განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
110100119003112182
დავის ტიპი
120
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003112182

N1/185-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-–- ჩ----------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ჩიქოვანის N--;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათიდან, 15:00 საათამდე პერიოდში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–-ში, დ----- ჩ----------სა და ი-–- ჩ----------ს შორის შელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ი-–- ჩ----------მ, თავისა და სახის არეში, განზრახ ხელის რამდენჯერმე დარტყმით, დ----- ჩ----------ს მიაყენა თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა შუბლის არეში, ჰემატომა ორივე თვალბუდის არეში და ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

2. ი-–- ჩ----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–- ჩ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ - დ----- ჩ----------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ი-----–- ჩ----------ს, გ------- ჩ----------ს, ხ---- ჩ----------ს, დ----- ხ---–---–--, ზ------ მ-----------, ი----- მ---–----, კ------- კ--------, რ---- დ---–-- და ა--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ ი-–- ჩ----------ს გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დ----- ჩ----------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმი; სამედიცინო დოკუმენტაცია დ----- ჩ----------ს მიმართ; დაზარალებულ დ----- ჩ----------ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი-–- ჩ----------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 120-ე მუხლისგან (დანაშაულისგან) სისხლისასმართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ა) მოქმედებაში; ბ) შედეგში; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა კი ნიშნავს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობის გაგრძელებას. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაჟეჟილობა, სისხლსაჟღენთები, ცხვირისა და ყბის გაბზარვა, ცეცხლნასროლი ჭრილობა და სხვა. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ი-–- ჩ----------მ ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 120-ე მუხლის პირველი ნაწილით);

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ი-–- ჩ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–- ჩ----------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი-–- ჩ---------- არ არის ნასამართლევი, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, მას, საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთან, სასამართლოს, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის, კერძოდ კი ჯარიმის გამოყენება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ი-–- ჩ----------ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ი-–- ჩ---------- უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

14. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ი-–- ჩ----------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

15. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–- ჩ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე ი-–- ჩ----------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი-–- ჩ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი-–- ჩ----------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: გამოძიების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ქვა მათზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, რომლებიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში- განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

დაზარალებულ დ----- ჩ----------ს მომწვანო ფერის ნაქსოვი სვიტერი, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და დაზიანების კვალი, რომელიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დ----- ჩ----------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

 

დ----- ჩ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული „GOLD STAR-2002” მარკა-მოდელის N----- აირის პისტოლეტი და „CESKA-ZBROJOVKA(CZ) 858 TACTICAL 2V” მარკა-მოდელის N-------- კარაბინი, რაც რეგისტრირებულია დ----- ჩ----------ს (პ/ნ------------) სახელზე, რომლებიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დ----- ჩ----------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე