გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210019002880566
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4589-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი“

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხე - გ-----–----

წარმომადგენელი - თ--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ-----–----სთვის სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ 2013 წლის 27 აპრილის საბანკო კრედიტის შესახებ N0------------- ხელშეკრულებიდან გამომდი-ნარე ძირი თანხის - 8695 ლარის დაკისრება;

1.2. გ-----–----სთვის სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ 2013 წლის 27 აპრილის საბანკო კრედიტის შესახებ N0------------- ხელშეკრულებიდან გამომდი-ნარე პროცენტის - 6272,37 ლარის დაკისრება;

1.3. გ-----–----სთვის სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ 2013 წლის 27 აპრილის საბანკო კრედიტის შესახებ N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 2650 ლარისა და გამარტივებული საქმის წარმოების ბაჟის 100 ლარის ოდენობით დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით 2013 წლის 27 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, 2017 წლის 1 მაისამდე, ყოველთვიური გადასახდელი 14%-ით, პირგასამტეხლო 0.5%-ით.

 

მოპასუხის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოსარჩელემ 2018 წლის 26 იანვრიდან შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2013 წლის 27 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 17717,37 ლარს (ძირი - 8695, პროცენტი - 6272,37, ჯარიმა - 2650 ლარი, გამარტივებული საქმის წარმოების ბაჟი 100 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ-----–----მ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხარეთა დელიქტის შედეგად მიყენებულ ზიანს, რომელიც ბანკს მიადგა პირის მიერ უკანონო მოქმედებების განხორციელების შედეგად. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოპასუხე სისხლის სამართლის პასუხსგებაში მიეცა 2013 წელს და აღნიშნულ მომენტში დაზარალებულს სს ,,ლ-------------ს“ წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლის შემდეგ გასულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადა ასევე გაშვებულია სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარეც. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 27 აპრილს მოსარჩელესა და გ-----–----ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, 2017 წლის 1 მაისამდე, წლიური 14%-ით, პირგასამტეხლო 0.5%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი);

- 2013 წლის 27 აპრილის N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.15-17).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ 2013 წლის 27 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ-ლებები არ შესრულებულა. სადავო ხელშეკრულების ფარგლებში, გადახდის პირობები გ-----–----ს მიერ დარღვეულია 2013 წლის 3 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან (ს.ფ 21-24);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 20).

 

3.2.2. სს ,,ლ-------------მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2019 წლის 5 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ 1-13);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრუ-ლება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვე-ვისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 27 აპრილს მოსარჩელესა და გ-----–----ს შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------------, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის უფლება დარღვეულ იქნა 2013 წლის ივნისიდან, საიდანაც უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა. სარჩელი შემოტანილია 2019 წელს, 5 წლისა და 9 თვის შემდეგ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილი რაიმე სახის მტკიცებულება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას საკრედიტო ხელშეკრულებით და არა ზიანის მიყენებით (დელიქტით). შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას აფასებს მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა-ვისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ამასთან სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარ-გებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი გ-----–----ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თ. ჩიხლაძე