განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002995090
N1/119-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე----- ტ--–-----;
ბრალდებული - რ----- ხ-------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, გ.მერჩულეს ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. რ----- ხ-------, დედასთან, ი----- ო----–---სთან ერთად ცხოვრობს ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩა N---–-. 2018 წლის 17 ნოემბერს, რ----- ხ------- იმყოფებოდა სახლში, ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა N---–-, სადაც, ასევე, იმყოფებოდა დედა - ი----- ო----–---. ღამის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მათ, ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც რ----- ხ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი----- ო----–---ს. კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმებში, მიანარცხა კედელზე და მუშტი ჩაარტყა ზურგში. ასევე, ორივე ხელები მოკიდა მკლავებში და გაიყვანა გარეთ. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი----- ო----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 17 ნოემბერს, ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩა N---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ----- ხ-------ს, დედის - ი----- ო----–---ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. დაცვის მხარის მიერ, საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნობილი დ-------- ო----–---ს, ნ----- ო----–---ს, ი-----–- ხ-------ს და ნ--- ს------ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, დასტურდება, რომ ი----- ო----–---ს ჰყავს ორი შვილი, რ----- ხ------- და ი-----–- ხ-------.
4. 1981 წლის 3 ივნისის რ----- ხ-------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასტურდება, რომ ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი----- ო----–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ----- ხ-------.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ხ------- და დაზარალებული ი----- ო----–--- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 3 თებერვალს, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან, ი----- ო----–---სთან და რ----- ხ-------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა N---–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, არაფერი ამოღებულა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა ადგილზე, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
8. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი----- ო----–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
9. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და აღარ მოითხოვა მოწმეების კ-------–- ბ--------–---–-ს, რ----- ხ-------ს, ა---------– ბ--------–----ს, ნ----- ო----–---ს, გ------- ა----–----, ნ----------ის, ი-----–- ხ-------ს, დ-------- ო----–---ს, ნ--- გ-------–----ს და გ--- ც---–----- დაკითხვა.
10. მოწმე დ-------- ო----–---ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ როგორც ი----- ო----–---სგან იცის, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მას შვილმა რ----- ხ-------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თმებში მოქაჩა და მიანარცხა კედელზე, შემდეგ ზურგში ჩაარტყა მუშტი და ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ. ასევე, სახლში დააზიანა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
11. მოწმე ნ----- ო----–---ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ როგორც ი----- ო----–---სგან იცის, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მას, შვილმა რ----- ხ-------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, სახლში დაამტვრია ავეჯი. დეტალები, კონკრეტულად რა ფორმით მიაყენა შეურაცხყოფა, ი-----სთვის არ უკითხავს, არ დაინტერესებულა.
12. მოწმე ი-----–- ხ-------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ როგორც დედისგან - ი----- ო----–---სგან სატელეფონო საუბრით გახდა მისთვის ცნობილი, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მისმა ძმამ რ----- ხ-------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი----- ო----–---ს, ასევე, სახლში დაამტვრია ავეჯი.
13. მოწმე გ------- ა----–---- გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ როგორც ი----- ო----–---სგან იცის, ერთხელ, მას, რ----- ხ-------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახლში დაამტვრია ნივთები, თუმცა როდის უთხრა აღნიშნული მას ი-----მ, არ ახსოვს.
14. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მიმართვები, შეტყობინებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები) რომლთაც დაადასტურა გარემოებები, რომელსაც შემხებლობა არ აქვს რ.ხ-------ს ბრალეულობასთან, ვინაიდან მტკიცებულებებში ასახულია ზოგადი ხასიათის ინფორმაცია და აუდიო ჩანაწერი ასახავს, სატელეფონო საუბარს რ----- ხ-------სა და ი----- ო----–---ს შორის.
15. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ----- ხ-------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- ხ-------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ----- ხ-------ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ----- ხ-------ს მხრიდან დაზარალებულ ი----- ო----–---ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, რ----- ხ-------ს, დაზარალებულ ი----- ო----–---ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
20. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----- ხ-------ს მიერ ი----- ო----–---ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - დ-------- ო----–---ს, ნ----- ო----–---ს, ი-----–- ხ-------ს და გ------- ა----–---ს გამოკითხვის ოქმები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ----- ხ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლევის გარეშე მიღებული, პერიუდიციული მნიშნვნელობის მქონე მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, რ----- ხ-------მ ძალადობა ჩაიდინა დედის - ი----- ო----–---ს მიმართ. მოწმეების ნ----- ო----–---ს, ი-----–- ხ-------ს და გ------- ა----–---- გამოკითხვის ოქმებში ზოგადადაა გადმოცემული ინფორმაცია რ----- ხ-------ს მხრიდან, დედის, ი----- ო----–---ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე და დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, მოწმეებს აღნიშნული არ აქვთ. რაც შეეხება მოწმე დ-------- ო----–---ს, მართალია მის გამოკითხვის ოქმში დეტალურადაა აღწერილი მოვლენები, რაც განვითარდა 2018 წლის 17 ნოემბერს რ----- ხ-------სა და ი----- ო----–---ს შორის და კონკრეტულადაა ასახული განხორციელებული ძალადობა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი----- ო----–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შეაძლებლობას იმსჯელოს ირიბი მოწმების გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბი მოწმების მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ი----- ო----–---სთან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ რ----- ხ-------ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, რ----- ხ------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
24. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ხ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
რ----- ხ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გამართლებულ რ----- ხ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, 3 (სამ) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე