გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2019
საქმის ნომერი
130210119003041187
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210119003041187

2-495

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

2 აგვისტო, 2019 წელი, ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე მ--–-----–---------ძე

წარმომადგენლები კონსტანტინე შარვაშიძე და ნინო თედეშვილი

მოპასუხე გ-------------ძე

წარმომადგენელი მაკა მესხი

დავის საგანი თანხის დაბრუნება, ნასყიდობის საგნის ნაკლის გამოსწორებაზე

გაწეული ხარჯის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ-------------ძემ მოსარჩელეს დაუბრუნოს მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 10 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი;

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 6 მარტს მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. ისინი შეთანხმდნენ, რომ ფასის სრულად გადახდამდე გ-------------ძე დარჩებოდა მანქანის მესაკუთრედ და ეს უფლება მ--–-----–---------ძეს გადაეცემოდა ფასის სრულად გადახდისას. ავტომანქანას, ფაქტობრივად, ფლობდა მ--–-----–---------ძე 2016 წლის 21 ივლისიდან - მას შემდეგ, როდესაც, 2016 წლის 20 ივლისს, გადაუხადა შეთანხმებული ფასის 17 500 აშშ დოლარის ნაწილი 7 000 დოლარი. 2017 წლის მარტამდე, მოსარჩელემ მოპასუხეს, გადაუხადა კიდევ 3 000 აშშ დოლარი და შეთანხმებისამებრ, კიდევ 17 400 ლარი უნდა გადაეხადა 2017 წლის 6 ივლისამდე, ყოველთვიურად 1 000 ლარიც, რაც ვალდებულების შესრულებაში ჩაითვლებოდა.

მოსარჩელემ მესაკუთრეს ვეღარ გადაუხადა ნასყიდობის ფასის ნაწილი 17 400 ლარი. და ამ საფუძვლით, გ-------------ძემ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ--–-----–---------ძისაგან დაიბრუნა ნასყიდობის საგანი.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, რომლითაც გამყიდველი იტოვებდა უფლებას, მყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რაც გ-------------ძემ განახორციელა კიდევაც. ასეთ შემთხვევაში კი, ორივე მხარემ უნდა დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია დაუბრუნოს მას გადახდილი 10 000 აშშ დოლარი.

1.2. გ-------------ძემ მოსარჩელეს აუნაზღაუროს გაყიდული ნივთის ნაკლის გამოსწორებაზე გაწეული ხარჯი 1 244 ლარი და 50 თეთრი.

მოსარჩელე აღნიშნავს, მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ გაყიდული ავტომანქანა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო იყო, მაგრამ, შემდეგში, აღმოჩნდა, რომ მას ქონდა დაზიანებები, რაც მყიდველმა გამოასწორა და გადაიხადა აღნიშნული თანხა. დაიბრუნა რა ნასყიდობის საგანი, გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მყიდველს ნაკლის გამოსწორებაზე გაწეული ხარჯი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. აღნიშნა, რომ კანონის დაცვით დადებული ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს მყიდველის მიერ თანხის დათქმულ ვადაში, სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველი დაიბრუნებდა ავტომანქანას და მასვე დარჩებოდა გადახდილი თანხაც. ავტომანქანა მყიდველს წაყვანილი ყავდა და თუ რაიმე დაზიანდა, მისი შეკეთების ხარჯებიც მას ეკისრებოდა. გარდა ამისა, არ არის დადასტურებული მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის შეკეთებისათვის ხარჯის გაწევა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით (ს.ფ.19-20), კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (ს.ფ. 41-45), სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით (ს.ფ.46-47), დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, გ-------------ძემ, გადახდის განვადებით, ავტომანქანა D---------------- მიჰყიდა მ--–-----–---------ძეს. ნივთის ფასი იყო 17 500 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფასის ნაწილ-ნაწილ გადახდა;

3.1.2. შეთანხმებული ფასის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი მ--–-----–---------ძემ გ-------------ძეს გადაუხადა. დარჩენილი ნაწილი 17 400 ლარი შეთანხმებულ ვადაში - 2017 წლის 6 ივლისამდე არ გადაუხადა, რის გამოც გამყიდველმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე და ავტომანქანა დაიბრუნა;

3.1.3. გამყიდველს მყიდველისთვის თანხა არ დაუბრუნებია;

3.1.4. მყიდველს, ნასყიდობის საგანი გადაეცა 2017 წლის 6 მარტს, ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებამდე, - 2016 წლის 21 ივლისს და ექსპლუატაციას თვითონ უწევდა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გაყიდული ავტომანქანა ნივთობრივად ნაკლიანი იყო მყიდველმა მ--–-----–---------ძემ მისი გამოსწორებისათვის გაიღო ხარჯი 1 244 ლარი და 50 თეთრი;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - გ-------------ძემ მ--–-----–---------ძეს დაუბრუნოს ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული 10 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი;

არ დადასტურდა მყიდველის მიერ ავტომანქანის ნაკლის გამოსწორებაზე ხარჯის გაწევა. შესაბამისად, მოპასუხისათვის 1 244.50 ლარის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, 131-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არ გამხადარა,- მოპასუხე ადასტურებს, რომ მხარეებს შორის დაიდო მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, - ფასს მყიდველი ნაწილ-ნაწილ იხდიდა და სრულად უნდა გადაეხადა 2017 წლის 6 ივლისამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ მყიდველის მიერ, შეთანხმებულ ვადამდე - 2017 წლის 6 ივლისამდე ფასის ნაწილის, 17 400 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდილი ნაწილიც და ნასყიდობის საგანიც რჩებოდა გამყიდველის საკუთრებაში. მხარეთა ასეთი შეთანხმება კი ბათილია და ვინაიდან გამყიდველმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე, - დაიბრუნა ნასყიდობის საგანი, ვალდებულია დააბრუნოს მიღებული ფასიც - 10 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ავტომანქანა, როდესაც მოპასუხემ გადასცა, ნივთობრივად ნაკლიანი იყო და მის გამოსასწორებლად გასწია ხარჯი 1 244.50 ლარი. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ფურცელზე ხელით ნაწერები, ასევე - ინვოისები და ,,მყიდველის შეკვეთა", თუმცა, არცერთ მათგანში არ არის აღნიშნული, რომ თანხა სწორედ ნაყიდი ავტომანქანის რემონტისთვის გადაიხადა, თან, ინვოისები და ,,მყიდველის შეკვეთა" შედგენილია 2016 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, როდესაც მანქანის ექსპლუატაციას თვითონ მოსარჩელე ეწეოდა და ამის შემდეგ - 2017 წლის 6 მარტს, წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში ადასტურებდა, რომ ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა და მოიწონა მისი ხარისხი (ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი გვერდი. ს.ფ.19).

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ნაკლის გამოსასწორებლად გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მან ვერ დაადასტურა, რომ სარჩელში მითითებული ხარჯი ნაყიდი ავტომანქანის ნაკლის გამოსასწორებლად გასწია;

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ.48). მოპასუხის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი წარმოდგენილი არ არის. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 879 (რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხე გ-------------ძეს (პ/ნ 5----------) აეკრძალა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს მის (გ-------------ძის) სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (ავტომანქანა "D----------------", სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანი - A--------------–------–--–---------–--–------------–-----–--------------------–-------–----- O--------- საიდენტიფიკაციო №/შასი X----------------, რეგისტრაციის თარიღი 07.04.2018).

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 10 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გ-------------ძეს დაეკისროს მ--–-----–---------ძისათვის მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 10 000 (ათი ათასი) ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის დაბრუნება;

2. გ-------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 879 (რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარი, რაც შეტანილი უნდა იქნეს სახაზინო კოდზე 300463150.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15);

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი