გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210118002502758
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18108-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე

მოსარჩელე -კა---–ო ჯვ---–--–---–ი

წარმომადგენელი- ნუ----რ წე-------–ი

მოპასუხე- ავ-------ლ ნა-----ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. ავ-------ლ ნა-----ს კა---–ო ჯვ---–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1220,40 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის დეკემბერს კა---–ო ჯვ---–--–---–მა პარტნიორთან (ირ---–ი ცი-–---სთან ) ერთად დაარსა შპს „ვუ----------ი“, რომელსაც დაკვეთების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო, საოფისე და სხვადასხვა სახის ავეჯი. ქარხნის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდგომ (დაახლოებით 2016 წლის სექტემბერი) საჭირო იყო გამოცდილი კადრის მოძიება შესაბამისი დაკვეთების მიღებისა და მომზადებისათვის. ქარხნის იმდროინდელმა თანამშრომელმა გიორგი გოშაძემ დამფუძნებლებს განუმარტა, რომ ასეთი კადრი არსებობდა ავ-------ლ ნა-----ის სახით, რომელიც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, იყო დროებით უმუშევარი და სურდა საქართველოში დაბრუნება. ავ-------ლ ნა-----თან გასაუბრების შემდეგ იგი დათანხმდა სამუშაოს და მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ თუ მოპასუხე წარმატებით გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას იგი მიიღებდა თავის ფიქსირებულ ანაზღაურებას.

 

საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე 2016 წლის 31 ოქტომბერს ავ-------ლ ნა-----ი დაუკავშირდა კა---–ო ჯვ---–--–---–ს და სთხოვა დანადგარების საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებულ პროცედურებში მატერიალური დახმარება, რაც გამოიხატა იმაში, რომ კა---–ო ჯვ---–--–---–მა ავ-------ლ ნა-----ს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, სესხის სახით გადაურიცხა 1220.40 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ 3 თვის ვადაში ნა-----ი უზრუნველყოფდა გადაცემული თანხის სრულად დაბრუნებას.

 

იმ გარემოების გამო, რომ ავ-------ლ ნა-----ი შპს „ვუ----------ში“ მისვლის დღიდან გამოირჩეოდა არაპუნქტუალობით, საქმის მიმართ უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებით და ვერ ართმევდა შეთანხმებულ ვალდებულებებს თავს, მხარეთა შორის თანამშრომლობა შეწყდა.

 

ავ-------ლ ნა-----ი მიუხედავად მხარეთა არაერთი შეხვედრისა და დაპირებისა არ უბრუნებს კა---–ო ჯვ---–--–---–ს ნასესხებ თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებაზე, რომ სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ რუსეთიდან დანადგარების ჩამოსატანად გაუ----ვნა 1220.40 აშშ დოლარი, თუმცა არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული თანხა მას გადაეცა სესხის სახით და რომ თანხა უნდა დაებრუნებინა 2017 წლის იანვრამდე. აღნიშნული დანადგარები მოხმარდა საწარმოს შპს“ ვუ----------ის“ საქმიანობას და მასზე, მოპასუხის განცხადებით, იმუშავა 2016 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 01 მარტამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს კა---–ო ჯვ---–--–---–მა სს „ბა--------ის“ მეშვეობით ავ-------ლ ნა-----ს გადაურიცხა 1220.40 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქვითარი ფულადი გზავნილის განხორციელებაზე (ს.ფ. 20)

- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20---–-–-----------ის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ავ-------ლ ნა-----ის სარჩელი და მოპასუხეების კა---–ო ჯვ---–--–---–ისა და შპს „ვუ----------ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოძრავი ნივთები საბურღი დანადგარი(დაზგა) ჯფ--------3 და საღარავი დანადგარი (ს/კ 0---------------) და ეს ნივთები გადაეცა მესაკუთრე ავ-------ლ ნა-----ს.

 

ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 201--–-–-------------რს ავ-------ლ ნა-----მა შეავსო საგადასახადო დეკლარაცია და შემოიტანა ტვირთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.06.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-54)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს სამი თვის ვადით დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 1220,40 აშშ დოლარს.

 

ზეპირი სესხის ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა პროცენტი და პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2.2. სასამართლომ მოწმე ირ---–ი ცი-–--ის ჩვენებით დადგენილად მიიჩნია, რომ კა---–ო ჯვ---–--–---–მა დაზგა-დანადგარების ჩამოსატანად, ავ-------ლ ნა-----ს ასესხა თანხა, რომელიც წარმოადგენდა მის პირად სახსრებს და არა საწარმოს თანხას. აღნიშნული თანხით ავ-------ლ ნა-----მა შეძლო პირადი ნივთების და არა მხოლოდ დანადგარების საქართველოში ჩამოტანა, რადგან ის გეგმავდა საქმიანობის საქართველოში გაგრძელებას.

 

ამავე მოწმის ჩვენებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის დროსაც საუბარი იყო ნასესხები თანხის მოპასუხის მიერ უკან დაბრუნებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმის ჩვენება(იხ. 08.05.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. თუმცა აღნიშნული მსჯელობა ეხება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება ვერ მიიჩნევა სესხის ხელშეკრულების დადებად, მაშინ როდესაც ამისათვის აუცილებელია რეალური ქმედება. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა. მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს სასესხო ურთიერთობებთან მიმართებით წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან, მაგრამ ეს დასტურდება პრაქტიკით. შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას.

 

სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კა---–ო ჯვ---–--–---–ი სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებს როგორც ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით და ასევე საქმეში წარმოდგენილი სს „ბა--------ის“ მიერ ფულადი გზავნილით 1220.40 აშშ დოლარზე. ამასთან თანხის ოდენობა და მისი გადარიცხვის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს და შესაგებლით აღიარა, ის ფაქტი, რომ კა---–ო ჯვ---–--–---–მა ეს თანხა მას საწარმოს საქმიანობის მიზნებისათვის გადაურიცხა, რადგან ჩამოტანილი დანადგარებით შემდგომ მოპასუხე საქმიანობას ახორციელებდა საწარმოში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ფულადი გზავნილით გადარიცხული თანხა საწარმოს შპს“ვუ----------ის“ მიერ იქნა გადარიცხული, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

მოწმე შპს“ ვუ----------ის“ პარტნიორის ირ---–ი ცი-–--ის ჩვენებით სესხის სახით მოპასუხისათვის გადარიცხული თანხა წარმოადგენდა კა---–ო ჯვ---–--–---–ის პირად თანხას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა კა---–ო ჯვ---–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 316-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ედავება ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა სასამართლო მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი სესხის ხელშეკრულება და ავ-------ლ ნა-----ს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 1220, 40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კა---–ო ჯვ---–--–---–ის სარჩელი ავ-------ლ ნა-----ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ავ-------ლ ნა-----ს კა---–ო ჯვ---–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1220 დოლარის და 40 ცენტის - ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

3.ავ-------ლ ნა-----ს კა---–ო ჯვ---–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი