გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #150210019002900333
№2/60-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - არმენ ქოსიან
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური (დავების დეპარტამენტი) (ს/ნ 204525585);
წარმომადგენელი - ნათია ბალიაშვილი;
მოპასუხე - შპს „ო----------“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენლები - ზ-------–--------–ი, გ--------–-–--შვილი;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ო---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 19040 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს „ო---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 303 078.37 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „ო---------ს“ შორის 2014 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (1----) ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „ო---------მა“ აწარმოა სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, დროთა განმავლობაში ბეტონის საფარმა დაკარგა სიმკვრივე და დაიწყო დაშლა. აღნიშნულზე მოსარჩელის მოთხოვნით განხორციელდა შესაბამისი გამოკვლევა და შედგა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო დასკვნა, საგარანტიო ვალდებულებებიდან გამომდინარე, არაერთხელ, სიტყვიერად, ასევე წერილობით (2016 წლის 6 სექტემბრის #21-02/84400 წერილი და 2017 წლის 24 აგვისტოს 321-02/130583 წერილი) სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიმართა მოპასუხე შპს „ო---------ს“ დაზიანებული ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების შესრულების თაობაზე. მოსარჩელის მიმართვების შედეგად შპს „ო---------მა“ განახორციელა ბეტონის საფარის დაზიანებულ დიდ ნაწილზე აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია იგი, კერძოდ, საფეხმავლო ნაწილზე აწარმოა საფარის მხოლოდ სადემონტაჟო სამუშაოები და ამის შემდეგ მიატოვა ობიექტი. იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებების გამო ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ იყო უსაფრთხო, ამასთან, საბაჟო პროცედურები რომ განხორციელებულიყო შეუფერხებლად, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი N-----------), რომლის შედეგადაც შესაბამისი სამუშაოები შესრულდა შპს „ო---–--“ მიერ. შპს „ო----------ს“ მიერ სგპ „კ---–--ში“ განხორციელებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო შემსყიდვლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას შეადგენს - 19,040.00 ლარი, რაც შედგება შესრულებული ბეტონის სამუშაოების ხარისხის დადგენის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო დასკვნაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ანაზღაურებული თანხის - 740.00 ლარის და დამდგარი აუცილებლობიდან გამომდინარე სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის საფასურის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულების - 18,300.00 ლარისგან. ხელშეკრულების 16.2. პუნქტის შესაბამისად შპს „ო---------ს“ ეკისრება პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებაც - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების თანხის 0.01 %-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 303,078.37 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. როგორც შესაგებელში ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ უდავოა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (1----) ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
მოსარჩელე ფაქტობრივ გარემოებებში ერთის მხრივ აღიარებს, რომ ბეტონის საფარმა დაკარგა სიმკვრივე. რახან დაკარგა ესე იგი თავიდან ჰქონია კიდეც შესაბამისი სიმტკიცე. თუმცა ასევე უთითებს, რომ ბეტონის საფარი მარკა უნდა იყოს F200, ხოლო წყალშეღწევადობა არანაკლებ W6, ბეტონი უნდა იყოს C35/45 კლასი, ხოლო ბეტონის საფარის დაზიანება გამოიწვია შპს ო----------ს მიერ დაბალი მარკიანობის ბეტონის გამოყენებამ. მოსარჩელე ფაქტობრივ გარემოებებს არასწორად აწვდის სასამართლოს, კერძოდ მხარეთა შორის გაფორმებული 1---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო (ხარჯთაღრიცხვა პოზიცია 10) არმირებული ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობა სისქით 30 სმ. ბეტონი B25. შპს „ო---------მაც“ სწორედაც რომ ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით შეასრულა სამუშაოები.
ამასთან, სარჩელზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა #004------ მომზადებულია შპს „ო----------ს“ დაკვეთით იმის დასადასტურებლად, რომ ბეტონის საფარის დაზიანება არაა გამოწვეული მათი ბრალეულობით, არამედ საფარის არასწორი დაპროექტებისა და შესაბამის პირობებში ბეტონის მარკის არასწორმა გაანგარიშებამ გამოიწვია, რომლის შესახებაც 2018 წლის 12 ივნისს წერილობით ეცნობა დამკვეთს. კერძოდ ის, რომ მოპასუხის მიერ მოეწყო კ---–--ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის საფარი არმირებული ბეტონით B25 მარკით, პროექტის სრული დაცვით.
ამავე დროს, თურქეთის მხრიდან ანალოგიური სამუშაოების წარმოება დაიწყო დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რის შედეგადაც თურქეთის მხარემ ბეტონის საფარის მოწყობისას ნიშნულები მოაწყო მოპასუხის მხარეს ნიშნულების მაღლა და მთელი წყლის ადინება მოახდინა საქართველოს მხარეს და არ გაითვალისწინა წყალსაწრეტი არხის მოწყობა, რამაც გამოიწვია მოპასუხის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე წყლის გუბეების გაჩენა, ამავე დროს, კ---–--ის კლიმატური პირობების გათვალისწინებით და პროექტით გათვალისწინებული ბეტონი B25 მარკა არ შეიცავდა ბეტონის წყლისგან დამცავ დანამატებს. მოხდა ბეტონის საფარის ზედაპირული წყლის შეწოვა და შემდეგში ბეტონის ზედაპირის დაშლა. ამდენად, მოპასუხის განმარტებით მის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად აკმაყოფილებდა საპროექტო მოთხოვნებს და გამოწვეული დაზიანებები შესრულებულ სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის საფარის დაზიანება არ იყო შპს „ო----------ს“ ბრალი, მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და საფარის დიდი ნაწილი, ის მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების გატარებას, აღადგინეს საკუთარი ხარჯით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „ო---------ს“ შორის 2014 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (1----) ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „ო---------მა“ აწარმოა სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 02 დეკემბრის N1---- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით სამუშაოები შესრულებულია, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა თანხა.
ასევე მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ დროთა განმავლობაში ბეტონის საფარმა გარკვეულ ნაწილში დაკარგა სიმკვრივე და დაიწყო დაშლა, რაზედაც მხარეებმა სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოახდინეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შესრულებული ბეტონის სამუშაოების ხარისხის დადგენის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო N006------ დასკვნაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დახარჯულია 740.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის დასტური (ს.ფ. 94-97).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. როგორც ზემოთ არის აღნიშნული დროთა განმავლობაში ბეტონის საფარმა გარკვეულ ნაწილში დაკარგა სიმკვრივე და დაიწყო დაშლა.
მოსარჩელის აზრი:
აღნიშნული არის მოპასუხის ბრალით, კერძოდ ბეტონის საფარის დაზიანება გამოიწვია შპს ო----------ს მიერ დაბალი მარკიანობის ბეტონის გამოყენებამ.
საგარანტიო ვალდებულებებიდან გამომდინარე, არაერთხელ, სიტყვიერად, ასევე წერილობით (2016 წლის 6 სექტემბრის #21-02/84400 წერილი (ს.ფ. 53) და 2017 წლის 24 აგვისტოს 321-02/130583 წერილი (ს.ფ. 56)) მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიმართა მოპასუხე შპს „ო---------ს“ დაზიანებული ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების შესრულების თაობაზე.
ასევე მოსარჩელის მოთხოვნით განხორციელდა შესაბამისი გამოკვლევა და შედგა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო ექსპერტიზის N006------ დასკვნა.
შპს „ო---------მა“ განახორციელა ბეტონის საფარის დაზიანებულ დიდ ნაწილზე აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია იგი, კერძოდ, საფეხმავლო ნაწილზე აწარმოა საფარის მხოლოდ სადემონტაჟო სამუშაოები და ამის შემდეგ მიატოვა ობიექტი.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებების გამო ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ იყო უსაფრთხო, ამასთან, საბაჟო პროცედურები რომ განხორციელებულიყო შეუფერხებლად, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი N-----------), რომლის შედეგადაც შესაბამისი სამუშაოები შესრულდა შპს „ო---–--“ მიერ. დამდგარი აუცილებლობიდან გამომდინარე სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის საფასურის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაა - 18,300.00 ლარი (ს.ფ. 84-94).
მოპასუხის აზრი:
თავის მხრივ მოპასუხემ განმარტა, რომ შპს „ო---------მა“ სწორედაც რომ ხელშეკრულების პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით შეასრულა სამუშაოები. კერძოდ არმირებული ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობა სისქით 30 სმ. ბეტონი B25. მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და საფარის დიდი ნაწილი, ის მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების გატარებას, აღადგინეს საკუთარი ხარჯით.
თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მოპასუხემ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივლისის ექსპერტიზის #004------ დასკვნაზე, რომელიც მომზადებულია შპს „ო----------ს“ დაკვეთით, იმის დასადასტურებლად, რომ ბეტონის საფარის დაზიანება არაა გამოწვეული მათი ბრალეულობით, არამედ საფარის არასწორი დაპროექტებისა და შესაბამის პირობებში ბეტონის მარკის არასწორმა გაანგარიშებამ გამოიწვია, რომლის შესახებაც 2018 წლის 12 ივნისს წერილობით (ს.ფ. 116) ეცნობა დამკვეთს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ობიექტური გარემოებები:
3.2.1.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო ექსპერტიზის N006------ დასკვნის (ს.ფ. 44-52) თანახმად, გამოკვლეულ მონაკვეთში ბეტონის მარკაა M250 კლასი B15, რაც დაბალია ექსპლუატაციის არსებული პირობებისათვის, რის გამოც ადგილი აქვს ბეტონის ზედაპირის დაზიანებას.
3.2.1.2. N1---- ხელშეკრულების პროექტით და ხარჯთაღრიცხვებით (ს.ფ. 23-43) გათვალისწინებულია B25 კლასის ბეტონის მოწყობა.
3.2.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივლისის #004------ ექსპერტიზის დასკვნის (ს.ფ. 50-52) თანახმად, ბეტონის საფარი მარკა ყინვამედეგობის მიხედვით უნდა იყოს F200, ხოლო წყალშეღწევადობა არანაკლებ W6, ბეტონი კი უნდა იყოს C35/45 კლასის, ხოლო არსებული ბეტონის საფარის დაზიანება გამოიწვია შპს ო----------ს მიერ დაბალი მარკის და შესაბამისად დაბალი წყალშეღწევადობის ბეტონის გამოყენებამ.
აქედან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია N1---- ხელშეკრულების პროექტით და ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული, ანუ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, კერძოდ შეთანხმებული პირობებით ბეტონი კი უნდა იყოს B25 კლასის, თუმცა გარკვეულ მონაკვეთში ბეტონის საფარი აწყობილია ბეტონის მარკით M250 კლასი B15, რაც დაბალია ექსპლუატაციის არსებული პირობებისათვის, რის გამოც ადგილი აქვს ბეტონის ზედაპირის დაზიანებას.
შესაბამისად შპს „ო----------ს“ მიერ სგპ „კ---–--ში“ განხორციელებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 19,040.00 ლარს, რაც შედგება: 1) დამდგარი აუცილებლობიდან გამომდინარე სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის საფასურის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულებისგან - 18,300.00 ლარისგან; 2) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო დასკვნისთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული ხარჯისგან - 740.00 ლარისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნები;
- აღნიშნული წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებები (ს.ფ. 36, 71, 77);
- დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულება (ს.ფ. 84-92).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. ზიანის ანაზღაურების თაობაზე:
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ანუ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
5.1.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მოპასუხეზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მოპასუხის ვალდებულებას, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ო----------ს“ მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 02 დეკემბრის 1---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია და მისი ბრალით, მოსარჩელეს მიადგა ზიანი 19,040.00 ლარის ოდენობით, რაც შედგება: 1) დამდგარი აუცილებლობიდან გამომდინარე სგპ „კ---–--ის“ ტერიტორიის საფასურის დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულებისგან - 18,300.00 ლარისგან; 2) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 25 ნოემბრის საინჟინრო დასკვნისთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული ხარჯისგან - 740.00 ლარისგან (იხ. 3.2.1.).
ამდენად მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
5.2. პირგასამტეხლოს თაობაზე:
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.
5.2.2. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის ნორმას, რომლითაც აკრძალულია ვალდებულების წარმოშობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმების დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ ინსტიტუტს უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს. სამართლიანობის ბუნებიდან გამომდინარე არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება. სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე, უსამართლოდ შეძენილი ქონების (ნამატი, უპირატესობა, უფლება, შეღავათი) ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. კეთილსინდისიერების პრინციპი კი, პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.
სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
5.2.3. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია.
მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული ჯარიმა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, თუმცა ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს ოდენობის ადეკვატურობა.
5.2.4. მართალია ხელშეკრულების 16.2. პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების თანხის 0.01 %-ის ოდენობით, და მოსარჩელემ განსაზღვრა პირგასამტეხლო 303,078.37 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლო მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო, დარღვევის გათვალისწინებით, არაადეკვატურია და შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი ცნებით პირგასამტეხლო/ჯარიმა ატარებს არა მხოლოდ რეპრესიის, არამედ პრევენციის ხასიათს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში მსგავსი ოდენობით ჯარიმა ფაქტობრივად გამოიწვევს დაბრკოლებებს მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობაში, ანუ ატარებს მხოლოდ რეპრესიის ხასიათს და გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
შესაბამისად, რათა გამოირიცხოს უსაფუძვლო გამდიდრება, სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საერთო დავალიანების თანხისა და საპრცენტო სარგებლის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირებული უნდა იქნეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 18,300.00 ლარის ოდენობით, დარღვევით მიყენებული ზიანის (ექსპერტიზის ხარჯის გარეშე) ერთმაგი.
5.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების ძალით მოპასუხემ უნდა გადაიხადოს მოსარჩელის სასარგებლოდ 19,040.00 ლარი ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე პირგასამტეხლო - 18,300.00 ლარის ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 37340 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, შპს „ო---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1120,2 (ათას ას ოცი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ო---------ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 19040 ლარის ოდენობით;
3. შპს „ო---------ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 18300 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე შპს „ო---------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1120,2 (ათას ასოცი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან