განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
190100119003075666
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-533-19

N012090619004

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ალექსანდრე გოგილაშვილი, დაბადებული 1981 წლის 09 ივნისს, პირადი ნომერი 14001005023, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ზემო მაჩხაანი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ტაშკენტის ქ. 5/180-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ადვოკატი - მაკა ბერაძე

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ცირა ბენაშვილი და ალექსანდრე გოგილაშვილი 2003 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. უკანასკნელი წლის განმავლობაში ალექსანდრე გოგილაშვილი ცირა ბენაშვილს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით უმოწმებდა სატელეფონო კომუნიკაციას, უკრძალავდა აზრის გამოთქმას და სთხოვდა სრულ მორჩილებას, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში აგინებდა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი და გამოიწვია ცირა ბენაშვილის ტანჯვა. ამასთან, 2019 წლის 9 ივნისს, შუადღის საათებში, ალექსანდრე გოგილაშვილს ცირა ბენაშვილმა უსაყვედურა და უთხრა, რომ აღარ მიეღო ალკოჰოლი, რის გამოც ალექსანდრე გოგილაშვილმა არასრუწლოვანი შვილების მარიამ გოგილაშვილისა და ნიკოლოზ გოგილაშვილის თანდასწრებით შეაგინა, თმაში მოჰკიდა ხელი და ძლიერად მოქაჩა, წააქცია, წამოდგომის შემდეგ სახეზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგ ცირა ბენაშვილი ცდილობდა სახლიდან გაქცევას, რა დროსაც დაეწია ალექსანდრე გოგილაშვილი ჰკრა ხელი და წააქცია კიბეზე. ალექსანდრე გოგილაშვილის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ცირა ბენაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ალექსანდრე გოგილაშვილის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: თეონა მიგრიაულის, მარიამ გოგილაშვილის, ლევან წაქაძის, ცირა ბენაშვილის გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცირა ბენაშვილი და ალექსანდრე გოგილაშვილი 2003 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. უკანასკნელი წლის განმავლობაში ალექსანდრე გოგილაშვილი ცირა ბენაშვილს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით უმოწმებდა სატელეფონო კომუნიკაციას, უკრძალავდა აზრის გამოთქმას და სთხოვდა სრულ მორჩილებას, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში აგინებდა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი და გამოიწვია ცირა ბენაშვილის ტანჯვა. ამასთან, 2019 წლის 9 ივნისს, შუადღის საათებში, ალექსანდრე გოგილაშვილს ცირა ბენაშვილმა უსაყვედურა და უთხრა, რომ აღარ მიეღო ალკოჰოლი, რის გამოც ალექსანდრე გოგილაშვილმა არასრუწლოვანი შვილების მარიამ გოგილაშვილისა და ნიკოლოზ გოგილაშვილის თანდასწრებით შეაგინა, თმაში მოჰკიდა ხელი და ძლიერად მოქაჩა, წააქცია, წამოდგომის შემდეგ სახეზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგ ცირა ბენაშვილი ცდილობდა სახლიდან გაქცევას, რა დროსაც დაეწია ალექსანდრე გოგილაშვილი ჰკრა ხელი და წააქცია კიბეზე. ალექსანდრე გოგილაშვილის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ცირა ბენაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსანდრე გოგილაშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის ალექსანდრე გოგილაშვილის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.

4.3. ბრალდებულ ალექსანდრე გოგილაშვილის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ალექსანდრე გოგილაშვილის მიერ საპატიმრო ადგილას გატარებული პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას გაეაზრებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მაგრამ უნდა მოხდეს მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში იგი გარკვეულ კონტროლს იქნება დაქვემდებარებული პრობაციის ორგანოების მიერ, ხოლო თუ მისი მხრიდან კვლავ ექნება ადგილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდება და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღსრულდება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ალექსანდრე გოგილაშვილის მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ალექსანდრე გოგილაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კაბა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.

 

_ თმის ღერები განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალექსანდრე გოგილაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

2. ალექსანდრე გოგილაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 09 ივნისიდან 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

4. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

5. მსჯავრდებულ ალექსანდრე გოგილაშვილს დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კაბა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.

 

_ თმის ღერები განადგურდეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი