გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2019
საქმის ნომერი
030310019003040237
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310019003040237

№ 3/64-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე დ---- ჭ----

წარმომადგენელი ქ------- გ-------

 

მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველო

 

წარმომადგენელი ე-–----- ძ---------

 

ე---–--- დ--------

წარმომადგენელი ნ----- ს------------------–---

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 09 ივნისს ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ე-–----- ძ---------ს მიერ გაცემული N007352 შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ის 2----–ლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე---–--- დ--------სთან. ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ სამი შვილი: ე---–---, ბ--- და დ----- დ-------ები. ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.2018 წლის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ, თუმცა ფაქტობრივად ორი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. ქორწინების განმავლობაში და ქორწინების შემდეგ ე---–--- დ-------- ძალადობდა მასზე, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად. მათი არასრულწლოვანი შვილები ხშირად ხდებოდნენ ამ ძალადობის მომსწრენი. ე---–--- დ--------ს მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი დ---- ჭ----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. გასულ წელს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელიც შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის. 2019 წლის 22 მარტს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მათი პატარა შვილი, 2----–ელს დაბადებული ბ---. ბავშვებთან თამაშის დროს ს------------------------ ჯ------ში ჩავარდა. ამ უბედურმა შემთხვევამ მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ე---–--- დ-------- დ---- ჭ----ს ადანაშაულებს შვილის გარდაცვალებაში. იმ დღის შემდეგ გამუდმებით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. არ ერიდება ხალხმრავლობას, მოკვლით ემუქრება არა მარტო მას, არამედ მთელ მის სანათესაოს. მიმდინარე წლის 06 აპრილს ე---–--- დ--------მ განახორციელა მორიგი ძალადობა მის მიმართ, რის გამოც იმავე დღეს გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 30 აპრილს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ე---–--- დ--------ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტზე. 2019 წლის 02 მაისს მიმართა სასამართლოს დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. მისი თვითმიზანი მოპასუხის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა არ ყოფილა. მას ქონდა შიშის რეალური საფუძველი და ამიტომ ითხოვდა დამცავი ორდერის გამოცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც კი დ---- ჭ----სათვის ცნობილი გახდა, რომ ე---–--- დ--------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გამოიხმო. ე---–--- დ--------ს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა - გირაოთი. აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე მოპასუხის ადვოკატი იყო მასთან მისული ე---–--- დ--------ს ნათესავთან ერთად, მოლაპარაკების მიზნით. შესთავაზეს მოძალადესთან შერიგება და წერილობით დაეფიქსირებინა მისი პოზიცია სასამართლოს წინაშე, რაზეც დ---- ჭ----მ კატეგორიული უარი განაცხადა. აღნიშნული გახდა მოპასუხის განრისხების მიზეზი, რასაც შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა. 2019 წლის 09 ივნისს დ---- ჭ---- დედამისთან და მის შვილებთან ერთად მივიდა მისი შვილის ბ---ს საფლავზე, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა მოპასუხე, რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ, დედამისს მოკვლით ემუქრებოდა, დ---- ჭ---- ძალიან ცუდად გახდა, იქაურობას გაერიდა და სახლში მისულმა სასწრაფო გამოიძახა. მოპასუხემ ისარგებლა მისი მდგომარეობით, იმით რომ მოსარჩელემ ვერ მოახერხა აღნიშნული ფაქტი შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის და თავად მოითხოვა დ---- ჭ----ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. იმ მოტივით, რომ დ---- ჭ----მ მას ესროლა საფლავზე მდგარი ყვავილის ქოთანი, რომელმაც დაზიანება მიაყენა. მოსარჩელისათვის გაუგებარია რას მიიჩნევს მოპასუხე ფიზიკურ ძალადობად. მის ლანძღვას და დამცირებას დუმილით პასუხობდა, იმ ადგილიდან წასვლას ცდილობდა, ისე, რომ რომელიმე მათგანი მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილები არ დაზარალებულიყვნენ. რაც შეეხება საყვავილეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც დედამისს მიაყენა შეურაცხყოფა და მისკენ დასარტყმელად წავიდა, დ---- ჭ----მ ინსტიქტურად ხელი კრა იქვე ჩამომდგარ ყვავილის პატარა ქოთანს, რომელიც კონსერვის ქილის თხელი ფირფიტის მსუბუქი ნაკეთობაა და რომელიც მოპასუხეს არც კი შეხებია და უთხრა ყოფილ მეუღლეს, რომ დედამისთან ასე ლაპარაკის და მოქცევის უფლება არ ჰქონდა. იმავე დღეს ე---–--- დ--------ს მოთხოვნით დ---- ჭ----ს მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის გაუქმებასაც ითხოვს.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ, ზოგადად ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაცია მათთვის ცნობილია. ამიტომ, მიზანშეწონილად მიიჩნიეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

 

მოპასუხის ე---–--- დ--------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2019 წლის 09 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი N007352;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს 2019 წლის 09 ივნისის №007352 შემაკავებელი ორდერის ოქმი.

 

3.2. 2019 წლის 09 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა N007352 შემაკავებელი ორდერი დ---- ჭ----ს მიმართ, მსხვერპლი ე---–--- დ--------. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: დ---- ჭ----ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ე---–--- დ-------- ცხოვრობს; დ---- ჭ----ს აეკრძალა მსხვერპლთან - ე---–--- დ--------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ე---–--- დ-------- იმყოფება; დ---- ჭ----ს აეკრძალა მსხვერპლთან - ე---–--- დ--------სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს 2019 წლის 09 ივნისის №007352 შემაკავებელი ორდერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს დ---- ჭ----ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის 36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის N81 ბრძანებით დამტკიცდა განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასების სისტემა, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, რისკების სწორი განსაზღვრა, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება და მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასება ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ჩამოთვლილი სპეციალური კითხვების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის ოქმი ივსება შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, რადგან ოქმის საფუძველზე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ 2019 წლის 09 ივნისს გამოცემულ იქნა №007352 შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ---- ჭ----ს მიმართ, მსხვერპლი - ე---–--- დ--------. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: დ---- ჭ----ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ე---–--- დ-------- ცხოვრობს; დ---- ჭ----ს აეკრძალა მსხვერპლთან - ე---–--- დ--------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ე---–--- დ-------- იმყოფება; დ---- ჭ----ს აეკრძალა მსხვერპლთან - ე---–--- დ--------სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს, კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ 2019 წლის 09 ივნისს გამოცემული №007352 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. დ---- ჭ----ს მიერ 2019 წლის 09 ივნისს ე---–--- დ--------ს მიმართ განხორციელებული ქმედება, რაც ატარებს ფიზიკური ძალადობის ხასიათს.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე---–--- დ--------მ განიცადა ფიზიკური ძალადობა დ---- ჭ----ს მხრიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ 2019 წლის 09 ივნისს გამოცემული №007352 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ---- ჭ----ს სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ 2019 წლის 09 ივნისს გამოცემული №007352 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული ასლის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3) მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.№32).

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე