გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
030310019003062938
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310019003062938

№ 3/72-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე გ--------- ნ--------------

წარმომადგენელი ა--- ბ-----

 

მოპასუხეები: (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) შსს ფოთის საქალაქო სამმართველო (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი კ------- ა-–----)

წარმომადგენელი ჯ------– ი------

 

ტ------- ლ------

 

მოთხოვნა - შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ------- ა-–----ს მიერ 2019 წლის 21 ივნისს შედგენილი N007357 შემაკავებელი ორდერი.

 

სარჩელის შესაბამისად, გ--------- ნ--------------ი არის რუსეთის მოქალაქე. 2018 წლის დასაწყისში ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან ტ------- ლ------სა და შვილთან ფ--–--- ნ--------------თან ერთად. ჩამოსვლის მიზანი აქ საცხოვრებლად დარჩენა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იყო, რისთვისაც ქ.ფოთში შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომლის მესაკუთრეებად თანაბარ წილად დარეგისტრირდა ის და მისი მეუღლე ტ------- ლ------. სახლის შეძენის პირველივე დღეებიდან შეთანხმების თანახმად, დაკავებული იყო სახლის სარემონტო სამუშაოებით, ხოლო ტ------- აწარმოებდა მოლაპარაკებებს შესაძლო ბიზნეს პარტნიორებთან და ბანკთან კრედიტის აღების მიზნით. ერთ დღეს მან უთხრა, რომ ბანკიდან კრედიტის მისაღებად საჭირო იყო უძრავი ქონების არანაკლებ 75% მის საკუთრებად აღრიცხვა. მოსარჩელე მას სრულად ენდობოდა, რადგან თანაცხოვრების 28 წლის მანძილზე უნდობლობის არანაირი საფუძველი არ მიუცია. ქონებიდან მისი წილის ½-ზე საკუთრების უფლება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ტ-------ს, ხოლო ½ ასევე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მათ შვილს ფ--–--- ნ--------------ს. ამ ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში წავიდა რუსეთის ფედერაციაში პირადი საქმის გამო. ტ-------მ დაურეკა და შეატყობინა, რომ სახლი გაყიდა და მოსარჩელე უკან აღარ დაბრუნებულიყო. ეს ინფორმაცია მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რის გამოც ვითარების გასარკვევად სასწრაფოდ დაბრუნდა ფოთში. ტ-------მ მისი სახლში შეშვება და მის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მან გამოიძახა პოლიცია, რასაც შედეგად მოჰყვა გ--------- ნ--------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ტ------- ლ------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ აღნიშნული ორდერი არ გაუსაჩივრებია, რადგან არ ფლობს ქართულ ენას და არ ჰქონდა ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა. რუსეთში არ გააჩნია არც უძრავი ქონება და არც სამსახური, რის გამოც ფაქტობრივად დარჩა ქუჩაში, რაიმე სახის შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე. მთელი პერიოდი ორდერის გამოცემიდან დღემდე ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში. წასასვლელიც არსად აქვს, ამიტომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 20.06.2019 წ. დაურეკა თავის მეუღლეს და თხოვა დალაპარაკება, რაც მან არ ისურვა. მათი ურთიერთობაც ამით ამოიწურა, მაგრამ 2019 წლის 21 ივნისს დაურეკეს პოლიციის სამმართველოდან და უთხრეს, რომ ჩაებარებინა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი. ჩაიბარა აღნიშნული ორდერი 2019 წლის 22 ივნისს. არ ეთანხმება, რადგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია ტ------- ლ------ს მიმართ და ორდერის გამოცემის საფუძველი არ არსებობდა.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელმა ჯ------– ი------მ მხარი დაუჭირა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ------- ა-–----ს მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ მხარეების თანხმობის შემთხვევაში წინააღმდეგი არ არის გაუქმდეს.

 

ტ------- ლ------მ განმარტა, რომ მას ეშინია მოსარჩელის და აღნიშნულიდან გამომდინარე მხარი დაუჭირა გამოცემულ შემაკავებელ ორდერს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 21 ივნისს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმართა ქ.ფოთი, ბ------------ს ქ.N---ში მცხოვრებმა 1--- წლის 1------------–ს დაბადებულმა ტ------- ლ------მ და განაცხადა, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N007357 შემაკავებელი ორდერი.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2019 წლის 21 ივნისს 13:39 საათზე ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ------- ა-–----ს მიერ გამოცემულ იქნა N007357 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ--------- ნ--------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ტ------- ლ------ ცხოვრობს, გ--------- ნ--------------ს აეკრძალა ტ------- ლ------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, გ--------- ნ--------------ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 21 ივნისს N007357 შემაკავებელი ორდერი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------- ნ--------------ი არის ტ------- ლ------ს მეუღლე, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მოქმედება.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ,,ფარული“ ფორმა რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ მოსარჩელე გ--------- ნ--------------მა დაურეკა ტ------- ლ------ს და უთხრა, რომ უყვარდა და უნდოდა მასთან შერიგება, რაც ვერ აღიქმება ფსიქოლოგიურ ძალადობად. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან ვერ დგინდება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 21 ივნისს შედგენილი N007357 შემაკავებელი ორდერი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------- ნ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ------- ა-–----ს მიერ 2019 წლის 21 ივნისს შედგენილი N007357 შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე მისამართზე: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე