განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
340100119002870431
დავის ტიპი
126
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119002870431

N1/28-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

24.07.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე:

გურჯაანის რაიონული პროკუტარურის პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მა----–- ღვ--–-ძე.

თარჯიმანი: რა----- მე-----–--ლი.

ბრალდებული: ვუ---- ქა-------ვი.

მამის სახელი: აჟ-----.

დაბადებული: 01.12. 1---–-

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არა ნასამართლევი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კ--------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126 მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში მცხოვრების ვუ---- ქა-------ვი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფი--–- სა------ვასთან. 2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან 2019 წლის 19 იანვრამდე, ვუ---- ქა-------ვი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების, შა---- ქა-------ვას და ელ--- ქა-------ვის თანდასწრებით, სისტემეტურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ფი--–- სა------ვას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის როგორც ფიზიკურ ტკივილს, ასევე ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ დაადგინა, რომ ვუ---- ქა-------ვი უდანაშაულოა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126 მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა.

 

3.1. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა, ბრალდებულ ვუ---- ქა-------ვის მეუღლემ, ფი--–- სა------ვამ უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.

 

3.2. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა, ბრალდებულ ვუ---- ქა-------ვის შვილმა ელ--- ქა-------ვმა უარი განაცხადა მამის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.

 

3.3. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა, ბრალდებულ ვუ---- ქა-------ვის შვილმა შა---- ქა-------ვამ უარი განაცხადა მამის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.

 

3.4. მოწმე ზურაბ სამხარაძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი მუშაობს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად და ვუ---- ქა-------ვის მიმართ აწარმოა სისხლის სამართლის საქმე. მან დაკითხა დაზარალებულები, მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა. ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც საჭიროებდა თარჯიმანს ჩაატარა თარჯიმნის მონაწილეობით.მის მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავება, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევის. ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა და თავს დამნაშავედ არ სცნობდა.

 

3.5. მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ვუ---- ქა-------ვმა თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მას არასოდეს ცოლისათვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არასოდეს უცემია შვილების თვალწინ. ის მხოლოდ უშლიდა უცხო მამაკაცებთან ტელეფონით მიმოწერას, რასაც არ იშლიდა მისი მეუღლე. 2018 წლის 5 დეკემბერს, ბრალდებულს დედა ჰყავდა ავად და მისი მეუღლე ფი--–- სა------ვა ემესიჯებოდა შეყვარებულს. ბრალდებულმა ეს გაუგო და უსაყვედურა. მეოდერაც რომ დაუჭირა ესემესები, თვითონ ფი--–-მ დაამტვრია ტელეფონი. შემდეგ ბრალდებულმა აზერბაიჯანში ყოფნისას უყიდა ცოლს ტელეფონი და შვილებსაც საჩუქრები. მის ცოლს ჰყავს ბევრი ნაცნობი მამაკაცი და მათ ემესიჯება, რაც არ მოსწონს ბრალდებულს, მაგრამ მას ცოლი არასოდეს უცემია. რაც შეეხება თმის შეჭრას, მან თვითონ შეიჭრა თმები, რადგან გაბრაზდა ტელეფონი რატომ წამართვიო. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას უყვარს ცოლი და შვილები და ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისათვის.

 

3.6. საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, (ს.ფ. 81-84) რომლის მიხედვით, ფი--–- სა------ვას სხეულზე დაზიანებათა ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება- მიღებულია მხარეთა მიერ, როგორც უდაო, პრიუდიციული მტკიცებულება. ამ მტკიცებულებით არ

დასტურდება ვუ---- ქა-------ვის ბრალეულობა წარდგენილ ბრალში, რადგან სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფი--–- სა------ვამ ჩვენება არ მისცა სასამართლოს და შესაბამისად არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტი.

 

3.7. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული მოწმე ფრ------ აბ-----–--ვას ჩვენება, რომელის მიხედვითაც, იგი არის დაზარალებულ ფი--–- სა------ვას დედა და მისი შვილისაგან გადმოცემით იცის, რომ ვუ---- ქა-------ვმა სცემა და თმები შეაჭრა. მოწმე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მისთვის შვილს ფი--–- სა------ვას არასოდეს უთქვამ ადრე, სცემდა თუ არა ბრალდებული.

ამ ჩვენებით არ დასტურდება ბრალდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რადგან ჩვენება არის ირიბი ჩვენება, რომელიც სხვა არც ერთი პირდაპირი ჩვერნებით არ ადასტურდება.

ასევე არასადაოდ იქნა გამხდარი ბრალდებულის შვილის არ---- ქა-------ვის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ მას არასოდეს უნახავს ბრალდებულის და დედის ჩხუბი და მხოლოდ და-ძმებისაგან გაიგო, რომ ამ ბოლო დროს დედას და მამას ჩხუბი მოსვლიათ.

 

3.8. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.9. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოების - ძალადობის ჩამდენი პირის (სუბიექტის) დადგენის ნაწილში, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს მათ საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას.

 

3.10 ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

3.11. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

3.12. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს, რომ ვუ---- ქა-------ვი სისტემატურად ცემდა და ძალადობდა ფი--–- სა------ვაზე.

3.13. სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

3.14. ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილისა.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

3.16. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვუ---- ქა-------ვი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.17. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდავუ---- ქა-------ვის მიმართ წარდგენილი ბრალს.

 

4. სამართლებრივი შეფასება.

 

4.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ვუ---- ქა-------ვი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126 - ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

5.1. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვუ---- ქა-------ვი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ვუ---- ქა-------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. განაჩენი გამოცხდებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

4. ვუ---- ქა-------ვს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე