განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
190100119002844987
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-97-19

(№021070119001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

25.07.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე: ბრალდებული გ------------ი

დაბადებული: 17.01.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------;

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რ-ნი, სოფ. ვ------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 05 იანვარს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ------------მა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - მ-------------–---–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით და ქცევის მუდმივი კონტროლის სურვილით განპირობებული ეჭვიანობის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა; კერძოდ, გ------------მა მ-------------–---–ს კუთვნილ მობილურ ტელეფონში მისთვის არასასურველი შეტყობინებების ნახვის შემდეგ, ამ უკანასკნელს სახეში გაარტყა გაშლილი ხელი და მუშტები, ასევე, მაგიდიდან აიღო სამზარეულოს დანა და ხელზე და ფეხზე მიაყენა დაზიანებები. გ------------ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მ-------------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული მ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------------თან. თანაცხოვრება არ ჰქონიათ, რადგან სწავლობდა და ცხოვრობდა ქ. თბილისში მშობლებთან. 2019 წლის 05 იანვარს იმყოფებოდა გარდაბნის რ-ნის სოფ. ვ------ში, გ------------ის სახლში. ეს უკანასკნელი ეჭვიანობდა მასზე, რის გამოც ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. გ---მ მისი მობილური ტელეფონის შემოწმებისას ნახა მისი სასიყვარულო მესიჯები და ფოტოსურათები სხვა ბიჭთან, რის გამოც შეკამათდნენ. არ იცოდა თავი რით ემართლებინა, გადაწყვიტა ბინიდან გასვლა, რის გამოც ხელი ჰკრა გ---ს სახლიდან გასვლის მიზნით. სახლიდან ვერ გავიდა, რის შემდეგაც საძინებელში გავიდნენ სალაპარაკოდ, გ---ს ბებიას და პატარა ძმას რომ არ გაეგოთ. იქაც გაგრძელდა კამათი. საწოლთან იდო თეფში და დანა. გ---მ დანა აიღო, უყვიროდა, "ეს რატომ გამიკეთეო“. მან დანიანი ხელი დაუჭირა თავდაცვის მიზნით, ჯიკაობაში ხელი როგორ გაეჭრა, ვერ გაიგო. მის მიერ გ---ს დანიანი ხელის დაჭერისას, ფეხიც გაეჭრა. ტუჩის არეში დაზიანებები მიიღო გ---ს მუშტების დარტყმის შედეგად. იმ დღესვე შერიგდნენ. გ---მ თვითონ შეუხვია ფეხი. მეორე დღეს თბილისში რომ ჩავიდა, ოჯახის წევრებს მოუყვა აღნიშნულის თაობაზე, რომლებმაც გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად შერიგებულია ბრალდებულთან და სურს მის მიმართ შეღავათები გავრცელდეს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის და მისი ქალიშვილის მ-------------–---–ის ქორწინების რეგისტრაცია მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რადგან მ-------------–---–ი სწავლობდა და ცხოვრობდა მასთან, გ---ს ოჯახში არ უცხოვრია. პერიოდულად ეუბნებოდა, თითქოს მეგობართან რჩებოდა და თვლის, რომ იყო გ------------თან. 2019 წლის 05 იანვარს მ------ი არ მივიდა სახლში. მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მოგვიანებით დაეკონტაქტა და გაიგო, რომ გ---სთან ერთად ვ------ში იყო. მეორე დღეს სახლში დაბრუნებულმა მარიამმა უამბო, რომ გ------------თან მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც გ---მ დანით ფეხზე და ხელზე მიაყენა ჭრილობები. მ------ს სახეზეც ჰქონდა დაზიანებები. გამოიძახა სასწრაფო, რომელსაც მოჰყვა პოლიციაც. მ------მა პოლიციასაც დაუდასტურა, რომ დანით დაზიანებები მიაყენა გ------------მა. მისივე განმარტებით, მ------ის მეგობრებისგან გაიგო, რომ სხვა დროსაც გ------------ი ფიზიკურად ძალადობდა მ------ზე, რის გამოც შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გამოცემული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ვ------ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ----------------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ-------------–---–ი საავადმყოფოში ექიმის ნებართვით დაკითხა. მისი განმარტებით, მეუღლემ მიაყენა დაზიანება ხელებით და დანით. ხელზე და ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანების კვალი. გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა მ-------------–---–ს არ ჰქონია. გამოკითხვისას მასზე დედის ან გარეშე პირების ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მის გამოკითხვას არავინ დასწრებია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ შსს ვ------ის პილიციის გამომძიებლები გ---------–---–ი, გ-------------ე, და ნ-----–---------–----ე, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები;

 

2.4. ლევან სამხარაულის სახელობის 2019 წლის 07 თებერვლის სასამარლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N000842019 დასკვნის თანახმად, შპს თბილისის რეგიონული ჰოსპიტალის ფრომა N100, რეგისტრაციის N05102/19-ის მონაცემებით მ-------------–---–ს 07.01.2019 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარცხენა მტევნის მიდამოებში, რომლებიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა მ--------–----------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია. ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

ობიექტური მხრივ ბრალდებული გ------------ის ქმედება გამოხატულია მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ აყენებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - ჯანმრთელობის დაზიანებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში მ-------------–---–ის ჯანმრთელობა. ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, გ------------ის სურს დაზიანება მიაყენოს მ-------------–---–ს, რის რეალიზებასაც ახდენს მისთვის სახეში გაშლილი ხელის, მუშტების დარტყმით და დანით.

 

საქართველოს სსკ-ს 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის 2019 წლის 07 თებერვლის სასამარლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N000842019 დასკვნის თანახმად, მ-------------–---–ს 07.01.2019 წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებული მ-------------–---–ის განმარტებას იმ ნაწილში, რომ გ------------მა დანით დაზიანება მიაყენა ჯიკაობისას და მისი დაზიანების განზრახვა არა ჰქონია. საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებში(ტ.1. ს.ფ. 18-24), გამოძიებაში გაკეთებულ განცხადებაში(ტ.1. ს.ფ. 43) და მის მიერვე გამოძიებისას წარდგენილი ფოტოსურათებით(ტ.1. ს.ფ. 68-70), რომლის ავთენტურობაც მ--------------–---–მა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------ს ეჭვიანობის ნიადაგზე სურდა მ-------------–---–ის დაზიანება, რისი რეალიზებასაც მოახდინა არა მარტო სახეში ცემით (ხელის და მუშტების დარტყმით), ასევე დანით ხელზე და ფეხზე ჭრილობის მიყენებით. აღნიშნული დადასტურებულია, ასევე დაზარალებულის დედის, ნ-------–--–-–---–ის, თ----------------–--ის და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მ--------–----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით.

 

5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული გ------------ის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ------------ის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით დღეისათვის მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე ბრალდებულის წარსულს, რომ არის ნასამართლობის მქონე, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დაზარალებულების პოზიციას და მიიჩნევს, რომ გ------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

8.1. გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

8.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- მ-------------–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- მ-------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვ------ის განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მასვე, აეკრძალოს იარაღის (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 01 (ერთი) წლის ვადით, რის თაობაზეც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

- იარაღთან დაკავშირებული უფლების აკრძალვის მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

 

2. გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 07 იანვრიდან.

 

- 3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- მ-------------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- მ-------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვ------ის განყოფილებაში).

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი