გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1187-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ჰ-------–---ნ
წარმომადგენლები ა---------------ი
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი თ-------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართვლოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება MIA 4 19 0-------.
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ-------–---ნის (პასპ. U1-------) საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავრი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების(წითელი ხიდი) გამტარ პუნქტზე 2019 წლის 12 იანვრის აქტით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ-------–---ნს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავრი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) გამტარ პუნქტზე 2019 წლის 12 იანვრის აქტი (ს.ფ. 65-66).
3.1.2. ჰასალ ალთანის წარმომადგენელმა 2019 წლის 15 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჰ-------–---ნის (U1-------) საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის დავალება შესაბამისი უწყებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 15 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 67-69).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავრი სამმაღთველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსს, ამავე სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) უფროსის 2019 წლის 21 იანვრის MIA 4 19 0------3 წერილით ეცნობა, რომ H-----------მა (დაბ. 01.04.1--- წელს პას.NU1-------) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარი ეთქვა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ი'' ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) უფროსის 2019 წლის 21 იანვრის MIA 4 19 0------3 წერილი (ს.ფ. 64).
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის MIA 4 19 0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ-------–---ნის წარმომადგენელს ა---------------ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითები ხიდი) 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის MIA 4 19 0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-62).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ-------–---ნის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავრი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) გამტარ პუნქტზე 2019 წლის 12 იანვრის აქტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის MIA 4 19 0------- გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. თავის მხრივ, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართვლოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) 2019 წლის 12 იანვრის აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. ასევე, დადგენილია, რომ სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) უფროსის 2019 წლის 21 იანვრის MIA 4 19 0------3 წერილით ეცნობა, რომ H-----------ს (დაბ. 01.04.1--- წელს პას.NU1-------) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარი ეთქვა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ი'' ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
მითითებული დებულების მე-4 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის ამოცანაა კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა; ამავე დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია დეპარტამენტის კომპენტენციის ფარგლები. მითითებული მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას; ხოლო ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას;
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის - ჰ-------–---ნის ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ-------–---ნი საქართველოში შემოსვლისას გადამოწმდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით, რასაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართვლოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, პირის იდენტიფიცირების მიზნით დამატებით გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რამეთუ დადასტურდა, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაცია შეიცავდა შეუსაბამობებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უკანონოდ ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ჰ-------–---ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართვლოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის XI განყოფილების (წითელი ხიდი) 2019 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე ჰ-------–---ნისთვის უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის MIA 4 19 0------- გადაწყვეტილება.
4. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისროს მოსარჩელე ჰ-------–---ნის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია