განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-365-18
(№012100419001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01.08.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი
დაცვის მხარე: ადვოკატი ზურაბ მატკავა
ბრალდებული: ი------------–---–ი
მამის სახელი: რ-----ი
დაბადებული: 15.02.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, მე-1----------------ში
ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მ----–---–---------------–--–---------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისაათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:
2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქ. რუსთავი, მ----–---–---------------–--–ში მდებარე მაღაზია "ნ-------ში", ი------------–---–ი მაღაზიაში არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის დემონსტრირებით, მოქნევით და სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობის, მოკვლის მუქარით თავს დაესხა მოლარე ნ------------------ეს და მოსთხოვა სალაროდან თანხის გადაცემა.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ქ. რუსთავი, მ----–---–---------------–--–ში მდებარე მაღაზია "ნ-------ში" მოლარედ. 2019 წლის 10 აპრილს, ღამის მორიგეობისას, დაახლოებით 24 სთ-ის შემდეგ, მაღაზიაში შევიდა ი------------–---–ი, როგორც შემდგომ გაიგო მისი სახელი, სალაროს მარჯვენა მხრიდან დაუდგა და დანის მოქნევით დაემუქრა, თანხა მიეცა, თორემ მოგკლავდა. მან რეალურად აღიქვა მუქარა, სალაროდან გამოაძრო გასაღები, დადგა უკან და შეშინებულმა უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა. თავდამსხმელი თვითონაც ეჯაჯგურებოდა სალარო-აპარატს და ცდილობდა მის გახსნას. მან დაუძახა კონსულტანტს, ს---------–-–--–-–---–ს, გამოეძახა პოლიცია. სოფიკომ ამოიჩხრიკა ჯიბეები და მცირე თანხა, რაც ჰქონდა, მისცა. ფულის მიცემის შემდეგ თავდამსხმელმა დატოვა მაღაზია, რის შემდეგაც დარეკეს 112-ში(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---------–-–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ქ. რუსთავი, მ----–---–---------------–--–ში მდებარე მაღაზია "ნ-------ში" კონსულტანტად. 2019 წლის 10 აპრილს, ღამით, 24 სთ-ის შემდეგ, მაღაზიაში იყო მორიგე მოლარე ნ------------------ესთან ერთად. იგი მაღაზიის შიდა მხარეს იმყოფებოდა, რა დროსაც შემოესმა ნ------------------ის ძახილი. ძახილზე გამოსულმა დაინახა ი------------–---–ი, რომელსაც დანა ეჭირა მარცხენა ხელში და ნ-----სკენ ჰქონდა მიმართული. ნ-----მ მას სთხოვა თავდამსხმელისთვის მიეცა ფული, რადგან სალაროში არ ჰქონდა. მან ამოიღო ხურდები და მისცა. თავდამსხმელმა ნ-----ს უთხრა, გადარჩიო და დატოვა მაღაზია. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2019 წლის 21 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ი------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა, ი------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ს, მოწმეების, გ------------------ის, ჯ----------–---ის გამოკითხვის ოქმებს, ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ბასრ საგანს, ი------------–---–ის ამოცნობის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. გარდა ამისა, ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან.
ყაჩაღობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, მისი ხელყოფის უშუალო ობიექტია, როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. თავდასხმა, რომ ყაჩაღობად ჩაითვალოს აუცილებელია თვით დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი, რეალური და იმავდროულია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, როდესაც თავდამსხმელი, დაემუქრა ნ------------------ეს, რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე, რაც ვერ აღიქმებოდა მის მიერ სხვაგვარად, თუ არა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში.
ყაჩაღობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს, ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა.
ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ყაჩაღობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული ი------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ი------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება - საქმეში არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, ი------------–---–ს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
9.1. ი------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;
9.2. - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და დანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ი------------–---–ისგან ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).
- 02 ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ი------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ი------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და დანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ი------------–---–ისგან ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში)
- 02 ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი