განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160N118002746608
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/4-19 29 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031261118002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი,ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გიორგი დავითაშვილი, დავით სარიბეგოვი
ბრალდებული: რ------– გ------ი
მამის სახელი: თეიმურ
დაბადებული: 1-----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: მ--------–-------------–---------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------–---
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ------– გ------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 11:30 საათზე, მარნეულის რაიონში წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალური გზის მე-7 კილომეტრზე რ------– გ------ი, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ფაიგ აგაევს, ადილ გასიმოვს, ზაურ აბდულაევს და შაქირ მამედოვს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ შაქირ მამედოვის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „მერსედესით“ სახელმწიფო N:QMQ-413 და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ფაიგ აგაევის, ადილ გასიმოვის და ზაურ აბდულაევის დიდი ოდენობით ფულად თანხას, 790 000 რუსულ რუბლს, რაც შეადგენს 32 000 ლარს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ------– გ------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნენ დაზარალებულები ფაიგ აგაევი, ადილ გასიმოვი, ზაურ აბდულაევი და ტაქსის მძღოლი შაქირ მამედოვი.
დაკითხვისას დაზარალებულმა ფაიგ აგაევმა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულში და ვაჭრობს აზერბაიჯანში სხვადასხვა პროდუქტებზე. მან ადილ გასიმოვთან და ზაურ აბდულაევთან ერთად გადაწყვიტა ევაჭრათ საქონელზე. 2018 წლის ნოემბრის თვეში მოდიოდნენ აზრებაიჯანიდან. მათ თან ჰქონდათ ფულადი თანხა 790 000 რუსული რუბლის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 590 000 იყო მისი, ხოლო 100 000-100 000 რუსული რუბლი იყო ზაურ აბდულაევის და ადილ გასიმოვის. ფაიგ აგაევმა განმარტა, რომ მათ თანხა წამოიღეს აზერბაიჯანიდან და საზღვარზე გადმოსვლის შემდეგ თანხა მისცეს ადილ გასიმოვს. აიყვანეს მერსედესის ტაქსი და გამოემართნენ მარნეულისაკენ. ტაქსის მძღოლს ერქვა შაქირი. ფაიგ აგაევმა განმარტა, რომ ადილ გასიმოვი იჯდა მძღოლის გვერდით თავად კი ზაურ აბდულაევთან ერთად იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძლებზე, მარჯვენა მხარეს. მოწმემ განმარტა, რომ მიდიოდნენ ტრასაზე, გზაზე შენიშნეს ტრაქტორი. გზაში ესაუბრებოდა ზაურ აბდულაევს, რა დროსაც მსუბუქი მანქანით გადაუკეტეს გზა. იფიქრა, რომ ნაცნობი იქნებოდა. მოულოდნელად გაისმა გაზის შიშინის ხმა, მათ მხარეს ფანჯარა არ იყო ჩაწეული, გაუღეს კარი სცემეს, ვინც თავად სცემა მას სთხოვდა თანხის გადაცემას. ფაიგ აგაევმა განმარტა, რომ თავდამსხმელი მას დაზიანებებს აყენებდა თავის არეში, თვალიც კი ჰქონდა ჩაშავებული. მოწმემ განმარტა, რომ თანხას ითხოვდნენ რუსულ ენაზე, ასევე დაადასტურა, რომ მან დაინახა ერთი ადამიანი, თუმცა შეიძლება ათნიც იყვნენ. ასევე განაცხადა, რომ მანქანა იყო სავარაუდოდ ,,ბმვ“ და თავდამსხმელები სწორედ ამ ავტომანქანიდან გადმოვიდნენ. მოგვიანებით კი მისთვის ადილ გასიმოვისაგან ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელებმა მათი კუთვნილი თანხა წაიღეს.
სასამართლო სხდომაზე ადილ გასიმოვმა დაადასტურა ფაიგ აგაევის მიერ მითითებული გარემოებები, განმარტა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 11:30 საათზე ტაქსით მოდიოდნენ მარნეულისაკენ, ტაქსში ყოფნისას მას თან ჰქონდა ბიზნესისათვის განკუთვნილი თანხა 790 000 რუსული რუბლის ოდენობით. თანხა იყო თეთრ პაკეტში მოთავსებული. ადილ გასიმოვმაც დაადასტურა, რომ გზად დაინახეს ტრაქტორი. რომელსაც გაცდნენ რა 200 მეტრით მსუბუქმა ავტომობილმა მათ გადაუჭრა გზა. გადმოვიდნენ მანქანიდან გაიღო მისი კარი, თავზე დაადეს პისტოლეტი, უთხრეს მიეცა ფული, გაუშვეს გაზი, ვერაფერს ხედავდა, გადასცა თანხა. ადილ გასიმოვმა ასევე განმარტა, რომ მას სთხოვდნენ ფულს, ასევე განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციიდან, მოწმის განმარტებით თავდამსხმელი საუბრობდა ქართული აქცენტით რუსულად, ეხურა ე.წ. ,,კეპკა“, ჰქონდა წვერები. დაზარალებულმა განაცხადა, რომ სხვა თავდამსხმელები არ დაუნახავს და თავდამსხმელებმა წასვლისას თან წაიღეს ავტომანქანის გასაღებიც. დაცვის მხარის შეკითხვაზე დაზარალებუმა განაცხადა, რომ რ------– გ------ს არ იცნობს, იქ არ უნახავს და მან ვინც ნახა იყო გამხდარი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ზაურ აბდულაევი. მანაც დაადასტურა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ფაიგ აგაევთან და ადილ გასიმოვთან ერთად ვაჭრობა, მოდიოდნენ აზერბაიჯანიდან მარნეულისაკენ, მათი საერთო თანხა(790 000 რუსული რუბლი) კი ჰქონდა ადილ გასანოვს. გზად მანაც შენიშნა ტრაქტორი, ხოლო მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მათ წინ გაუჩერდათ ავტომანქანა ,,ბმვ“. მანქანის ნომრები არ ახსოვს, თუმცა განმარტავს, რომ იყო მეტალისფერი. დაზარალებულის განმარტებით ავტომანქანიდან სავარაუდოდ გადმოვიდნენ სამნი. ერთმა მძღოლს დაარტყა, მეორემ მძღოლის კარი გააღო. მას უთხრეს ხელები თავზე დაედო და დაეხარა თავი, თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი, იყო წვერით, ბიღაბი პირამდე ჰქონდა ატანილი. ასევე განმარტა, რომ მას სავარაუდოდ ავტომანქანის უკანა მხრიდან გადმოსული პირი დაესხა თავს. ასევე განმარტა, რომ მას არ სეეძლო თავდამსხმელი ამოცნობა, რადგანაც დაარტყა მუშთი, დაახრევინა თავი. რაც შეეხება მასთან რუსთავში ჩატარებულ ამოცნობას დაზარალებულმა ზაურ აბდულაევმა განმარტა, რომ მას პოლიციამ მიუთითა პირზე, განუმარტა, რომ ეს პიროვნება აღიარებდა დანაშაულს და და ამიტომ დაადო ხელი. ზაურ აბდულაევმა ასევე განმარტა, რომ მის დაკითხვას თარჯიმანი კი ესწრებოდა, მაგრამ ოქმში რა ეწერა მისთვის არავის წაუკითხვას. დაცვის მხარის სეკითხვაზე ზაურ აბდულოაევმა განმარტა, რომ რ------– გ------ი თავდაასხმის დროს არ უნახავს, ხოლო ვინც მას დაესხა თავს ჰქონდა წვერები და მწვანე თვალები. ზაურ აბდულაევის განმარტებით კი მან მხოლოდ იმიტომ დაადო ხელი ამოცნობისას რ------– გ------ს, რომ პოლიციამ უთხრა თითქოს რ------– გ------ი აღარებდა დანაშაულს.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ტაქსის მძღოლი შაქირ მამედოვი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულში, კირაჩმუღანლოში. ტაქსაობს, მას სთხოვეს მარნეულში წაყვანა, ადილი წინ დაუჯდა, მას თან პატარა ცელოფანი ჰქონდა, ხოლო ზაური და ფაიგი უკან დასხდნენ. დაადასტურა, რომ ავტომანქანამ მათ გვეერდით მოუჩერა, სემდეკ კი ვერც მიხვდა რა მოხდა, ეგონა იჩხუბეს, მის გვერდით ვინც იჯდა იმასთან იჩხუბა. მოწმემ განმარტა, რომ თავად რთავდა მაგნიტაფონს და არ დაუნახავს მათ გვერდით მანქანიდან ჩამოსული პიროვნება. ასევე განმარტა, რომ მას უკნიდან დაარტყეს, ვერ მიხვდა მანქანიდან დაარტყეს თუ გარედან, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ასევე გაარტყეს სილა. ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დატოვეს ერთი დღე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 4 დეკემბრის N008238418 დასკვნის თანახმად, ფაიგ აგაევს 01.12.18 წ ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში რაც მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ალექსი ბარათაშვილი, მან განმარტა რომ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა ჰააიგ აგაევის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაადასტურა რომ დასკვნა გასცა ობიექტური შემოწმების საფუძველზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 20 დეკემბრის დასკვნის N008733218 თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებით შაქირ მამედოვი 26.11.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 26.11.2018. წლიდან 27.11.2918 წლამდე და დაუდგინდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მარცხნივ თვალბუდის და ცხვირის მიდამოს სისხლჩაქცევა და ნაჭდევები, კონიუნქტივური სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი. მან განმარტა რომ ჩაატარა ექსპერტიზა შაქირ მამედოვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გიორგი ოქრუაშვილმა განმარტა რომ დასკვნა გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და თავად პიროვნება არ შეუმოწმებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აინურ მამედოვა. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონში სოფ.კირაჩმუღანლოში, მამასთან შაქირ მამედოვთან ერთად. დაახლოებით 2018 წლის ნოემბერში იმყოფებოდა სახლში, ეძინა, რა დროსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მამამისს რაღაც შეემთხვა, იყო ცუდად და მისულიყო დასახმარებლად. აინურ მამედოვამ განმარტა, რომ მივიდა მამამისთან, შაქირ მამედოვი დახვდა მანქანასთან, სახეზე - კერძოდ ცხვირზე ჰქონდა დაზიანებები. როგორც მამამისისგან გაიგო თავს დაესხნენ და მას დაარტყეს. აინურ მამედოვამ დაადასტურა, რომ მამამისი არის ტაქსის მძღოლი. მოწმის განმარტებით პოლიცია გამოძახეს გამვლელებმა, რადგან თავად არ იცის ქართული.
სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა ნოდარ ჩუხრუკიძე. მან განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში მუშაობდა წითელ ხიდზე შპს ,,ბრიჯში“. მუშაობდა ტრაქტორზე, ჭრიდა გზის ნაპირს. შუადღეს დაახლოებით პირველი საათისათვის გაიარა მერსედესმა, შემდეგ ბმვ-მ. მისი ყურადღება მიიქცია ავტომანქანა ,,ბმვ“, რადგან თავადაც ასეთი ავტომანქანა ჰყავს. მოწმის განმარტებით ,,ბმვ“ იყო მოვერცხლისფრო, მანქანის ნომერი იყო 561, ჩაუჭრა მერსედესს და ცერად გაუჩერა. ავტომანქნიდან გადმოვიდნენ სამნი, მივიდნენ მერსედესთან და ატყდა ჩხუბი. მოწმის განმარტებით ერთი პიროვნება მარჯვნიდან გადმოვიდა, ორი მარცხნიდან. მარცხნიდან გადმოსული პიროვნებებიდან ერთი წინიდან გადმოვიდა ერთი უკნიდან. მოწმის განმარტებით მან დაინახა საჭესთან მჯდომი პიროვნება, ეცვა შავები და ჰქონდა წვერი, იყო საშუალო ტანის.
2018 წლის 26 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ირკვევა რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონში, წითელი ხიდი-შულავერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია გამომძიებელ ოსმან ბაბანლის მიერ, ესწრებოდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, მანანა გოგოლაძე, სოსოს ზარნაძე. შემთხვევის ადგილის გზის ორივე მხარეს არის ტრიალი მინდორი და მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობს. აღნიშნულ ადგილას გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე დგას შაქირ მამედოვის კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით QMQ 413. მანქანის წინა მხარეს, კართან, ასფალტზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მსგავსი ლაქები შეინიშნება ავტომანქანის საბარგულთან ასფალტზე, ასევე ავტომანქანის უკანა მარჯვენა კართან. სისხლისმაგვარი ლაქები ასევე შეინიშნებოდა ავტომანქანის წინა და უკანა მარცხენა კარის ზედაპირზე, საბარგულის სახურავის ზედაპირზე, ავტომანქანის წინა მარცხენა კარის შიდა ჩარჩოს ზედაპირზე, ასევე წინა ორივე სავარძელს შუაში გადაცემათა კოლოფის ზედაპირზე. აღნიშნული ლაქებიდან ანაწმენდები აღებულ იქნა ექსპერტების მიერ, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 4 ცალი თითის კვალი, უკანა მარცხენა კარის ზედაპირიდან 1 თითის კვალი, წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან 1 ცალი თითის კვალი, სახურავის უკანა მარჯვენა საყრდენიდან 1 თითის კვალი, წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან 1 ცალი თითის კვალი. აღნიშნული თითის ანაბეჭდები მოთავსდა პაკეტში, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ავტომანქანის სალონში ნივთების გადაადგილება არ აღინიშნება. უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს, იატაკზე გდია ერთი თუნუქის ქილა წარწერით „NATO”. აღნიშნული თუნუქის ქილა ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტების მიერ. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა მუყაოს მონაჭერი მუქი ფერის ლაქებით, ავტომანქანის შალითები, რომლებიც დაილუქა, დაისვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ასევე ამოღებულ იქნა შაირ მამედოვის ზემოაღნიშნული ავტომანქანა და გადაყვანილი იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს კაჩაგნის განყოფილებაში და დაილუქა მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სურათები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ოსმან ბაბანლიმ განმარტა , რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება , ბრალდებულს წაუყენა ბრალი და გამოკითხა იგი, გამოკითხა ასევე დაზარალებული და ადვოკატს გაუცვალა მტკიცებულებები. ოსმან ბაბანლიმ დაადასტურა რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ექსპერტებთან ერთად და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სისხლის კვლები. ოსმან ბაბალიმ განმარტა რომ მათ მისვლისას ავტომანქანა კვლავ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ავტომანქანის უკან კი დაახლოებით 100 მეტრში მუშაობდა ტრაქტორი.
სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა სოსო ზარნაძე. მან განმარტა რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკის სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტად. 2018 წლის 26 ნოემბერს 13 საათზე მიიღეს შეტყობინება და გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა წითელი ხიდი-სულავერის გზის სავალ ნაწილთან გაჩერებული იყო მუქი ფერის მერსედესი. შემთხვევის ადგილზე მოხდა ფოტო გადაღება, ამოღებული იქნა მანქანიდან სისხლის კვლები, სისხლის კვლები იყო მანქანის შალითებზე და სიჩქარის გადასართველთან. გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმები. სოსო ზარნაძემ დაკითხვისას განმარტა რომ მათ შემთხვევის ადგილი 10-15 მეტრის მანძილზე დაათვალიერეს, მანქანის უკან დაახლოებით 100 მეტრზე მუშაობდა ტრაქტორი, ასევე განაცხადა რომ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გაეცნო ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით.
2018 წლის 28 ნოემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. რუსთავში, ქ. თბილისში და მარნეულის რაიონში მოწმე რ------– გ------ისგან მიღებული ჩვენების ვერსიის შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობდნენ თარჯიმანი ვასიფ პარაბაშოვი, ექსპერტი დიმიტრი კვირიკაშვილი და ირაკლი წვერავა. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, ტექნიკური განათების პირობებში, მშრალ ამინდში, მშვიდ ვითარებაში.საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე, რ------– გ------ისათვის შეთავაზებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტით დაეზუსტებინა ან დაედასტურებინა მის მიერ 2018 წლის 28 ნოემბრის მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. თარჯიმანის დახმარებით მონაწილე პირთა თანდასწრებით ხმამაღლა და გარკვევით იქნა წაკითხული რ------– გ------ის ჩვენება. ამის შემდეგ რაფიელ გ------ის მითითებით ქ. რუსთავიდან , შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან, წავიდნენ ქ. თბილისში აფრიკის დასახლებაში, ე.წ ვულკანიზაციაში. სადაც 2018 წლის 26 ნოემბერს დილის საათებში მივიდა რაფიელ გ------ი თავისი „ BMW” მარკის ავტომანქანით, მისი უკანა მარცხენა საბურავის შესაკეთებლად. რაფიელ გ------მა მიუთითა ის ადგილი, სადაც იდგა მისი მანქანა და ასევე ის ადგილი სადაც გაჩერდა ტაქსი. ტაქსიდან ჩამოვიდნენ მისი ბიძაშვილი, ომარ გ------ი და მისი თანხმლები პირი, სახელად ვალიკო. რაფიელ გ------ის „ BMW” მარკის ავტომანქანით, ომარი გ------ისა და ვალიკოს მითითებით, რაფიელ გ------ი, წავიდა მათთან ერთად წითელი ხიდის მიმართულებით მარნეულის რაიონის სოფ. კირაჩმუღანლოს ბოლოში. მისი მითითებით იგი მარნეულის რაიონის სოფ. გაჩიანის გავლით წავიდა, რის შემდეგაც გაიარა რუსთავი და სოფ. ქესალოს ხელმარჯვნივ გადასახვევით გაგრძელა სვლა. ამის შემდეგ გაიარეს მარნეულის სოფლები და სოფ. შულავერში მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურიდან გადაუხვიეს ხელმარცხნივ. მარნეულის რაიონის სოფ.კირაჩმუღანლოს შესასვლელთან, რ------– გ------მა მიუთითა ადგილი მათი გაჩერების და სადაც ჩამოიარა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ. მან ასევე მიუთითა მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩაიარა აღნიშნულმა ავტომობილმა. რ------– გ------მა მიუთითა ადგილი, სადაც გადაუსწრო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას და გადაუკეტა გზა. ამის შემდეგ მიუთითა გზის მიმართულება საიდაც განაგრძო სვლა, მას შემდეგ, რაც პისტოლეტის ტიპის იარაღებით გადასული ომარ გ------ი და ვალიკო დასხდნენ მანქანაში და უთხრეს წასულიყო. მან ასევე მიუთითა ადგილი, დაახლოებით 250 მეტრში, სადაც შეხვდათ მუქი ფერის ,,მიცუბიში აირტეკოს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც გადასხდნენ ომარ გ------ი და ვალიკო. რ------– გ------მა აღნიშნა, როგორც ომარ გ------ისა და ვალიკოს მიმართულება, ასევე თავისი მიმართულება. კერძოდ: მან სვლა განაგრძო მარნეულის რაიონის გაჯისქენდში, მის საცხოვრებელ სახლში. სახლის ეზოში მიუთითა ადგილი, სადაც გააჩერა კუთვნილი ავტომობილი სახ. ნომრებით SS-561-JJ. მანქანა არის ოთხ კარიანი სედანი, ნაცრისფერი შავი ტყავის სალონით. მანქანას ვიზუალურად დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული მანქანა საგამოძიებო ექსპერიმენტით ამოღებული და გადაყვანილი იქნა ქ. რუსთავში XXI მიკროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სატრანსპორტო საშუალებების სპეც ავტსადგომზე შპს „ ტრანსვეი ლოჯისტიკს“ სადაც შედგა გაჩერება-ჩაბარების აქტი, რომელიც ტან ერთვის ოქმის. მანქანა დაილუქა ლუქით 30/9. ექსპერტის მიერ გადაღებულია სურათები რომელიც ერთვის ოქმს.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები გიორგი ბასილია და ლაშა დარბაიძე. გიორგი ბასილიამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ლაშა დარბაიძემ განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში მონაწილეობას იღებდა ბრალდებულის დაკავებაში ბრალდებული დააკავა თამარ ჩუბინიძემ რუსთავში, უფლებებიც განუმარტა ასევე თამარ ჩუბინიძემ, როგორც ახსოვს დაკავება მოხდა ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით.
2018 წლის 27 ნოემბრის დათვალიერების ოქმით ირკვევა რომ რუხი ფერის ავტომანქანა BMW ნომრით SS-561-JJ ეკუთვნის მარნეულის რაიონის სოფელ გაჯისაკენდში მცხოვრებ 1980 წლის 9 თებერვალს დაბადებულ რ------– გ------ს. ასევე მას საკუთრებაში აქვს VOLTRAN-99 მოდელის 9 მმ კალიბრის აირის პისტოლეტი. დათვალიერების ოქმი შედგენილია ბეთქილ გერლიანის მიერ.
2018 წლის 27 ნოემბრის ელდარ ბოლქვაძის პატაკით ირკვევა რომ მან 2018 წლის 26 ნოემბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ინფორმაციის თანახმად აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონდეს რ------– გ------ს, რომელიც უნდა იმყოფებოდეს, რუსთავში, სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ფორდ ტრანზიტის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით FF-307-ZZ და თან უნდა ჰქონდეს დაყაჩაღების გზით მოპოვებული ფულადი თანხა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბეთქილ გერლიანმა განმარტა რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ- გამომძიებლის თანამდებობაზე. იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფში და ბოლქვაძის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი ჰქონდა რ------– გ------სა და იმ დროს იმყოფებოდა რუსთავში. გამოცხადნენ რ------– გ------თან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და მისი საფულიდან ამოღებული იქნა რუსული ფული პირადობისა და მართვის მოწმობა. ბეთქილ გერლიანმა განმარტა რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ამს არ მიუღია.
ელდარ ბოლქვაძემ დაკითხვისას დაადასტურა რომ მან ნამდვილად მიღო ოპერატიული ინფორმაცია რომ რაფაელ გ------ი უნდა ყოფილიყო რუსთავში აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა მოწმის სახით თამარ ჩუბინიძის მიერ. მან განმარტა სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მას არ მიუღია.
2018 წლის 27 ნოემბრის რ------– გ------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის მიერ. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქალაქ რუსთავში სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, ელვა შესაკრავით, რომელშიც აღმოჩნდა 43 ცალი 100 დოლარიანი, 1 ცალი 200 რუბლიანი კუპიურა, 81 ცალი 1000 რუბლიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი. რ------– გ------ის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, სახელმწიფო ნომრით SS-561-JJ. აღნიშნული ნივთები დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ლაშა დარბაიძის, თარჯიმან ლალი კახნიაშვილის, გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის და თავად რ------– გ------ის.
2018 წლის 28 ნოემბერს ექსპერტ დიმიტრი კვირიკაშვილის მიერ აღებულ იქნა რ------– გ------ის ნერწყვის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა გამომძიებელმა გიორგი ბასილიამ, ესწრებოდა თარჯიმანი ვასიფ პარაბაშოვი, ექპერტები დიმიტრი კვირიკაშვილი, ირაკლი წვერავა.
2018 წლის 28 ნოემბერის ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა რომ რ------– გ------ისაგან აღებულ იქნა ხელის თითის კვლები.
2018 წლის 28 ნოემბრის ამოღების ოქმით დგინდება რომ რ------– გ------ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი, კერძოდ შავი ფერის ტყავის ქურთუკი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის გრძელ მკლავიანი მაისური. აღნიშნული ტანისამოსი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
2018 წლის 28 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია რომან ბოლქვაძის მიერ. ზაურ აბდულაევს ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან მან ამოიცნო რ------– გ------ი და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება 2018 წლის 26 ნოემბერს ყაჩაღურად დაესხა თავს და გასტაცა ფულადი თანხა. ამომცნობმა განმარტა, რომ რ------– გ------ი ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, თვალების ფერით, წვერით, ხშირი მუქი წარბებით, შავი პირსახით და ვიზუალური იერსახით. პირის ამოცნობის ოქმზე რ------– გ------მა უარი განაცხადა ხელმოწერაზე, იმ მოტივით, რომ იგი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა როგორც ტაქსი და მანქანიდან არ გადმოსულა.
სასამართლოზე ასევე დაიკითხა რომან ბოლქვაძე რომელმაც განმარტა რომ მუშაობს ქვემო ქართლის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. დაადასტურა რომ მონაწილეობდა სარდარ ეფენდიევის პირად ჩხრეკვაში დაკითხვაში ჩაატარა ამოცნობა. განმარტა რომ ამოცნობა ჩატარდა დაზარალებულ ზაურ აბდულაევთან და მან ამოიცნო ყაჩაღობაში მონაწილე პირი. ამოცნობამდე ზაურ აბდულაევი იყო გამოკითხული და გამოკითხვის ოქმში მითითებული ჰქონდა ის ნიშანთვისებები, რითაც შეძლო ბრალდებულის ამოცნობა. გამომძიებელმა განმარტა რომ ბრალდებულმა ამოცნობის ოქმს არ მოაწერა ხელი იმ მოტივით, რომ იგი მიუთითებდა რომ ყაჩაღობის დროს არ გადმოსულა მანქანიდან. რომან ბოლქვაძემ განმარტა რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, ამოცნობისათვის რაფაელ ბაჯიევთან ერთად გამოძახებული იქნა და მონაწილეობდა 2 სხვა პიროვნება რომელიც მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ რაფაელ გ------ისაგან. რომან ბოლქვაძემ ასევე დადასტურა რომ მათ ყავთ აზერბაიჯანელი თანამშრომლებიც.
რ------– გ------ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 28 ნოემბერს, დეტექტივ გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ. დაკავებაში მონაწილეობდნენ თარჯიმანი ვასიფ პარაბაშოვი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა დარბაიძე და ამილ გ------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თავად რ------– გ------ი. მან განმარტა 2018 წლის 25 ნოემბერს იმყოფებოდა თბილისში, აფრიკის დასახლებაში, დაურეკა ბიძაშვილმა და სთხოვა ავტომანქანა , რ------– გ------მა განმარტა რომ ბიძაშვილს შეხვდა აფრიკის გამოსასვლელში მას ახლა ორი პირი ერთს ერქვა ვალიკო ხოლო მეორეს სახელი არ იცის. ბიძაშვილმა განუმარტა რომ ეს პირები იყვნენ მისი სტუმრები და ქალაქში უნდა გაესეირნათ. რ------– გ------მა მანქანასთან ერთად გადასცა მანქანის ტექ პასპორტიც თავად კი სოფელში წავიდა რუსთავის გავლით. დაახლოებით 4-5 საათზე დაურეკა ომარმა და უთხრა რომ მანქანა მოგიყვანეო , ასევე უთხრა რომ მანქანას რაღაც ჰქონდა შესაკეთებელი ტან დაუტოვა რუსული ფული და წავიდა. რ------– გ------მა განმარტა რომ თავს ცუდად გრძნობდა ჰქონდა წნევა რის გამოც დაურეკა სარდარ ეფენდიევს და სთხოვა წაყვანა. სარდარ ეფენდიევმა წაიყვანა მეორე ქესალოში იმ დღეს რ------– გ------ი დარჩა მასთან . რ------– გ------მა განმარტა რომ მეორე დღეს სარდარ ეფენდიევს სთხოვა წაეყვანა თბილისში. რ------– გ------მა განმარტა რომ მისი ბიძაშვილის სახელი და გვარია ომარ გ------ი ცხოვრობს რუსეთში, ტაქსაობს ვლადიკავკაზი თბილისის მიმართულებით. რ------– გ------მა განმარტა რომ პოლიციისათვის არ უთქვამს რომ ყაჩაღობისათვის იმყოფებოდა მანქანაში, ქართულ ენას არ ფლობს არც ოქმი წაუკითხავს, პოლიცია მას ესაუბრებოდა რუსულად. ამოცნობის დროს განუმარტეს რომ ამომცნობმა მისი მანქანა ნახა ყაჩაღობის ადგილას და ამიტომ აჩვენებდნენ. ბრალდებულმა რ------– გ------მა საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით განმარტა რომ პოლიციამ მას განუცხადა რომ მიყავდა იმ ადგილებში სადაც მისი მანქანა ნახეს და გზადაგზა იღებდნენ სურათებს და თან ეუბნებოდნენ რომ პროცედურების დასრულების შედეგ მას გაუშვებდნენ. ბრალდებულმა განმარტა რომ მას ბიძაშვილმა ომარ გ------მა მას თანხა შესანახად დაუტოვა და მას პირადი ჩხრეკვის დროს თან ჰქონდა 4300 დოლარი რომელიც მას გადასცა ძმამ და ესაჭიროებოდა დედის მკურნალობისათვის. რ------– გ------მა დაადასტურა რომ მანქანა დილის 9 საათისათვის გადასცა ბიძაშვილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სარდარ ეფენდიევმა განმარტა რომ ცხოვრობს მარნეულში სოფელ მეორე ქესალოში. ბრალდებული რაფაელ გ------ი არის მისი მამიდაშვილი რომელიც ცხოვრობს სოფელ გიულარხში. იმყოფებოდა მარნეულში როდესაც დაურეკა რაფიელ გ------მა და სთხოვა მანქანა გამიფუჭდა სოფელში ვარ და წამიყვანეო. სარდარ ეფენდიევმა დაადასტურა რომ რაფაელ გ------ი წამოიყვანა მეორე ქესალოში. ასევე განმარტა რომ რაფაელ გ------ი იყო შეუძლოდ და ჰქონდა წნევა. რაფაელ გ------ი იმ დღეს დარჩა მათთან მეორე დრეს საღამოს კი სთხოვა წაეყვანა თბილისში თავის სახლში. გზაში ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდნენ რუსთავში ბენზინგასამართზე რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
3.2. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებანი და გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს მარნეულის რაიონში წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალური გზის მე-7 კილომეტრზე ფაიგ აგაევზე, ადილ გასიმოვზე, ზაურ აბდულაევსა და შაქირ მამედოვზე ნამდვილად განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით. სასამართლომ იგივე სტანდარტით შეაფასა მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ რ------– გ------ის აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობა ვერ დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმის მასალებში რ------– გ------ის წინააღმდეგ მოიპოვებოდა შემდეგი სახის მტკიცებულებანი: ოპერატიული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოცნობის ოქმი და დაზარალებულ ზაურ აბდულაევის ჩვენება, ასევე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, როდესაც მას აღმოაჩნდა რუსული რუბლი.
ბრალდებულმა რ------– გ------მა განმარტა, რომ მას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თარჯიმანი არ ჰყოლია (საგულისხმოა, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ თარჯიმანი ვასიფ პარაბაშოვი მოწმის სახით არ ყოფილა წარმოდგენილი) და მას განუმარტეს, რომ უნდა ეჩვენებინათ ის ადგილები, სადაც მისი მანქანა იქნა შემჩნეული და ამიტომ უღებდნენ სურათებს. შესაბამისად ბრალოდებულმა უარი განუცხადა სასამართლოს ეხელმძღვანელა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით და ამ ჩვენების გადამოწმების ოქმით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშულობა და ბრალდებულს ნებისმიერ დროს უფლება აქვს უარი თქვას მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებაზე.
რაც შეეხება ამოცნობის ოქმს, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ზაურ აბდულაევმა უარი განაცხადა ამოცნობის დადასტურებაზე და განმარტა, რომ მას რ------– გ------ი არ ამოუცვნია და ამოცნობისას მასზე მიუთითა სამართალდამცველების მითითების თანახმად, რადგან იცოდა, რომ რ------– გ------ი აღიარებდა მის მიმართ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას. შესაბამისად სასამართლო ვერც ამოცნობის ოქმს და ვერც დაზარალებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ვერ გაიზიარებს, რადგანაც ის მოკლებულია დამაჯერებლობას და მასში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობანია. ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა არ დაადასტურეს რ------– გ------ის ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი.
ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა რუსული რუბლი, სასამართლო იზიარებს ამ მტკიცებულებას თუმცა აღნიშნული ვერ ადასტურებს აღნიშნული თანხის რ------– გ------ის მიერ ყაჩაღურად დაუფლებას.
ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ------– გ------ის ავტომანქანა ნამდვილად იმყოფებოდა ყაჩაღური თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულ ნაწილში ბრალდებულმა განაცხდა, რომ ავტომანქანა ათხოვა ნათესავს ომარ გ------ს და მის სტუმრებს. რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაუპირისპირდებოდა ბრალდებულის ამ განმარტებას სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადგენს რ------– გ------ის მიერ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტს.
3. სამართლებრივი შეფასება.
3.1. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ რ------– გ------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული რ------– გ------ი უნდა გამართლდეს ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხლისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული რაფაილ გაჯიევი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
რაფაილ გაჯიევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და რაფაილ გაჯიევი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
რაფაილ გაჯიევის ტანისამოსი დაუბრუნდეს რაფაილ გაჯიევს.
რაფაილ გაჯიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 4300 აშშ დოლარი, 1 ცალი 10 ლარიანი, შავი ფერის სამსუნგის მობილური ტელეფონი და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს რაფაილ გაჯიევს.
რაფაილ გაჯიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - 82 ცალი 500 რუბლიანის, 1 ცალი - 200 რუბლიანის, 81 ცალი 1000 რუბლიანი კუპიურების - ბედი გადაწყდეს აღნიშნულ საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ავტომანქანა ,,ბმვ“ SS-561-JJ, 8 ცალი დაქტილოფირის, თუნუქის ქილის, სავარძლების შალითის ბედი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
რაფაილ გაჯიევს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე