განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
110100119003053384
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003053384

N1/143-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ-- მ------–-–---–-;

 

ბრალდებული - ჯ--- მ----------, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ჭიათურის რაიონი, სოფელი ნ----------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯ--- მ----------მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ო------ მ----------ს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხის გამოყენებით ცემა მას, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე საცხოვრებელი სახლში ყოფნის დროს ო------ მ----------მ უსაყვედურა შვილს - ჯ--- მ----------ს 2019 წლის 30 აპრილს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც ჯ--- მ---------- გაღიზიანდა და პლასტმასის ტარიანი იატაკის საწმენდი „ჩოთქი“ ერთხელ დაარტყა მამას მუცლის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ--- მ----------ს, მამის - ო----- მ----------ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

4. 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ--- მ----------ს, მამის - ო----- მ----------ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

5. დაცვის მხარის მიერ, საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნობილი მ--- კ------–---ს, ე-–------ კ------–---ს, დ----- ც------–---ს და შ--–-- ბ------–---–-ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, დასტურდება, რომ მ--- კ------–--- ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, მეუღლესთან ჯ--- მ----------სთან და მამამთილთან ო----- მ----------სთან ერთად.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ--- მ---------- და დაზარალებული ო----- მ---------- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი;

 

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი;

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ა------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ჯ--- მ----------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ჯ.მ----------ს, გამოკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჯ--- მ----------ს მიმართ.

 

9. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ო----- მ----------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

10. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების შ--–-- ბ------–---–-ს, დ----- ც------–---ს, ე-–------ კ------–---ს, მ--- კ------–---ს, ლ-–- კ-------ს და ჯ--- მ----------ს დაკითხვა.

 

11. მოწმე მ--- კ------–---ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის აპრილის თვის ბოლოს, მასთან სახლში მივიდა მამამისი ე-–------ კ------–---, რომელსაც თან ახლდა შ--–-- ბ------–---–- და დ----- ც------–---. მან გააწყო სუფრა სახლის ეზოში, სუფრას მიუსხდნენ ე-–------ კ------–---, შ--–-- ბ------–---–-, დ----- ც------–--- და მისი მეუღლის მამა ო----- მ----------. რამდენიმე ხანში, სახლში მივიდა მისი მეუღლე ჯ--- მ---------- და შეუერთდა სუფრაზე მყოფ პირებს. გარკვეული დროის შემდეგ, შემოესმა ო----- მ----------ს ხმამაღალი საუბარი, რომლიც იძახდა, რომ იქ ყველაფერი მისი იყო და ყველაფერი თვითონ გააკეთა, მის შვილს კი არაფერი გაუკეთებია, აღნიშნულზე კი ჯ--- მ---------- ამშვიდებდა ო.მ----------ს, ეუბნებოდა, რომ არ იყო აღნიშნული საკითხი სუფრაზე განსახილველი. აღნიშნულ დროს, სტუმრები ადგნენ და წავიდნენ. სახლში დარჩა მეუღლესთან და მამამთილთან ერთად. არც სუფრაზე ყოფნის დროს და არც შემდგომ, ჯ--- მ----------ს, მამამისისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 2019 წლის 13 მაისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და შემოესმა ო----- მ----------ს ხმამაღალი გინების ხმა, რომელსაც ამშვიდებდა ჯ--- მ----------. აღნიშნულ დროს, არ შესწრებია რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ჯ--- მ----------სა და ო----- მ----------ს შორის.

 

12. მოწმე ე-–------ კ------–---ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, 2019 წლის 30 აპრილის სტუმრად მივიდა მის შვილთან მ--- კ------–---სთან, დ----- ც------–---სთან და შ--–-- ბ------–---–თან ერთად. იქ მისვლისას მ--- კ------–---მ გაშალა სუფრა. სუფრის მსვლელობის დროს გაღიზიანდა მ--- კ------–---ს მამამთილი ო----- მ----------, რომელსაც ამშვიდებდა პირადად და მ---ს მეუღლე ჯ--- მ----------, აღნიშნულის შემდგომ კი დატოვეს სუფრა და წავიდნენ. სტუმრად ყოფნის დროს, ო----- მ----------სა და ჯ--- მ----------ს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

 

13. ანალოგიური შინაარსი ჩვენება მისცეს გამოძიებას, მოწმის სახით გამოკითხულებმა შ--–-- ბ------–---–მა და გ------- ც------–---მ.

 

14. 2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში და წარმოადგენს ო----- მ----------ს საცხოვრებელ სახლს და ეზოს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ო----- მ----------ს მიერ, მითითებული იქნა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე მისმა შვილმა, ჯ--- მ----------მ განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ცემა მუშტებითა და ფეხებით........ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ო----- მ----------ს მითითებით, ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი გრძელტარიანი ,,ჩოთქი’’, რომლითაც მას შვილმა ჯ--- მ----------მ მუცლის არეში მიაყენა დაზიანება..... ამოღებული „ჩოთქი“ შეიფუთა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ პაკეტად.

 

15. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნით დასტურდება, რომ 13.05.2019წ. 19:52-19:04 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ო------ მ----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით (მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0.6x0,4სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე თითქმის სრულად აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა) დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 29.04.2019წ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

17. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ--- მ----------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ჯ--- მ----------ს ბრალეულობა ოჯახური ძალადობის 2 (ორი) ეპიზოდში. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ჯ--- მ----------ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში (2 ეპიზოდი). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ჯ--- მ----------ს მხრიდან დაზარალებულ ო----- მ----------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 30 აპრილს და 2019 წლის 13 მაისს, ჯ--- მ----------ს, დაზარალებულ ო----- მ----------ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

20. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოზე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ--- მ----------ს მიერ ო----- მ----------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ორ ეპიზოდს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებებით კი დადასტურებულია ფაქტი იმისა, რომ ისინი არ შესწრებიან ჯ--- მ----------ს მხრიდან ო----- მ----------ს მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. მოწმეების ე-–------ კ------–---ს, დ----- ც------–---ს და შ--–-- ბ------–---–-ს გამოკითხვების ოქმების თანახმად დასტურდება, რომ 2019 წლის 30 აპრილს, როდესაც იმყოფებოდნენ ო----- მ----------ს ოჯახში სტუმრად, ჯ--- მ----------სა და ო----- მ----------ს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მოწმე მ--- კ------–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად კი დასტურდება, რომ ის არც 2019 წლის 30 აპრილს და არც 2019 წლის 13 მაისს არ შესწრებია ფაქტს, რომ ჯ--- მ----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს მამამისისთვის ო----- მ----------სთვის. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ო----- მ----------ს სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ჯ--- მ---------- უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდით) და 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

23. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ--- მ---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდით) და სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;

 

ჯ--- მ----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის N12/7-19 განჩინებით ჯ--- მ----------ს (პ/ნ------------- და მ--- კ------–---ს (პ/ნ-----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N------------);

 

გამართლებულ ჯ--- მ----------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გრძელტარიანი იატაკის საწმენდი ,,ჩოთქი’’ რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე