გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2019
საქმის ნომერი
190210019002854713
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-261-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 აგვისტო, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ინდ/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–-- ბ-------ე

 

მოპასუხე - სს „ რუ----------------------–----------------------–------ი“

წარმომადგენელი - ზ---- გ---–-----ი, დავით--------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2016 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულება N1-დან გამომდინარე მოპასუხისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და სასაქონლო ელექტრონული ზედნადებით გაწერილი თანხის, საერთო ჯამში 5553,30 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წლის 14 თებერვლიდან ზეპირი შეთანხმების, გაწერილი ელექტრონული ზედნადებებისა და ერთჯერადი ხელშეკრულებების, ხოლო 2016 წლის 01 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული N1 ხელშეკრულების საფუძველზე სს „რუ----------------------–----------------------–------ი“(ს/კ 2-------- დირექტორი მ.კაპანაძე) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შემდგომი გადახდით ახდენდა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ისგან სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენას.

 

თანხის ჩარიცხვა ხდებოდა გაწერილი ელექტრონული ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე (იხ. ს/ზედნადებები მიღება ჩაბარების აქტები 27-68გვ, 22-26 გვ, 78-97 გვ). 2017 წლამდე საქონლის შესყიდვას და დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენელი ე---------- გ---–-----ი (ხელშეკრულების 7,1 პუნქტი) თავის ნდობით აღჭურვილ პირ გ------- ჩ----–---–--ან ერთად, ხოლო 2017 – 2018 წლებში გ------- ჩ----–---–--ან ერთად საქონლის შესყიდვას ახორციელებდა ზ---- გ---–-----ი, როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის ფინანსური მენეჯერი.

 

2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე, სს „რუ----------------------–----------------------–------ის“ მიერ ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ისგან უნაღდო ანგარიშსწორებით წაღებული იქნა 5553,30 ლარის სხვადასხვა სახეობის სამშენებლო და სარემონტო მასალები (იხ. დან. ს/ზედნადებები 44 გვ. -64 გვ.მდე), აღნიშნული დავალიანება უნდა ჩარიცხულიყო 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე, თუმცა ჩარიცხვა არ განხორციელებულა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის ანგარიშზე. მოსარჩელის განმარტებით სატელეფონო და პირადი საუბრისას ზ---- გ---–-----მა თანხის არ ჩარიცხვის მიზეზად დაასახელა ის, რომ მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირ გ------- ჩ----–---–ს არ მიჰქონდა ჯ------- ზ-----–-–---–ისგან სასაქონლო ზედნადებით გაწერილი საქონელი და საქმე გადაეცა გამოძიებას. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულება N1 უშუალოდ დადებულია სს „რუ----------------------–----------------------–------ის“ და ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ს შორის, შესაბამისად პასუხისმგებლობა ფინანსურ დავალიანებაზე ეკისრება უშუალოდ ორგანიზაციას და არა გ------- ჩ----–---–ს.

 

მხარის განმარტებით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში გამოწერის შემდეგ სრულყოფილად აისახება შესყიდული საქონლის დასახელებები და ჯამური ღირებულება. შემსყიდველს, თუ იგი არ ეთანხმება შესყიდვას უფლება აქვს უარყოს მიღებული ზედნადები, რაც არ გაკეთებულა, ასევე მოპასუხეს არ განუცხადებია გ------- ჩ----–---–ის მიმართ უნდობლობის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, აგვისტოს თვის დავალიანება სრულად იქნა დაფარული მოპასუხის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს (იხ. და. საგადახდო დავალება - 77გვ.) და სექტემბრის ბოლომდე მისი წარმომადგენელი ახდენდა საქონლის შეძენას ნაღდი ანგარიშსწორებით (იხ. დანართი ს/ზ 65 გვ-68 გვ), ამასთან , ზედნადებების უარყოფის (რაც გამოიწვევდა საქონლის უკან დაბრუნებას), ან უნდობლობის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან გაფრთხილების შემთხვევაში მისი მხრიდან აღარ მოხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით გ------- ჩ----–---–ზე საქონლის გატანება და ორგანიზაციას აღარ მიადგებოდა ფინანსური ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ------- ჩ----–---–მა მოპასუხესთან ყოველგვარი შეთანხმებისა და მინდობილობის გარეშე საკუთარი მიზნებისთვის მიიღო მოსარჩელისგან გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების საქონელი და აღნიშნულზე, მითვისების ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ამასთან განმარტა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით ( მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი) საქონელი მიწოდებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის (ანგარიშსწორება) 9.2 პუნქტის მიხედვით ანგარიშსწორება ხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

 

მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მას არ მიუღია სადაო საქონელი, მან უარი განაცხადა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და შესაბამისად თანხის გადარიცხვაზე. ამასთან გ------- ჩ----–---–მა მოპასუხესთან ყოველგვარი შეთანხმებისა და მინდობილობის გარეშე, საკუთარი მიზნებისთვის მიიღო მოსარჩელისგან საქონელი, რომელიც გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის, კერძოდ, როგორც მოპასუხე განმარტავს მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულმა პიროვნებას მეს საქონელი გაასხვისა და შესაბამისად მიიღო სარგებელი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მხარე თვლის, რომ საქონლის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს გ------- ჩ----–---–ისგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 01 იანვარს ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–სა და სს „ რუ----------------------–----------------------–------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1.

 

მტკიცებულება: ხელშეკრულება N1.

 

3.1.2. 2012 წლის 15 თებერვალს გაიწერა სას. ზედ. ელ-0000001715 თანხა 152 ლ; 17.04.2013 წ. ს/ზ ელ-0059533980 თანხა 2640,17 ლ; 27.01.2014 წ. ს/ზ თანხა 132,80 ლ; 2018 წლის 01 სექტემბერს გაიწერა სასაქონლეო ზედნადები ელ-0400013406, რომლის თანხა შეადგენს 125,00 ლარს, ასევე 01 სექტემბერს გაწერილი იქნა ს/ზ ელ-0400012856 თანხა შეადგენს 452,00; 02.09.2018წ. ს/ზ ელ-0400153597 თანხა-624,3; 02.09.2018 წ. ს/ზ ელ-0400153752 თანხა 125,00; 05.09.2018 წ. ს/ზ ელ-0400770965 თანხა 653 , 06.09.2018 წ. ს/ზ ელ-041110264 თანხა 477,60; 08.09.2018 წ. ს/ზ ელ-0401509196 თანხა 215,10; 10.09.2018 წ. ს/ზ ელ-0401895507 თანხა 486,30, 12.09.2018წ. ს/ზ ელ-0402333877თანხა 24,00ლ, 13.09.2018 წ. ს/ზ ელ-040256312 თანხა 622,80, 13.09.2018 წ. ს/ზ ელ-0402563834 თანხა 20,00. 13.09.2018წ. ს/ზ ელ-0402582795 თანხა 24,00, 14.09.2018 წ. ს/ზ ელ-0402790147 თანხა 346,50; 15.09.2018 წ ს/ზ ელ-0403087371 თანხა 211,20; 16.09.2018 წ. ს/ზ ელ-0403191728 თანხა 260,00ლ, 17.09 2018წ. ს/ზ ელ-0403268432 თანხა 125,00, 20.09.2018წ. ს/ზ ელ-0404055655 თანხა 449,50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორება);

27.09.2018 წ. ელ-0405651787 თანხა 17,00 ლ; 29.09.2018 წ. ელ-0406079949 თანხა 14,00ლ, 29.09.2018 წ. ელ-0406097583 თანხა 33,70ლ (ნაღდი ანგარიშსწორება).

 

მტკიცებულება: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები

 

3.1.3. 2012 წლის 31 მაისს ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–სა და სს „--------------------------–---------------------–------ს“ შორის გაფორმდა ერთჯერადი ხელშეკრულება 140. მიღება ჩაბარების აქტები, ზედნადებები.

 

მტკიცებულება: ხელშეკრულება N140, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები 04.06.2012 ელ-0010876164 თანხა 3223,00ლ; 02.06.2012 ელ-0010533452 თანხა 2219,40ლ; 02.06.2012 ელ-0010618432 თანხა 2319,00ლ, 02.06.2012 ელ-0010643783 თანხა 1651.30ლ, 01.06.2012 ელ-0010468694 თანხა 1320.

 

3.1.4. საგადახდო დავალება #783 -ის თანახმად „რ------------------------–----------------------–------ის“ მიერ მოხდა აგვისტოს თვის დავალიანების გადახდა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის პირად ანგარიშზე.

 

მტკიცებულება: სს „თიბისი ბანკი“-ს საგადახდო დავალება 11.07.2018 წ. გადახდილი თანხა 2151ლ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის მიწოდების, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, პროდუქციის მიწოდებას მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც შეეხება სადავო პერიოდში (2018 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 20 სექტემბერი) შესყიდული პროდუქციის საფასურის გადახდას, მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდა უნდა მოსთხოვოს გ------- ჩ----–---–ს.

 

მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებას სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეძენილი პროდუქციის შესახებ და განმარტავს, რომ მან აღნიშნულის შესახებ შეიტყო 2018 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, როდესაც მოხდა კომუნიკაცია მოსარჩელესთან, რომელმაც შეატყობინა შესყიდული საქონლის დავალიანების შესახებ. თუმც მიიჩნევს, რომ გ------- ჩ----–---–მა მოპასუხესთან ყოველგვარი შეთანხმებისა და მინდობილობის გარეშე, საკუთარი მიზნებისთვის მიიღო მოსარჩელისგან საქონელი, რომელიც გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის.

 

მოწმის სახით დაიკითხა გ------- ჩ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლია 20 სექტემბრამდე პერიოდში გაწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად პროდუქციის შესყიდვა. მან განმარტა, რომ იგი წლების განმავლობაში სასაქონლო ოპერაციებს ასრულებდა სს „რ------------------------–----------------------–------ის“ უფლებამოსილი პირების დავალებით და შესყიდული პროდუქციაც მიიტანა დანიშნულების ადგილზე. ჯ------- ზ-----–-–---–ი მან გაიცნო ე---------- გ---–-----ისაგან და მისივე დავალებით, მასთან ერთად და მარტოც იძენდა პროდუქციას, შემდგომში ზ---- გ---–-----თან ერთადაც მისულა. მიღება- ჩაბარების აქტებიც მას მიჰქონდა მაღაზიაში ხელმოსაწერად.

 

ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–თან მომუშავე ბუღალტერმა მზია ზარნაძემ სასამართლოს განუმარტა სასაქონლო ზედნადებების გაწერის და მის გაუქმების პროცედურები. აღნიშნული დოკუმენტი დგება პროდუქციის მიწოდებისთანავე, ხოლო მისი გაუქმება ხდება მყიდველის მხრიდან უარყოფის ან რაიმე შეცდომის შემთხვევაში. გ------- ჩ----–---–ს მათგან პროდუქცია მიჰქონდა სს „რ------------------------–----------------------–------ის“ სახელით და ეს ურთიერთობები გრძელდებოდა წლების განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლიდან , იგი ე---------- გ---–-----მა მიიყვანა მათთან და მანვე უთხრათ, რომ გ------- მივიდოდა ხოლმე მათთან პროდუქციის წასაღებად, გ------- ჩ----–---–ი ხან ე---------- და ზ---- გ---–-----ებთან ერთად მიდიოდა მაღაზიაში და ხანაც მარტო. 2012 წლის თებერვლიდან მათთან გ-------ს გარდა სხვა პირი არ მისულა. ასევე გ-------ს მიჰქონდა მათთან მიღება- ჩაბარების აქტები, რომელიც თავიდან ყოველ მიწოდებულ პროდუქციაზე დგებოდა , ბოლოს კი თვეში ერთხელ. მისთვის სასაქონლო ზედნადებია პირველადი დოკუმენტი, რაც პროდუქციის მიწოდებას ადასტურებს და მიღება -ჩაბარების აქტი მყიდველისთვის იყო მნიშვნელოვანი და მათი თხოვნით დგებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------- ჩ----–---–ი მათთან ურთიერთობაში მოქმედებდა როგორც სს „--------------------------–---------------------–------ის“ ნდობით აღჭურვილი პირი.

 

ამდენად, დადგენილია რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწერილი 18 სასაქონლო ზედნადებით პროდუქციის შესყიდვას მოპასუხეც სადავოდ არ ხდის, მაგრამ მიიჩნევს, რომ გ------- ჩ----–---–მა სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს სახელით საკუთარი მიზნებისთვის შეიძინა მითითებული პროდუქცია, რის თაობაზეც მიმართეს საგამოძიებო ორგანოს და დაწყებულია გამოძიება. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ჩ----–---–ი ზეპირი დავალების საფუძველზე წარმოადგენდა სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს უფლებამოსილ პირს, რათა შეესყიდა ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ისაგან პროდუქცია და ეს ურთიერთობა გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე - 2012 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე. გამყიდველი მრვალწლიანი საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ენდობოდა გ------- ჩ----–---–ს მყიდველის მითითების საფუძველზე. ამდენად, სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს სახელით შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება გააჩნია ამ საწარმოს გამყიდველის წინაშე. რაც შეეხება გ------- ჩ----–---–ის მხრიდან სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს მიმართ ურთიერთობას , ეს საკითხი მათ შორის განსახილველი საკითხია და შემხებლობაში არ არის მოსარჩელესთან და მის წინაშე შესასრულებელ ვალდებულებასთან.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდება პროდუქციის შესყიდვა და ასევე აუცილებელი იყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რადგან სასაქონლო ზედნადებები დგება უშუალოდ პროდუქციის მიწოდებისთანავე და უკვე ადასტურებს პროდუქციის მიწოდების ფაქტს.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების " გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" 25-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის NII-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

ზედნადები ივსება ელექტრონულად საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამდენად, სასაქონლო ზედნადები არის ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი.

 

ასევე მყიდველის მხრიდან შესაძლებელია პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მოხდეს უარყოფა სასაქონლო ოპერაციის , რაც აისახება გამყიდველთან ელექტრონულად, სადავო შემთხვევაში 18 სასაქონლო ზედნადებიდან არცერთის უარყოფა არ მომხდარა.

 

ამრიგად, მოპასუხემ ვერ შეძლო დადასტურება გარემოებისა რომ გ------- ჩ----–---–ი მოქმედებდა მისი რწმუნების გარეშე და რომ უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს სახელით შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელემ დაასაბუთა რომ გააჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება , ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდაზე სხვა პირის ვალდებულების შესახებ, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დასტურდება მოპასუხის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების ფაქტი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 396-ე, 477-ე, 478-ე , 709-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–სა და სს "რ-------------------------–----------------------–----რ"-ს შორის დადებულია წერილობითი ხელშეკრულება პროდუქციის შესყიდვის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

 

ხოლო 478 -ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები , გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები - მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დგინდება, რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში გაწერილია 18 სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ისაგან სს "--------------------------–----------------------–------ი"-ს მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 5553,30 ლარს.

 

სასამართლოს უნდა შეეფასებინა იყო თუ არა გ------- ჩ----–---–ი უფლებამოსილი პირი, რათა სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს სახელით შეესყიდა ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ისაგან მითითებულ პერიოდში პროდუქცია .

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში ( 709-722) გათავალისწინებული არ არის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით, მაგრამ დაცული უნდა იყოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარწმუნებელმა უნდა მისცეს რწმუნებულს რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობა.

 

დადგენილია, რომ გ------- ჩ----–---–ი ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–თან ურთიერთობაში მოქმედებდა როგორც სს "რ------------------------–-----------------------–------ი"-ს ნდობით აღჭურვილი პირი ზეპირი დავალების საფუძველზე და ეს ურთიერთობები გრძელდებოდა 2012-2018 წლებში, მრავალჯერადად.

 

სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლი განსაზღვრავს მოვალის პასუხისმგებლობას მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის - მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

 

ამდენად, სს "რ------------------------–------------------------–------ი" ვალდებულია გადაიხადოს მისი წარმომადგენლის გ------- ჩ----–---–ის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულება.

 

უნდა მოხდეს მოპასუხის მიერ თანხის სრულად გადახდა, გამყიდველმა პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს , მყიდველმა კი უნდა გადაიხადოს პროდუქციის საფასური - ფულადი თანხა სრულად. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელში მითითებული თანხა.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს "რ------------------------–-----------------------–------ი"-ს მოსარჩელე ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 166,59 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე სს "რ------------------------–------------------------–------ი"-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2 . მოპასუხე სს "რ------------------------–-----------------------–------ი"-ს მოსარჩელე ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5553,30 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე სს "რ-------------------------–----------------------–------ი"-ს მოსარჩელე ი/მეწარმე ჯ------- ზ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 166,59 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი