საბაჟო საზღვრაზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.ბრძანების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. „ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - 5000 ლარი) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი. სამართალდამრღვევის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება საგადასახადო პასუხისმგებლობის გაუქმების ან შეცვლის საფუძვლად. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბრძანებაში დამატებით აღნიშნულია, რომ სამართალდამრღვევს მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, მათ შორის, ნაღდი ფული, მან მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი დაადეკლარირა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დიალოგი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, ამასთან, თარჯიმნობას უწევდა მასთან ერთად გადაადგლებული პირი, აღნიშნული დასტურდება, ასევე, საქმეზე არსებული ვიდეო ფაილითაც. ეჭვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური დათვალიერებისას ქურთუკის შიდა ჯიბეში აღმოაჩნდა არასწორად დადეკლარირებული თანხა - 23900 აშშ დოლარი (მათ შორის, დეკლარირებული 10000 აშშ დოლარი), რაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა - 59260.05 ლარს. ბრძანებაში მითითებულია, ასევე, რომ სამართალდამრღვევი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სამართალდამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან მას აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფული 23900 აშშ დოლარი, რომელმაც ჯამში შეადგინა 59260.05 ლარის ეკვივალენტი და რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან/და მისგან მალულად. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (საქონლის ჩამორთმევა) კანონშესაბამისია და მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მას უარი უნდა ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა------–------------–---–-----ის 2018 წლის 9 მარტის საჩივარი (ს.ფ.72-74);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №7--- ბრძანება (ს.ფ.27-31);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 22 მარტის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.70-71).
3.3. ა------–------------–---–-----მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №7--- ბრძანების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, მართალია, ა------–------------–---–-----მა საქართველოს საბაჟო საზღვარი გადაკვეთა რამდენიმეჯერ, თუმცა ეს არ ავალდებულებს მას, ზეპირად იცოდეს საბაჟო პროცედურები. სამართალდამრღვევმა არაერთხელ მოითხოვა თარჯიმანი, თუმცა არ იქნა უზრუნველყოფილი მისი უფლების რეალიზაცია. ამასთან, დაჯარიმების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან დეკლარირება ფაქტობრივად არ დაუსრულებია ოფიციალურად, ისე მოხდა მასზე თანხის ჩამორთმევა. აღნიშნული თანხა არის სესხად აღებული ნათესავებისაგან, რათა საქართველოში თავისი მრავალშვილიანი ოჯახი უზრუნველეყო საცხოვრებლით. ამდენად, საბჭოს, ეთხოვა, გაეთვალისწინებინა სამართალდამრღვევის ოჯახური მდგომარეობა, ჩადენილი სამართალდარღვევის აღიარების ფაქტი და მომხდარიყო სანქციის თანხის ჩამორთმევის 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით შეცვლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, სამართალდამრღვევის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, აქვს თუ არა ნაღდი ფული, იგი პასუხობს, რომ გააჩნია მხოლოდ 10000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მისთვის გასაგებია მებაჟე-ოფიცრის შეკითხვა და ის გარემოება, რომ ნაღდი ფული ექვემდებარება დეკლარირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში სამართალდამრღვევის მხრიდან არ შესრულებულა. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------–------------–---–-----ის 2018 წლის 12 აპრილის (ს.ფ.88-93);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ.18-26).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 209-ე, 215-ე და 289-ე მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-6 მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №7--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს.გ.პ. სადახლო-საავტომობილოს კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა------–------------–---–-----ი, რომელმაც დაადეკლარირა 10000 აშშ დოლარი, თუმცა მისი სხეულის სკანერითა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არასწორად დადეკლარირებული თანხა 23900 (ოცდასამიათასი) აშშ დოლარი (59260.05 ექვივალენტი ლარში). აღნიშნულიდან გამომდინარე იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა თანხის ჩამორთმევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით საგადასახადო პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მაშინაც, როდესაც იგი არ აცხადებს მებაჟე-ოფიცრის წინაშე დასადეკლარირებელი თანხის ოდენობის შესახებ სრულ ინფორმაციას, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რომ თანხის ის ნაწილი, რომელიც დაადეკლარირა მოსარჩელემ, არ უნდა დაქვემდებარებოდა ჩამორთმევას.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
მითითებული ბრძანების 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულისა საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს დეკლარირებას დაქვემდებარებული ფულადი თანხა გადმოჰქონდა საბაჟო კონტროლის მალულად, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ არ ყოფილა დაცული თანაზომიერების პრინციპი საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერებაზე მსჯელობისას იკვლევს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე, რომლის მიხედვით მებაჟე-ოფიცერმა მოსარჩელეს დაუსვა შეკითხვა, რამე ხომ არ ჰქონდა დასადეკლარირებელი, რაზეც მოსარჩელე თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. მებაჟე-ოფიცერის შეკითხვაზე, სად მიდის, იგი ქართულად პასუხობს მარჯანიშვილი, თბილისში. მებაჟე-ოფიცერი ეკითხება, თუ საუბრობს ინგლისურად, ხოლო იგი ხელის მოძრაობით ეძახის შვილს. მოსარჩელის შვილის მისვლის შემდეგ მებაჟე-ოფიცერი უკვე მას ეკითხება, აქვთ თუ არა რამე დასადეკლარირებელი, რაზეც აღნიშნული პირი პასუხობს არა და შემდეგ იძახის არ ვიცი. მებაჟე-ოფიცერი უმარტავს - სიგარეტი, ალკოჰოლი, რის შემდეგაც ეკითხება, გაიგო თუ არა, რაზეც იღებს დადებით პასუხს, შემდეგ მებაჟე-ოფიცერი აგრძელებს -ძირფასეულობა, 10000 აშშ დოლარი, ფულთან დაკავშირებით მოსარჩელის შვილი ეუბნება, რომ აქვთ 10000აშშ დოლარი, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს. ამ დროს მებაჟე-ოფიცერი თხოვს კიდევ ერთხელ დააზუსტოს თანხის ოდენობა, რაზეც იგივე პასუხს იღებს.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის ის ფაქტი, რომ პირადი დათვალიერების შემდეგ მოსარჩელეს აღმოაჩნდა დამატებითი თანხა ქურთუკის ჯიბეში, რომლის შესახებ მებაჟე-ოფიცრისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ ა------–------------–---–-----ს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა თარჯიმანის დახმარებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდებოდა მოსარჩელისათვის გასაგებ ენაზე, მისი შვილის დახმარებით.
სასამართლო დამატებით მოიხმობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უკანონო შემოსავალი არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა.
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკურ სისტემის სტაბილურობას, რომლის აღკვეთის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს საგადასახო ორგანოების მხრიდან საბაჟო საზღვრზე საბაჟო კონრტოლისა და ზედამხედველობის პროცედურების განხოციელება. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ მოსარჩელის მიერ თანხის არასწორად დადეკლარირებას ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფოსათვის. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტი, რომ პირს აქვს მცდელობა საბაჟო საზღვარზე მალულად გადმოიტანოს თანხა, უკვე ქმნის საფრთხეებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე, მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ ა------–------------–---–-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თანხის გადმოტანას საბაჟო კონტროლის მალულად. სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად ვალუტის გადაადგილება არ გულისხმობს აღნიშნული თანხის მხოლოდ სპეციალური სამალავით, საქონლის ფარული გადაზიდვისათვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად ფულის გადატანა შესაძლებელია განხოციელდეს, ასევე, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, მებაჟე-ოფიცრისათვის არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა ქურთუკის ჯიბეში შენახული თანხის ოდენობის შესახებ, ამდენად სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისიწნებული წინაპირობები სანქციის გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობირივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისიწნებით და იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოსარჩელეს საქართველოს საბაჟო საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 9-ჯერ, მათ შორის 6-ჯერ სწორედ სგპ „სადახლოს“ მეშვეობით, ამასთან, მოსარჩელემ დაადეკლარირა ნაწილი თანხისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან დაცულ იქნა თანაზომიერების პრინციპი სანქციის შეფარდებისა და არ არსებობს სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე, აპელირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს მოსარჩელის გათავისუფლებას დაკისრებული პასუხიმგებლობისაგან კეთილსინდისიერების გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა მოსარჩელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით დაჯარიმების შემთხვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს. დავების განხილვის ორგანოებს მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადოდ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობის გათავისუფლების წინაპირობების არსებობას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მუხლის მიხედვით მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ა------–------------–---–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე