გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 060210119003038918
საქმე N2/370
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 აგვისტო 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - როინ კახიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
მოსარჩელე: ბესიკ ბარაბაძე;
წარმომადგენელი: დათო ბარაბაძე, მალხაზ რაშოიანი;
მოპასუხე: რეზო კეთილაძე;
წარმომადგენელი: ემზარ მარგებაძე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბესიკ ბარაბაძემ სარჩელი აღძრა რეზო კეთილაძეს მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა რეზო კეთილაძეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 8204,4 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის მარტის თვეში ბესიკ ბარაბაძეს და რეზო კეთილაძეს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 4000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხემ თანხა არ დაუბრუნა, მხარეები შეთანხმდენ, რომ რამოდენიმე თვის შემდგომ მოპასუხე თანხას გადაუხდიდა. მიუხედავად ამის მოპასუხეს დღემდე სრულად არ აქვს დაბრუნებული თანხა, თანხის ნაწილი 1000 აშშ დოლარი დაუბრუნა 2019 წელს 10 მაისს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სარჩელს არ სცნობს. მაგრამ ადასტურებს 2014 წლის მარტის თვეში ზეპირი ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელისაგან სესხად 4000 აშშ დოლარის მიღებას. განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხიდან 2000 აშშ დოლარი გადაიხადა სესხის აღებიდან ერთი თვის შემდეგ, 1000 აშშ დოლარი გადაიხადა 2019 წლის 10 მაისს, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს 1000 აშშ დოლარს გადაიხდის მოთხოვნისთანავე. გარდა აღნიშნულისა მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია (2000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის მარტის თვეში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ სესხის სახით მოპასუხეს გადასცა 4000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხემ, 2019 წლის 10 მაისს მოსარჩელეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებას.
3.1.6. რეზო კეთილაძე აღიარებს ვალს 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა, ფაქტობრივი გარემოებაა სესხად გაცემული თანხის ნაწილის 2000 აშშ დოლარის დაბრუნება. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა.
3.2.3. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს არ დაუბრუნებია სესხად აღებული თანხის ნაწილი 2000 აშშ დოლარი. მოპასუხე განმარტავს, რომ დაუბრუნა 2000 აშშ დოლარი, თანხის გადაცემას ესწრებოდა მოსარჩელის მეუღლე. ასევე მიუთითებს რომ ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმილობის ნაწილში მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ აღიარა 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
მოპასუხე ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღიარა 1000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა უნდა შეეხოს მხოლოდ აღიარებულ ვალს 1000 აშშ დოლარს და არა მთლიან მოთხოვნას - 3000 აშშ დოლარს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს ასესხა სადაოდ გამხდარი თანხა. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით, თანხის გადაცემის მტკიცებულებით და სხვა.
3.2.5.მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს სესხის სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნება, ასევე არის თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მიუთითა, გასესხებული თანხის ნაწილი 1000 აშშ დოლარი მოპასუხისაგან მიიღო 2019 წლის 10 მაისს, ასევე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 1000 აშშ დოლის გადახდაზე, შესაბამისად მისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე არ არის ხანდაზმული.
3.2.8. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ მიუთითა, რომ საერთო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ 2019 წელს აღიარა ვალი 1000 აშშ დოლარი და თანახმაა დაუბრუნოს აღნიშნული თანხა მოსარჩელეს, მაგრამ ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის აღდგენის საფუძველი ვერ გახდება დარჩენილ 2000 აშშ დოლარის მოთხოვნაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე მოსარჩელელის 2000 აშშ დოლარის მოთხოვნა ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული სესხი არ დაუბრუნა, თანხის ნაწილი დააბრუნა 2019 წლის 10 მაის, ასევე იკისრა ვალდებულება 1000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში, მოპასუხე არ უარყოფს სესხის მიღებას, 1000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტს, ასევე აღიარებს 1000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალლდებულებას, მაგრამ 2000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში თვლის, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
6.2. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს, მოსარჩელის მოთხოვნა 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არის თუ არა ხანდაზმული.
6.3. მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძვლეზე 2014 წლის მარტის თვეში დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რეზო კეთილაძემ მოსარჩელისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით. 2014 წლის აპრილის თვის ბოლომდე რეზო კეთილაძეს უნდა დაებრუნებინა ვალი. მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე არ მოუთხოვია ვალის დაბრუნება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. სსკ-ის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის აპრილის ბოლოს, შესაბამისად მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, მიუხედავად ამისა სამი წლის ვადაში 2017 წლის მაისის თვემდე, არ მიმართა სასამართლოს თავისი შესაძლო უფლების დასაცავად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალის აღიარება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და შესაბამისად, არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის ათვლას თავიდან სსკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც მითითებული ნორმა ითვალისწინებს ვალის აღიარებას, რომელიც განხორციელდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ მოცემულ შემთხვევაში.
6.6. სსკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში, რომელიც ადგენს, რომ მოვალეს არ შეუძლია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნება ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით. ანალოგიურად მოვალეს, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარებს მოთხოვნას (ვალს), არ შეუძლია, უარი თქვას მის შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით. სასამართლოს აზრით, მოყვანილი ნორმების ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ასეთი აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადას, გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას, შესაბამისად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება აღიარებიდან სამი წლის განმავლობაში (129.1 მუხლი).
6.7. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარება გამოიწვევს არა მთელ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლის შესრულების განზრახვაც არის გამოხატული აღიარებით.
6.8. შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ადასტურებს და გამოთქვამს მზაობას, რომ შეასრულებს 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1000 აშშ დოლარის გადახდ.
6.9. მოსაჩელის მოთხოვნა 2000 აშშ დოლარის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა..
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 249 ლარი, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკისრებული თანხის 3%-ი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. რეზო კეთილაძეს ბესიკ ბარაბაძეს სასარგებლოდ დაეკისროს 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით.
3. რეზო კეთილაძეს ბესიკ ბარაბაძეის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. N1).
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
როინ კახიძე