გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2019
საქმის ნომერი
330210019002987152
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

1 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,თ---–------------“

წარმომადგენელი - თ-----------------.

 

მოპასუხე - შპს ,,ი-----------“

დირექტორი - მ---------–----.

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ,,ი-----------“-ს დაეკისროს შპს ,,თ---–------------“-ს სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურება 822 974,15 (რვაას ოცდაორი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, შპს ,,ყ--------------------–---“, რომლის ამჟამინდელი დასახელება სახელის შეცვლის გამო არის შპს ,,თ---–------------’’, მოპასუხე შპს ,,ი-----------“-ს, 20---–-–----------------ს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისში, ფ-------–-–- განთავსებული გაზგამანაწილებელი პუნქტიდან აწვდიდა ბუნებრივ აირს, ხოლო აბონენტს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება, დადგენილ ვადებში შეთანხმებული საფასურის გადახდის ვალდებულება. მხარეებს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, დეტალურად განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, კერძოდ, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ბუნებრივი აირის მიწოდების, აღრიცხვის, ანგარიშსწორების წესი და პირობები, ასევე მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურების წესის დარღვევასთან დაკავშირებული პირგასამტეხლო.

 

2----–-–------------–ის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, აბონენტის ბარათის მონაცემებზე და კომპანიის საფინანსო სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, შპს ,,თ---–------------’’-ს მიმართ შპს ,,ი-----------“-ის დავალიანება შეადგენს ჯამში 822 974,15 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 782 801,80 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო არის 40 172.35 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,ი-----------’’-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ ერთის მხრივ შპს ,,ყ--------------------–---ა“ (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ი-----------“-ს (,,მყიდველი’’) შორის 20---–-–----------------ს გაფორმებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი მოქმედების ვადა, ბუნებრივი გაზის საკონტრაქტო რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და მიწოდება-მიღების პუნქტები, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესი, ტარიფი, ანგარიშსწორების წესი და სანქციები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20---–-–----------------ს ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ (ს.ფ. 27-37);

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ი-----------“-ს, 2----–-–---------–---ს მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიმართ 822 974,15 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირი შეადგენს 782801,80 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 40172 ლარს. აღნიშნული დავალიანება უცვლელია 2019 წლის 16 ივლისის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 38-41);

- შპს ,,ყ--------------------–---“-ს ცნობა (ს.ფ. 42);

 

3.1.3. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, შეიცვალა შპს ,,ყ--------------------–---“-ს სახელწოდება და მისი ამჟამინდელი სახელწოდება არის შპს ,,თ---–------------’’

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. );

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-23);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. 5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლება. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,თ---–------------’’ (ყოფილი შპს ,,ყ--------------------–---“) და შპს ,,ი-----------“ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში (20---–-–----------------ს ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ), რომლის საფუძველზეც ორივე მხარეს წარმოეშვებათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, როგორც დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს თავისი უფლების სამართლებრივი გზით იძულებით განხორციელება ან დაცვა, მართალია განსაზღვრავს კანონი, თუმცა შესაბამისი ნორმის გამოყენება შესაძლებელია ამ ვადის წარმოშობასა და ამოწურვასთან დაკავშირებით გარემოებების მტკიცების საფუძველზე. სამოქალაქო საქმის წარმოება ეფუძნება რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს, მასში მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან, მიუთითონ და დაამტკიცონ ის გარემოებები, რაც მიაჩნიათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის აუცილებლად, სასამართლო კი ნეიტრალურია და ამ თვალსაზრისით შეზღუდულია, თავისი ინიციატივით დაადგინოს ამა თუ იმ მხარის ინტერესების შესაბამისი ფაქტები. ამასთან, მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ განადგურებასაც კი. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მეტი საფრთხის მატარებელია მოპასუხე მხარისათვის, მან შეიძლება ვერ დაიცვას თავისი ინტერესი მტკიცებულებათა არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია მხარის ინტერესის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზეზით.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.“ (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-1937-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,თ---–------------’’ (ყოფილი შპს ,,ყ--------------------–---“) მოითხოვს მოპასუხე შპს ,,ი-----------“-ს დაეკისროს 20---–-–----------------ს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 822 974,15 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი და ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ დებიტორული დავალიანების ანაზღაურებას რომელიც მოპასუხე შპს ,,ი-----------“-ს ერიცხება 2----–-–---------–---ს მდგომარეობით და რომელიც წარმოშობილია მხარეთა შორის 20---–-–----------------ს გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულებიდან.

 

დასახელებული ხელშეკრულების 8.3.1. პუნქტის შესაბამისად ,,მყიდველი’’ ვალდებულია, 2----–-–------------------დე, გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-განცხადების (ინვოისის) საფუძველზე, სრულად ჩარიცხოს ,,გამყიდველის’’ საბანკო ანგარიშზე სექტემბრის თვეში მისაწოდებელი გაზის ღირებულება. ამავე მუხლის 8.3.2. პუნქტის თანახმად კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე ,,გამყიდველის’’ მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-განცხადების (ინვოისის) საფუძველზე ,,მყიდველი’’ ვალდებულია სრულად ჩარიცხოს საანგარიშო თვის განმავლობაში მისაწოდებელი გაზის საფასური.

 

ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის გათვალისწინებით ცხადია, რომ 2----–-–---------–---ს მდგომარეობით მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დარღვეული უფლების შესახებ, სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 2019 წლის 10 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. ამასთან რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება მოპასუხე მხარეს არ დაეკისრება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,თ---–------------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე