გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2019
საქმის ნომერი
010310017002184132
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/787-17 ( 010310017002184132)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - რ---–------------

წარმომადგენელი - გ--–-----------

 

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზ---------–-----

 

მესამე პირი - შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“

წარმომადგენელი - ი-----–------–----

 

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულება.

 

1.2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე, რ---–------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

დავის მოკლე შინაარსი; რ---–------------ ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. N33-ში ფლობს 93,00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ, რომელზეც თვითნებურად ააშენა 33.75 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა. 2013 წელს, მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილებით, რ---–------------- მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილება, რ---–------------- მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის N3/679-15 გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---–------------- მოთხოვნასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის N3/679-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კვლავ განიხილა რ---–------------- მოთხოვნა, ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ რ---–------------- მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ და სატრანსპორტო ზონაში, რომლის მომიჯნავედაც განთავსებულია მაგისტრალური მილსადენები. მოსარჩელე თვლის, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულება დაუსაბუთებელია, მისი გამოცემისას დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მომზადებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის წარმომადგენელი მხარს უჭერს საქმეში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს. (იხ. შესაგებელი)

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ შორის, 2006 წლის 28 აპრილს გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. ბათუმში, ,,თხევადი აირის ტერმინალიდან“, შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ მილსადენებამდე მაბლოკირებელი მილსადენის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს - 0,25 ჰა. რ---–------------- მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მიმდებარედ გადის შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ კუთვნილი მილსადენები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2006 წლის 28 აპრილის უზუფრუქტის ხელშეკრულება; ორთოფოტო;

 

4.2. 2013 წელს, რ---–------------მ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოვითხოვა მის მიერ ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში, თვითნებურად დაკავებულ 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილებით, რ---–------------- მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რ---–------------მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა კომისიის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილების ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №(3/679-15)010310015001145859 გადაწყვეტილებით, რ---–------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილება რ---–------------ზე ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე რ---–------------- მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის №(3/679-15)010310015001145859 გადაწყვეტილება

 

4.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების 2017 წლის 20 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა რ---–------------- მიერ კომისიაში წარდგენილი აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში, მასზე განთავსებულია სანაპირო ზოლის გამაგრების დამხმარე ნაგებობა, გაზის ხაზოვანი ნაგებობა, ამასთან, ნაკვეთი მდებარეობს სანაპირო ზოლის სიახლოვეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2017 წლის 20 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი

 

4.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N908 განკარგულებით, განხილულ იქნა რ---–------------- 2017 წლის 16 ივნისის N18619/25 განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილების (რ---–------------- ნაწილში) ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N908 განკარგულება

 

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ შემთხვეევაში, არ არსებობს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

8. სამართლებრივი შეფასება:

 

8.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

8.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

8.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

8.5. სასამართლო მიუთითებს ;ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

8.6. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

8.7. საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

8.8. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. 2. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის თანახმად 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით. 5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობრით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისიწინებით. ასევე დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ;ე; ქვეპუნქტის თანხმად დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება

 

ზემოთხსენებული განმარტებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს კანონმდებლის იმპერატიული მითითება იმისთვის, რომ სახეზე არსებობდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მისი დაკანონების შესაძლებლობა და სახეზე იყოს დაინტერსებული პირი, აუცილებელია კუმულატიურად ორი ფაქტორის არსებობა პირველი მიწის ნაკვეთზე, რომლის მომიჯნავედ მოხდა მიწის ნაკვეთის დაუფლება უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი ან რაიმე შენობა, მეორე დაუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა იყო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.

 

8.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილების (რ---–------------- ნაწილში) ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. კერძოდ, რ---–------------მ 2013 წელს, განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა მის მიერ ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში, თვითნებურად დაკავებულ 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა. სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რ---–------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 01 ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, 2017 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რ---–------------- მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში, მასზე განთავსებულია სანაპირო ზოლის გამაგრების დამხმარე ნაგებობა, გაზის ხაზოვანი ნაგებობა, ამასთან, ნაკვეთი მდებარეობს სანაპირო ზოლის სიახლოვეს.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ შორის, 2006 წლის 28 აპრილს გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით, დადგენილია ის გარემოებაც, რომ შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. ბათუმში, ,,თხევადი აირის ტერმინალიდან“, შპს ,,ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდს“ მილსადენებამდე მაბლოკირებელი მილსადენის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს - 0,25 ჰა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია კომპანიის უფლებაუნარიანობის მთელი ვადით, ხოლო მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ბუფერულ ზონებს.

 

უდავოდ დადგენილია ისიც, რომ რ---–------------- მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მიმდებარედ გადის შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ კუთვნილი მილსადენები.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N908 განკარგულებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, რ---–------------ს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-შ მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

მოსარჩელის განცხადებით, კომისიამ სათანადოდ არ შეიწავლა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და შესაბამისად უსაფუძვლოდ უთხრა უარი გამცხადებელს, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიჩნევს რომ, კომისიამ შეიწავლა და გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება, რაც უკავშირდებოდა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N13 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს და გადაწყვეტილებაც მიიღო მხოლოდ აღნიშნული მოქმედებების განხორციელების შემდგომ.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №365 დადგენილებით დამტკიცდა მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. დადგენილების 1-ელი მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ეს წესი ადგენს მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. მე-2-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრალური მილსადენი განმარტებულია, როგორც - მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად.

 

ამავე დადგენილების მე-4-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, 1. მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა. 2. დაცვის I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს. 4. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთკავკასიური მილსადენისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან 11 მეტრზე ყველა მხარეს, ხოლო დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენისათვის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) - 21 მეტრზე ყველა მხარეს. 6. მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთის ადგილებზე დაცვის II ზონა იწყება დაცვის I ზონის გარეთა საზღვრიდან და ვრცელდება 96 მეტრზე ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს წყლის სივრცეზე - ზედაპირიდან ფსკერამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერების, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის, ორთოფოტოს საფუძველზე, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩა N33-ში, რ---–------------- მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მოქცეულია აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში, ხოლო, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს იმპერატიულ დათქმას, ამგვარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე მიუთითებს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერებაზე და მიიჩნევს, რომ "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქტის გამოცემის დროს, სრულად იქნა დაცული მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, ამასთანავე მასში დაფიქსირებულია გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დადგენილი წესით იქნა გამოკვლეული და მოძიებული საქმისთვის მნიშვლობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებაც შესაბამისად, დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებს ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

8.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტი ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

8.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია 1.2. მოთხოვნაც, მოპასუხისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55.2-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. როლად ზოიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე Mკობა გოცირიძე