გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/221-18 (18031001800259124)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ნი-----------ი
წარმომადგენელი - ბე-–------------ა
მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: თა-----------–-–---–ი, სო---------------ძე
დავის საგანი - მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1983 წლის 0------------ს ორდერის (ასლი N-) საფუძველზე მცხეთის რაიონის სოფელი ძ---–ი, ქუ------, კორპუსი N2-ში არსებული N-- ბინის ნი-----------ისათვის სარგებლობაში გადაცემის ფაქტის აღიარება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 25.07.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–ი, ქუ------, კორპუსი N2, ბინა N---ში, 1983 წლიდან უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის - ორდერის დედანი.
3.დავის ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის
3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1983 წლის 2-----------ს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე მცხეთის რაიონის სოფელ ძ----ს ს/ს აღმასკომის თავმჯდომარის ვ---------ს მიერ 1983 წლის 0------------ს გაცემული იქნა ორდერის ასლი N-, რის საფუძველზეც მოსარჩელე ნი---------–---------–---------ი, როგორც ქარხნის მუშა-მოსამსახურე, საცხოვრებლად შესახლებულ იქნა სოფელ ძ---–ი, ქუ------, კორპუსი N2-ში არსებულ ერთოთახიან N-- ბინაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ქონებით მოსარჩელემ ისარგებლა წლების განმავლობაში ისე, რომ მის მიმართ პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მოსარჩელის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ასლი (ს.ფ. 22);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 25.07.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. აგრეთვე, დადგენილია, რომ დუშეთის არქივში მცხეთის რაიონის ძ----ს სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის ძ----ს სასოფლო საბჭოს აღმასკომის ოქმები და ბინის ორდერები დუშეთის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა. შესაბამისად, მოსარჩელის სახელზე გაცემული ბინის ორდერის დედნის მოძიება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 23);
-დუშეთის არქივის წერილი (ს.ფ. 53);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 25.07.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. 2018 წლის 20 მარტს მოსარჩელე ნი-----------ის მინდობილმა პირმა ბე-–------------ამ განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ძ---–ი, ქუ------, კორპუსი N2-ში არსებულ N-- ერთოთახიანი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით, რაც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 3-------- Nს----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კომისიის 2018 წლის 28 მ-------- სხდომის ოქმი, რომლითაც ნი-----------ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ კომისიაში ვერ იქნა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული დედნის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ბრძანება (ს.ფ. 19)
-წერილი N64---- (ს.ფ. 20)
-კომისიის ოქმი N- (ს.ფ. 16)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 25.07.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია; კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება; მიწის კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ უფლების დაცვა ადმინისტრაციულ პროცესში შესაძლებელია ისეთი სახით, როგორიცაა აღიარებითი სარჩელი, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი, რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნი-----------ის მიერ დაყენებული მოთხოვნა აღიარებითია და მის მიზანს (იურიდიული ინტერესს) წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად და ამ მიზნით მტკიცებულებათა შეგროვება.
ზემოთმითითებული დადგენილებით, დამტკიცებულია „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, რომლის პირველი მუხლის მიხედვით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
იმავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მინდობილმა პირმა ბე-–------------ამ განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ძ---–ი მდებარე კორპუსის N-- ბინის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 3-------- Nს----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 28 მ-------- სხდომის ოქმი, რომლითაც ნი-----------ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული დედნის ასლი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ხელმძღვანელობენ საპროცესო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპით, როგორიცაა შეჯიბრებითობა (თანასწორობა). კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით... (შეჯიბრებითობა)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მსგავსი შინაარსის ნორმაა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოს სხდომაზე მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომ ნი-----------ი 1983 წლიდან არის სოფელ ძ---–ი მდებარე კორპუსის N-- ბინის კანონიერი მოსარგებლე, რის შესახებაც გააჩნია 1983 წლის ორდერი, თუმცა ასლის სახით. ასეთ ვითარებაში, სასამართლო თვლის, რომ ფორმალურად და შინაარსობრივად შეფასება უნდა მიეცეს საქმეში წარმოდგენილი ორდერის ასლს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, რომლითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქმეზე წარმოდგენილი ორდერის N- ასლის განხილვის კუთხით, უპირველეს ყოვლისა სასამართლო მოიმობს სადავო ორდერის გაცემის პერიოდში მოქმედ ნორმატიულ აქტს - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსს, რომლის 57-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ა) საცხოვრებელი ფართობია შენობის ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად, ხოლო კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამრიგად, საქართველოს კიანონმდებლობა საცხოვრებელ ფართზე დაინტერესებული პირისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მისანიჭებლად ითხოვს სათანადო დოკუმენტებს, რომელთა შორის შესაძლოა იყოს ბინის ორდერი.
საქმეზე წარმოდგენილი ორდერის ასლის შინაარსობრივი განხილვით დადგენილია, რომ 1983 წლის 2-----------ს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე მცხეთის რაიონის სოფელ ძ----ს ს/ს აღმასკომის თავმჯდომარის ვ---------ს მიერ 1983 წლის 0------------ს ნი---------–---------–---------ის სახელზე გაცემული იქნა ორდერის ასლი N-. ორდერის დედანი როგორც წესი უნდა მოიპოვებოდეს უძრავი ნივთის მოსარგებლესთან ან არქივში. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ორდერის დედანი არ გააჩნია, ასევე იგი ვერ მოიძებნა დუშეთის არქივში. ეს ფაქტი კი იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია ძ----ს აღმასკომის თავმჯდომარის ვ---------ს ხელმოწერილი და ბეჭდის დამოწმებული ორდერის ასლი N-, ხოლო მის ნამდვილობას ადასტურებს და მას იურიდიულ ძალას სძენს საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის ორდერში მითითებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის სასარგებლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები კო----------–--–---–ი და ოლ------------–---–ი, რითაც დადგინდა შემდეგი:
მოწმე კო----------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ძ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში. მოწმე დაბადებიდან ცხოვრობს სოფელ ძ---–ი და ნი---------–---------–---------ი არის მისი მეზობელი, რომელიც ამჟამად იმყოფება უცხოეთში, თუმცა მანამდე ცხოვრობდა სოფელ ძ---–ი მდებარე კორპუსის ერთოთახიანი ბინაში, რომელიც მან 1983 წლიდან მიიღო ქარხანა ,,ჩ----–ი’’ მუშაობის პერიოდში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მისთვის ცნობილია გამომდინარე იქედან, რომ იგი ნი-----------თან ერთად მუშაობდა მითითებულ ქარხანაში.
მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარმოდგენილი ორდერის N- ასლზე ხელმომწერი პირი - ვა------------ძე სინამდვილეში მართლაც იყო ძ----ს ს/ს აღმასკომის თავმჯდომარე.
აგრეთვე, მოწმე კო----------–--–---–ის განმარტებით, 1982-1983 წლებში დაიწყო ქარხანის მუშებისათვის ბინების გადაცემის პროცესი, ორდერის გარეშე კი ნი-----------ი ვერ განახორციელებდა ქონებით ფლობას და მის სარგებლობას. მოწმის განმარტებით, ერთოთახიანი ბინის მიმართ, სადაც ცხოვრობდა ნი-----------ი, პრეტენზია არასდროს არავის განუცხადებია.
მაშასადამე, კო----------–--–---–ის ჩვენება შესაბამისობაშია საქმეზე წარმოდგენილი ორდერის შინაარსთან. სასამართლო თვლის, რომ კო----------–--–---–ის, როგორც საჯარო მოსამსახურის ჩვენება შეიცავს სანდოობის ნიშანს, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის.
რაც შეეხება მე-2 მოწმეს ოლ------------–---–ს, მან განმარტა, რომ 1981 წლიდან ცხოვრობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–ი. მოსარჩელე ნი---------–---------–---------ი არის მისი მეუღლის თანაკლასელი და მასთან ერთად ცხოვრობს ერთ კორპუსში.
მოწმემ აღნიშნა, რომ თავისმა მეუღლემ და ნი-----------მა მიიღეს ბინები ქარხანა ,,ჩ----–ი’’ მუშაობის პერიოდში ორდერის საფუძველზე. მოწმის განმარტებით, მისი ოჯახი და ნი-----------ი ერთდრულად შევიდნენ საცხოვრებლად გადმოცემულ ბინებში 1982-1983 წელს. ნი-----------მა ერთოთახიანი ბინა მიიღო ორდერით მეოთხე სართულზე.
ოლ------------–---–მა კო----------–--–---–ის მსგავსად დაადასტურა, რომ ერთოთახიანი ბინა ნი-----------ის მიმართ სადავო არასოდეს გამხდარა და რომ საქმეში წარმოდგენილი ორდერის N- ასლზე ხელმომწერი პირი ვა------------ძე ნამდვილად იყო ძ----ს ს/ს აღმასკომის თავმჯდომარე.
6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
მსგავს დებულებას ვხდები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველ მუხლში, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი სახელმწიფოს (ადმინისტრაციულ ორგანოებს) აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებას. სახელმწიფო (ადმინისტრაციული ორგანო) ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა (პოზიტიური ვალდებულება).
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი გარანტიების უზრუნველყოფა, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესში, რაც გულისხმობს კანონიერი საფუძვლების არსებობისას, სახელდობრ, საცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენის შემთხვევაში, მითითებული ფართობის დაინტერესებული პირისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭებას.
წინამდებარე გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში აღნიშნული მოტივაციიდან გამომდინარე, საქმეში არსებული 1983 წლის ორდერის (ასლი N-) ასლში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, იგი მოსარჩელისათვის სადავო ბინაზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა, რის გამოც სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ნი-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.აღიარებულ იქნეს ფაქტი მასზედ, რომ ნი-----------ს 1983 წლის 0------------ს (ასლი N-) ორდერის საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელი ძ---–ი, ქუ------, კორპუსი N2-ში არსებული ბინა N--;
3.მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გ. რობაქიძის გამზირი N7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N17).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა