გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.08.2019
საქმის ნომერი
140310019002962950
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002962950

საქმე № 3/96-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 აგვისტო, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: დ---- ღ----–--ე

წარმომადგენელი: გ------- ლ--–--–---–ი

 

მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები: ზ------ კ------ და მ------- დ------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ი-----, ა--------- და მ------ ღ----–--ეები

წარმომადგენლები: გ--- ღ----–--ე და გ------- ლ--–--–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ---- ღ----–--ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის № 367 განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2018 წლის 15 ოქტომბრის № 432226 წერილში მითითებულ, № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 225 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, დ---- ღ----–--ეს (პირ. № 0----------) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1995 წელს, როგორც მებაღეობის ამხანაგობის წევრს, საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---------ში მდებარე 600 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც ემიჯნებოდა მიწის მცირე ფართი, რაც სხვა პირებზე არ განაწილებულა. ეს ფართი მან და მისმა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა 1995 წლიდანვე, რასაც დღემდე ფლობს;

 

მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით ამ მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელმაც განცხადება და მასალები გადააგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიაში, თუმცა კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა, 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწას და არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

 

მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწა იმთავითვე მისი ოჯახის მფლობელობაში მოექცა და დღემდე მასზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ სადავო მიწა, 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწას და არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, და, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, ეს მიწა, როგორც თვითნებურად დაკავებული, განხილული ვერ იქნება.

 

მესამე პირები დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 1995 წლის 22 დეკემბერს ნ-----–---- ღ----–--ეზე (დ---- ღ----–--ის მეუღლე) გაიცა მებაღის წიგნაკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---------ში მდებარე 600 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; მისი ოჯახის წევრებს შეადგენდნენ დ---- (ცოლი) და გ--- (შვილი) ღ----–--ეები;

 

მტკიცებულება: მებაღის წიგნაკი № 41 (ს. ფ. 19-21).

 

3.2.2. მებაღეობის ამხანაგობა ,,ვ-------ს" მიერ 1997 წლის 8 აპრილს ნ-----–---- ღ----–--ეზე გაიცა მითითებული მიწის ნაკვეთის (№ 41) მიღება-ჩაბარების აქტი;

 

სქემატური გეგმის მიხედვით, 600 მ2 მიწის № 41 ნაკვეთს დასავლეთიდან ესაზღვრება № 39 მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან - გზა;

 

მტკიცებულება: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი № 12647 (ს. ფ. 98-99).

 

3.2.3. საჯარო რეესტრში დაცული, სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემების მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა), ნ-----–---- ღ----–--ეზე განხორციელდა სისტემური აღწერა (საკადასტრო კოდი 6--0--0--3--) იმაზე გაცილებით დიდ ფართობზე, ვიდრე 600 მ2-ია. აღნიშნული ჩანაწერის სარეგისტრაციო წარმოების მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვა და მისი 1-ლი დანართი (ს. ფ. 88-89).

 

3.2.4. სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენა), ნ-----–---- ღ----–--ეზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთს დასავლეთიდან ესაზღვრება კერძო მესაკუთრე, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან - გზა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვის 1-ლი დანართი (ს. ფ. 88-89).

 

3.2.5. მიღება-ჩაბარების აქტისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული მიწა (598 მ2), საცხოვრებელ სახლთან ერთად, № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით აღირიცხა დ----, გ--- და მ------ ღ----–--ეების სახელზე 2010 წლის 8 ნოემბერს;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 22).

 

3.2.6. ეს რეგისტრაცია განხორციელდა იმდაგვარად, რომ დასავლეთით მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კერძო მესაკუთრესა (მ-----– ა---–------ი) და ღ----–--ეების საკუთრებას შორის დარჩა ღია, თავისუფალი ფართი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან მას კვლავ ესაზღვრება გზა;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 მარტის № 155 მიმართვა (ს. ფ. 40), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვის მე-4 დანართი (ს. ფ. 92).

 

3.2.7. ნ-----–---- ღ----–--ემ 2007 წლამდე უნებართვოდ დაიკავა დღეის მდგომარეობით № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--0--3--) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 225 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც გარდაცვალებამდე ფლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობას დღემდე აგრძელებენ დ----, მ------, ა--------- და ი----- ღ----–--ეები.

 

მტკიცებულება: ლ---- გ---------ის, ზ------- კ------–--ის, ც----- გ---------ის, მ-----– ა---–------ისა და დ----- შ------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული აქტები (ს. ფ. 42, 94).

 

3.2.8. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---------ში მდებარე, № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2016 წლის 8 აპრილიდან ირიცხება დ----, მ------, ა--------- და ი----- ღ----–--ეები სახელზე;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 32).

 

3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა დ---- ღ----–--ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები ამ პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 15 ოქტომბრის № 432226 მიმართვა (ს. ფ. 29).

 

3.2.10. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დ---- ღ----–--ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა, 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწას და არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის № 367 განკარგულება (ს. ფ. 95).

 

3.2.11. კომისია დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის სამსახურებრივ ბარათს.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის10 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი № 557146/17 (ს. ფ. 97).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის გასაჩივრებული აქტი და დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ---- ღ----–--ის (მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რამდენადაც კანონმდებლობით აღიარებულია პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ ფართებზე, ხოლო მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება, რომ სადავო მიწა წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის ობიექტს, არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ და იურიდიულ მდგომარეობას.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია და სადავო არაა, რომ ნ-----–---- ღ----–--ემ 2007 წლამდე უნებართვოდ დაიკავა დღეის მდგომარეობით № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--0--3--) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 225 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც გარდაცვალებამდე ფლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობას დღემდე აგრძელებენ დ----, მ------, ა--------- და ი----- ღ----–--ეები.

 

ამ ფაქტს ადასტურებს საჯარო რეესტრში დაცული, სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემები, რომლის მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა), ნ-----–---- ღ----–--ეზე განხორციელდა სისტემური აღწერა (საკადასტრო კოდი 6--0--0--3--) იმაზე გაცილებით დიდ ფართობზე, ვიდრე 600 მ2-ია.

 

ნ-----–---- ღ----–--ეს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნდა მხოლოდ 600 მ2 მიწის ფართზე და, ბუნებრივია, მის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ მოხდებოდა.

 

მოპასუხემ დ---- ღ----–--ეს თვითნებურად დაკავებულ 225 მ2 მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწას და არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კოლექტიური მებაღეობისათვის მიწის გამოყოფა იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ აღარ არსებობს სახელმწიფო საკუთრების მიწა; ასეთი შეიძლება იყო, მაგალითად, გზა, ქუჩა და ა. შ.; მათ შორის შესაძლებელია, არსებობდეს მებაღეებისათვის უშუალოდ მიუზომელი, ღიად დარჩენილი ფართებიც.

 

დ---- ღ----–--ემ 225 მ2 თვითნებურად დაკავებულ ფართის აღიარება მოითხოვა იმ ტერიტორიაზე, რაც საჯარო რეესტრში დაცული, სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენა) № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით განსაზღვრულ ფართშია მოქცეული (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვის მე-4 დანართი (ს. ფ. 92).

 

მიუხედავად ამისა, იგი ამ ფართის მართლზომიერ მფლობელად ვერ ჩაითვლება, რადგან, ჯერ ერთი, ეს მონაცემები (,,ყვითელი ფენა") არის დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემები, მეორე, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ 600 მ2 ფართზეა, მხარე კი ითხოვს დამატებით 225 მ2 ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

როგორც აღინიშნა, მებაღეობის ამხანაგობა ,,ვ-------ს" მიერ 1997 წლის 8 აპრილს ნ-----–---- ღ----–--ეზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტის სქემატური გეგმის მიხედვით, 600 მ2 მიწის № 41 ნაკვეთს დასავლეთიდან ესაზღვრება № 39 მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან - გზა;

 

დ---- ღ----–--ის მიერ მოთხოვნილი 225 მ2 მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისი საკუთრების დასავლეთ მხარეს, თუმცა არ წარმოადგენს № 39 მიწის ნაკვეთის (დღევანდელი № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული კერძო საკუთრება) ნაწილს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვის მე-2 - მე-4 დანართები (ს. ფ. 90-92).

 

გარდა ამისა, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მ-----– ა---–------ი თვითონ ადასტურებს, რომ ნ-----–---- ღ----–--ემ 2007 წლამდე უნებართვოდ დაიკავა დღეის მდგომარეობით № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--0--3--) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 225 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც გარდაცვალებამდე ფლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობას დღემდე აგრძელებენ დ----, მ------, ა--------- და ი----- ღ----–--ეები.

 

ნ-----–---- ღ----–--ეზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახული მდგომარეობა სრულად იქნებოდა შენარჩუნებული, თუ ღ----–--ეები მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 600 მ2 მიწის ნაკვეთს, საკადასტრო აზომვითი ნახაზით, დასავლეთ მხარეს დაარეგისტრირებდნენ; ასეთ შემთხვევაში, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (№ 39) იქნებოდა ღ----–--ეების კუთვნილი № 41 მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე დასავლეთიდან, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან მდებარე გზებამდე მოქცეული იქნებოდა თვითნებურად დაკავებული 225 მ2 ფართი.

 

მთლიანობაში, 600 მ2 ფართის დღეს არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი, თუ სხვა მდგომარეობით რეგისტრაციით მოსარჩელესთან მიმართებაში ვითარება არ იცვლება და, მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის თვალსაზრისით, მდგომარეობა იდენტურია: როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 600 მ2 მიწის ნაკვეთი, ასევე თვითნებურად დაკავებული 225 მ2 მიწის ფართი მთლიანად მოქცეულია საჯარო რეესტრში დაცული, სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენა) № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით განსაზღვრულ ფართში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის № 260267 მომართვის მე-4 დანართი (ს. ფ. 92).

 

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა სისტემური აღწერა (სავარაუდოდ 2003 წელი), ნ-----–---- ღ----–--ე უკვე დაუფლებული იყო როგორც მართლზომიერი მფლობელობაში არსებული 600 მ2-ს, ასევე თვითნებურად დაკავებული ჰქონდა 225 მ2 ფართი, რამაც განაპირობა ის, რომ მთელი მის მფლობელობაში არსებული ტერიტორია სისტემური აღწერით აღინუსხა მის საკუთრებაში (ეს აღწერა არ ითვლება რეგისტრირებულ მონაცემად).

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რაც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.

 

დ---- ღ----–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრულ ფართს.

 

ეს ნაკვეთი არ არის არც რომელიმე კერძო პირის საკუთრება და, მაშასადამე, სახელმწიფო საკუთრების მიწაა.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე (ანუ 2007 წლამდე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

დ---- ღ----–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სწორედ ამ პუნქტით განსაზღვრულ ფართს, და ექვემდებარება მის საკუთრებად აღიარებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ არასწორად დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიწა განეკუთვნებოდა არა სახელმწიფო, არამედ სხვა პირის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტს; შესაბამისად, ამ ფაქტს მოყვა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავო აქტი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონს, და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

 

დ---- ღ----–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიას პირდაპირ უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე, რამდენადაც მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ამ უფლების აღიარებაზე.

 

ამავე დროს, აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონების და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განსაზღვრული დებულებებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითრები, თუმცა მოსარჩელე არ შუამდგომლობს (არ ითხოვს) ხარჯის ანაზღაურების შესახებ; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დ---- ღ----–--ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის № 367 განკარგულება.

 

1.2. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2018 წლის 15 ოქტომბრის № 432226 წერილში მითითებულ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---------ში მდებარე № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 225 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დ---- ღ----–--ის (მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

2. საქმეზე გ------- ლ--–--–---–ის მიერ 2019 წლის 17 აპრილსა და 2019 წლის 7 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50-50 ლარი, სულ 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი