გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/2864-19
30 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - შ-----------
წარმომადგენელი - დ----------–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენლები - მ---------–---–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, შ-----------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
1.2 დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-----------ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და
არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის თაობაზე ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოცემულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად. მოპასუხე მხარის წარმომადგეელთა განმარტებით, არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ირ--------–-----------------–--ის მოქალაქე შ----------- (დაბადების თარიღი - 1--0--1--- წელი) საქართველოში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, 2017 წლის 24 ნოემბრიდან ფლობს შპს „ს-–-“-ს 100%-იან წილს და წარმოადგენს ამავე შპს-ს დირექტორს. დირექტორის პოზიციაზე იმყოფება 2023 წლის 01 ივნისამდე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 7-- ლარს.
შ-----------ს, როგორც შპს „ს-–-“-ს დირექტორს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს საქართველოს მოქალაქე ქე------ სიხარულიძე, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული ჰყავს საქართველოს მოქალაქე ეკ----------------–-–---–ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 21)
- შპს „ს-–-“-ს 03.04.2019 წლის ხელფასის ცნობა (ს.ფ. 26)
- 0--06.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 43-45)
- 0--03.2019 წლის შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.46-48)
- 0--11.2018 წლის მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 49-50)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25).
3.1.2. დადგენილია, რომ შ----------- არის ანგარიშის მფლობელი სს „თიბისი ბანკში“ და 08.04.2019 წლის მდგომარეობით მის ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენდა 1---.8- ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სს „თიბისი ბანკის“ 08.04.2019 წლის N1--------- ცნობა (ს.ფ. 40)
3.1.3. დადგენილია ასევე, რომ შ-----------ის სახელზე გაიცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 22 მაისიდან 2019 წლის 13 მაისამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი (ს.ფ.23)
3.1.4. 2019 წლის 02 აპრილს შ-----------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 28-31).
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 05 აპრილის N2---------- წერილის თანახმად, შპს „ს-–-“-ს უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა - დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა, მიღებული ანგარიშ - ფაქტურები და ზედნადებები. არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის სტატუსი, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 20.0--2019 წლიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 05 აპრილის N2---------- წერილი (ს.ფ. 131)
3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 03 აპრილს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა შ-----------ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის S---------------- წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია შ-----------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის №1---------/1 წერილი (ს.ფ.96)
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 11 აპრილის S---------------- წერილი (ს.ფ. 97).
3.1.7. სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით შ-----------ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.41).
3.1.8. დადგენილია, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელე წარსულში ნასამართლევი არ არის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის 03.04.2019 ცნობა (ს.ფ. 105).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც შ-----------ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავისგანხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი
ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა კი მოცემულია ამავე დადგენილების მე-5 მუხლში, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ ორგანოში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები რეგლამენტირებულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად
ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას
საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ. ამასთან მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, ხოლო მისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა გასაჩივრებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
6.3. სასამართლო ასევე მოიხმობს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის S---------------- წერილი წარმოადგენს ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, ვინაიდან მითითებულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სრულად აღნიშნულ დოკუმენტში ვერ აისახებოდა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც
ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი
გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქმეში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის უფლების მინიჭებისსაკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისთვის საქართველოში
შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. საიდუმლოების შემცველობის გამო, ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს.
სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული დასკვნის გათვალისწინება და მისი არსებობის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო უარყოფითი გადაწყვეტილება სადავო საკითხთან მიმართებაში, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ მოსარჩელე საქართველოში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ფლობს შპს „ს-–-“-ის 100%-იან წილს და წარმოადგენ ამავე შპს-ს დირექტორს, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 7-- ლარს. შპს „ს-–-“-ს უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 20.0--2019 წლიდან. მოსარჩელის სახელზე ერთხელ იყო გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა; ამასთან დადგენილია. რომ მოსარჩელეს ანგარიში აქვს სს „თიბისი ბანკში“ და მის ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენდა 1---.8- ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა - რამდენად არსებობდა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ-----------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე შ-----------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური