განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003052461
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/193-19 31 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019070619003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარაია
ბრალდებული: რ------ ი----------ი
მამის სახელი: ა-–----
დაბადებული: 1-----–-–-------------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, სოფელი ქვემო ბოლნისი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში, სარწყავ არხთან, მიწის ნაკვეთის მორწყვასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, რ------ ი----------მა ბარი ჩაარტყა თავის არეში, მარცხენა ყურთან, ჯ--–--– ი--------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რ------ ი----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N004259919 დასკვნის თანახმად: ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N9033-ის მონაცემებით ჯ--–--– ი--------ს 07.07.19 წ აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხნივ თხემის არეში. დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. წრილობის მიმყენებელი საგანი და დაზიანების ხანდაზმულობა სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებით ვერ განისაზღვრა.
ასევე, უდავოდ ცნობილი დაზარალებულის ჯ--–--– ი--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნ--- ი--------ას გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 07 ივნისის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დადგენილია რომ რ------ ი----------მა, ჯ--–--– ი--------ს ბარის თავის არეში ჩარტყმით მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ------ ი----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ------ ი----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ------ ი----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ჯ--–--– ი--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ--- ი--------ას გამოკითხვის ოქმი 2019 წლის 07 ივნისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, სამედიცინო ექსპერტიზის N004259919 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ------ ი----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ------ ი----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ------ ი----------მა, ჯ--–--– ი--------ის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ რ------ ი----------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი, არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახების ერთიან ბაზაში.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით რ------ ი----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ------ ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
რ------ ი----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე